AS იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკო" უკვე შეუთანხმდა კონტრაქტის პირობებზე "ეინდჰოვენის" ნახევარმცველ იბრაჰიმ აფელაის. როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, 24 წლის აფელაი ესპანურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა დიდი ხანია, რაც აფელაით დაინტერესდა, ჰოლანდიელს კონტრაქტი უსრულდება, მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ "ეინდჰოვენში" დარჩენას არ აპირებს. პსვ-ს ხელმძღვანელები მას სეზონის დასრულების შემდეგ უსასყიდლოდ კარგავენ. ამიტომ AS-ის მიხედვით, ასეთი გარიგება შედგა - იანვარში "ატლეტიკო" 1 მილიონ ევროდ ყიდულობს აფელაის, მაგრამ ის სეზონს ერედივიზიონში ჩაამთავრებს და მერე გადავა "ატლეტიკოში".
აფელაი 2003 წლიდან თამაშობს
პალოპი მესის დაემალა
"სევილიას" ვეტერანი გოლკიპერი ანდრეს პალოპი ლიონელ მესის ცნობილი სამიზნეა, ესპანურ პრიმერაში არგენტინელს ყველაზე მეტი გოლი სწორედ პალოპის კარში აქვს გატანილი. შემდეგ ტურში კი "სევილია" "კამპ ნოუს" სტუმრობს, მაგრამ პალოპის გარეშე. არ გეგონოთ, რომ პალოპს მესის ეშინია, უბრალოდ მეკარემ ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა და უქმეებამდე გამოჯანმრთელებას ვეღარ მოახერხებს.
გრეგორიო მანსანო იძულებულია ჩემპიონის წინააღმდეგ ხავი ვარასი დააყენოს კარში, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული სულ 8 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ასტიასარანი მადლიერია: თქვენ გარსია გადაარჩინეთ
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა ხოსე ლუის ასტიასარანმა წერილობით გადაუხადა მადლობა "სალამანკას" ექიმ ხოსე იგნასიო გარიდოს და მის კოლეგას "ბეტისიდან" ტომას კალეროს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის. "თქვენი მაღალი პროფესიული დონის წყალობით, საფეხბურთო სარბიელზე ტრაგედია ავიცილეთ თავიდან". შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზიონის მატჩში "სალამანკასა" და "ბეტისს" შორის მასპინძელთა 31 წლის ნახევარმცველ მიგელ გარსიას გული ოთხი წუთით გაუჩერდა, თუმცა ორივე კლუბის ექიმთა დახმარების წყალობით სიკვდილს გადაურჩა.
მიგელ გარსია თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ხეტაფე დაიცალა
უახლოესი სამი კვირის განმავლობაში "ხეტაფეს" ფონს ორი მოწინავე ფეხბურთელის გარეშე მოუწევს გასვლა: ტრავმები მიიღებს ხაიმე გავილანმა და დანიელ პარეხომ. ორივეს თითქმის იდენტური პრობლემა აქვს მარჯვენა ფეხის კუნთზე. ახლა მიჩელს ლაზარეთში 6 ფეხბურთელი ჰყავს, გავილანი და პარეხო ადრე დაშავებულებს (მარიო ალვარესი, მიგელ ტორესი, მანე, ხავიერ კასკერო) შეუერთდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"