ლა ლიგა ციფრებში: ვისაც მესი ჰყავს, ის იგებს კიდეც

AutoSharing Option
ესპანური პრიმერას დასრულებამდე 10 ტური დარჩა და ახლა სანაკრებო პაუზაა. კარგი დროა, მიმდინარე სტატისტიკის საინტერესო დეტალები შევკრიბოთ.

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები
* სეზონის დაწყებიდან 224-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა გოლით თავი.
* 10 და მეტი გოლი სეზონში 13 ფეხბურთელს აქვს გატანილი.
* 5 და მეტი გოლი სეზონში 52 ფეხბურთელს აქვს გატანილი.
* ყველაზე მეტი პენალტი რადამელ ფალკაომ (ატლეტიკო) გაიტანა - 8.
* ლიონელ მესის ყოველ 57,1 წუთში გოლი გააქვს. ეს მთელ ლიგაში საუკეთესო შედეგია, თუ არ ჩავთვლით ხუანმის (მალაგა) და რაულ ტამუდოს (რაიო
ვალეკანო). მაგრამ ეს ორი შემთხვევა სათვალავში მისაღები არაა, რადგან ხუანმიმ სეზონში მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, ტამუდომ - 24.
* კლუბების ბომბარდირთა შორის ყველაზე ცოტა გოლი "გრანადას" გილერმე სიკეირას აქვს გატანილი - 5. სხვათა შორის, ბრაზილიელი მცველია და ხუთივე გოლი პენალტის ნიშნულიდან აქვს გატანილი. მოკლედ, "გრანადაში" ხეირიანი ფორვარდების მწვავე კრიზისია.
* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" გოლების 48% გაიტანა.
* კრიშტიანო რონალდო ყველაზე ხშირად ურტყამს კარისკენ - თამაშში 7,2-ჯერ.

საგოლე პასები
* 13 საგოლე პასით ანდრეს ინიესტა ლიდერობს.
* პირველ ოთხეულში სამი ბარსელონელია: ინიესტა, ლიონელ მესი (10 პასი) და სესკ ფაბრეგასი (9) და ერთი რეალელი - მესუთ იოზილი (10).
* სულ 219-მა ფეხბურთელმა შეძლო ლა ლიგის სეზონში თუნდაც ერთი საგოლე პასის გაკეთება.
* გოლი+პასი სისტემით ლიონელ მესი 52 ქულით ლიდერობს და მთელი 20 ქულით უსწრებს კრიშტიანო რონალდოს. თავის მხრივ, რონალდო 10 ქულით უსწრებს მესამე ადგილზე მყოფ რადამელ ფალკაოს.

მინდორი და დრო
* ლა ლიგაში სამი ფეხბურთელია, რომელთაც 28 ტურის ყოველი წუთი ითამაშეს (2 520 წუთი).
* პირველია "ვალიადოლიდის" 29 წლის მარჯვენა მცველი ანტონიო რუკავინა. ანტონიოს ეს დიდებული სერია დაირღვევა, თუკი ყვითელ ბარათს მიიღებს. მას უკვე 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და მე-5 დისკვალიფიკაციას ნიშნავს.
* მეორე და მესამე მეკარეები არიან: ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა, 26 წლის) და ვილფრედო (ვილი) კაბალიერო (მალაგა, 31). დაგვეთანხმებით, ასეთი სერიის მიღწევა მეკარეებისთვის გაცილებით იოლია, ვიდრე მინდვრის მოთამაშეებისთვის. ამიტომ გამოვყავით რუკავინას მიღწევა.
* ლა ლიგის სეზონში ყველაზე ცოტა დრო მოედანზე "ბეტისის" 23 წლის მცველმა ფაუსტო ნუნიესმა დაჰყო - 4 წუთი. ისააკ გომესის (რაიო ვალეკანო, 17 წლის) ანგარიშზე 5 წუთია, ჯონათან დოს სანტოსის (ბარსელონა, 22 წლის) - 6 წუთი. გომესს დებიუტი "ბარსელონასთან" ახლახან გამართულ მატჩში (1:3) "კამპ ნოუზე" ჰქონდა. ის რაიოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. თამაშის შემდეგ დებიუტი მადრიდელს პირველმა დავიდ ვილიამ მიულოცა და მაისურა გაუცვალა.
* სულ ლა ლიგის დაწყებიდან დღემდე ჩემპიონატში 518-მა ფეხბურთელმა ითამაშა ანტონიო რუკავინადან (2 520 წუთი) ფაუსტომდე (4 წუთი).
* ლა ლიგის ყველა ტურში სულ 13-მა ფეხბურთელმა ითამაშა. მათ შორისაა ლიონელ მესი.
* ამ სიაში (28-მატჩიანებში) ერთი ფეხბურთელიც არ არის "რეალიდან".

მეკარეები
* ლა ლიგის ამ სეზონში სულ 44-მა მეკარემ ითამაშა.
* მხოლოდ "მალაგამ" და "ოსასუნამ" ათამაშა თითო მეკარე.
* "სევილიამ" მოახერხა და 4 მეკარე ათამაშა: ანდრეს პალოპი (14), დიეგო ლოპესი (8), ბეტო (6), ხულიანი (1).
* დიეგო ლოპესი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ორი გუნდის ღირსება დაიცვა: "სევილიის" და "რეალის".
* ერთხელ მეკარეობა მოუწია "დეპორტივოს" ნახევარმცველ ალექს ბერგანტინიოსს.
* ლა ლიგაში მონაწილე მეკარეთაგან ერთადერთი, ვინც გოლი არ გაუშვა, "სევილიას" 21 წლის კარის დარაჯი ხულიან დიასია. ოღონდ მან 1 მატჩი ითამაშა.
* იმათგან, ვინც ხშირად თამაშობს, ყველაზე ცოტა გოლს ტიბო კურტუა (ატლეტიკო) უშვებს. ბელგიელი თამაშში 0,81 გოლს უშვებს. შემდეგ მოდის იკერ კასილიასი (რეალი) - 0,89 და ვილი კაბალიერო (მალაგა) - 0,96.
* ეს მაჩვენებელი კატასტროფული აქვს "დეპორტივოს" მეკარე დანიელ არანსუბიას - 2,2 გოლი მატჩში.
* ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს ხორდი კოდინას (ხეტაფე) - 3,5 გოლი მატჩში, თუმცა მან მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა.

ავტოგოლები
* ლა ლიგის ამ სეზონში 18-მა ფეხბურთელმა 19 ავტოგოლი გაიტანა.
* ამ მხრივ გამორჩეულია "რაიო ვალეკანოს" 21 წლის მცველი ხორდი ამატი - მან ორი ავტოგოლი გაიტანა. სხვათა შორის, ერთი "ვალიადოლიდთან" მატჩში - 71-ე წუთზე. განაწყენებულმა ამატმა მოედნის ცენტრიდან ისე დაჰკრა ბურთს ფეხი, რომ "ვალიადოლიდის" კარში საპასუხო გოლი ავტოგოლიდან ერთ წუთში გაიტანა.
* რა თქმა უნდა, მეავტოგოლეებში მცველები ჭარბობენ, მაგრამ არიან თავდამსხმელებიც. მაგალითად, მანუშო (ვალიადოლიდი) და... კრიშტიანო რონალდო.

ტერმინატორები
* 14-14 ყვითელი ბარათით ლიდერობენ: კრისტიან სეპუნარუ (სარაგოსა), აბელ დამია (ოსასუნა), ვიქტორ სანჩესი (ესპანიოლი) და ბენიატ ეჩებარია (ბეტისი).
* სულ ბარათი (ყვითელი ან წითელი) ლა ლიგის 420-მა ფეხბურთელმა მიიღო 518 მონაწილიდან.
* ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო 64 ფეხბურთელი გააძევეს. აქედან 6-ს ეს ორჯერ დაემართა.
* პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო 38-მა ფეხბურთელმა, ორმა კი 2-2 ჯერ.
* ტერმინატორის "საპატიო" სტატუსს არავის უთმობს "სარაგოსას" რუმინელი მცველი კრისტიან სეპუნარუ, რომელიც 14 გაფრთხილების გარდა, ერთხელ გააძევეს კიდევაც.

საკლუბო სტატისტიკა

ბურთის ფლობა
* "ბარსელონა" ყველაზე უკეთ რომ ფლობს ბურთს, საკამათოც არ არის. საშუალოდ, ეს მაჩვენებელი 69,1%-ია. კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, ეს საშუალო მაჩვენებელია!
* მე-2 ადგილზეა "ატლეტიკო" - 57%, მესამეს იყოფენ - "რაიო ვალეკანო" და "რეალი" (56,6% ).
* შინ ბურთს უკეთ "ბარსელონა" აკონტროლებს - 69,3%, მერე მოდის "ბილბაო" - 58,8% და "რაიო ვალეკანო" - 58,5%.
* სტუმრად ბურთს უკეთ აკონტროლებს "ბარსელონა" - 68,9%, მერე მოდის "რეალი" - 56,1% და "ვალენსია" - 55,2%.

აგრესია
* ყველაზე აგრესიული გუნდია "ესპანიოლი" - 109 ყვითელი ბარათი და 8 გაძევება. მერე მოდის "ვალენსია" - 97 და 7, მესამეა "სარაგოსა" - 86 და 9.
* შინ ყველაზე უხეშია "ვალენსია" - 49 გაფრთხილება და 5 გაძევება.

ჰაერში...
* საჰაერო დუელებში ყველაზე ძლიერები "რეალის" ფეხბურთელები არიან, მათ ორთაბრძოლების 58,9% მოიგეს. შემდეგ ორ ადგილზეც მადრიდული გუნდები მოდიან: "ხეტაფე" - 54,9% და "ატლეტიკო" - 54,4%.

დარტყმები
* კარისკენ ყველაზე ხშირად "რეალი" ურტყამს - 18,9 საშუალოდ თამაშში. მეორე ადგილზეა "რაიო ვალეკანო" - 15, მესამეზე - "რეალ სოსიედადი" - 14,7.
* ყველაზე მეტი გოლის გამტანი "ბარსელონა" ხუთეულშიც კი არ არის.

პასები
* ბურთის ფლობისა არ იყოს, ესეც ის კატეგორიაა, სადაც კატალონიური გრანდი ახლოსაც არავის გაიკარებს. პასების სიზუსტით "ბარსა" პირველია - 89,7%.
* მეორე ადგილზეა "რეალი" - 81,2%, მესამეზე - "ვალენსია" - 80,3%.

გოლები
* "ბარსელონამ" გაიტანა 88 გოლი. აქედან 70 - ღია თამაშიდან, 3 - სწრაფი კონტრშეტევით, 10 - სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ, 4 - პენალტით და 1 გოლი მეტოქემ თავის კარში გაიტანა.
* "რეალმა" გაიტანა 71 გოლი. აქედან 39 - ღია თამაშიდან, 8 - სწრაფი კონტრშეტევით, 16 - სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ, 6 - პენალტით და 2 გოლი მეტოქეებმა თავიანთ კარში გაიტანეს.
* ე.წ. ღია თამაშიდან ყველაზე მეტი გოლი "ბარსამ" გაიტანა (70). შემდეგ მოდის "რეალი" (39) და "სევილია" (28). ყველაზე ცუდად ამ მხრივ საქმე "სარაგოსას" აქვს, არაგონულმა გუნდმა მხოლოდ 5 შედეგიანი შეტევა განახორციელა.
* კონტრშეტევებზე ყველაზე მაგარი "რეალია" (8), შემდეგ მოდის "ესპანიოლი" (7). "გრანადას" და "მალაგას" კონტრშეტევით გოლი ჯერ არ გაუტანიათ.
* სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ 16-16 გოლი "რეალმა" და "ატლეტიკომ" გაიტანეს, "ვალენსიამ" - 15. სულ 3 გოლია "სელტას" ანგარიშზე.

ისეთი გუნდი, 1 პენალტი მაინც არ გაეტანოს
* საკუთარ კარში ორ-ორი გოლი აქვთ გატანილი: "გრანადას", "ატლეტიკოს" და "რეალს". 8 გუნდს ჯერ ასეთი რამ არ დამართნია.

მარცხნივ, ცენტრში, მარჯვნივ...
* მარცხენა ფლანგიდან ყველაზე ხშირად "ბეტისი" უტევს (შეტევების 44%) და ყველაზე ნაკლებად - "დეპორტივო" (28%).
* მარჯვენა ფლანგიდან ყველაზე ხშირად "დეპორტივო" უტევს (44%), ყველაზე იშვიათად - "ბეტისი" (31%).
* შუიდან ყველაზე ხშირად უტევს "ბარსელონა" (34%), ყველაზე იშვიათად "რაიო ვალეკანო" - 23%.
* ყველაზე დაბალანსებული შეტევები აქვს "რეალს": 35% მარცხნიდან, 34% მარჯვნიდან და 31% შუიდან.
* მარცხენა ფლანგიდან ყველაზე ხშირად კარისკენ "გრანადა" ურტყამს - 24%, ყველაზე იშვიათად "სევილია" - 16%.
* მარჯვენა ფლანგიდან ყველაზე ხშირად "რაიო ვალეკანო" ურტყამს (25%), ყველაზე იშვიათად - "რეალი" (13%).
* შუიდან ყველაზე ხშირად "რეალი" ურტყამს (66%), ყველაზე იშვიათად - "რაიო ვალეკანო" (53%).
* მეკარის საჯარიმოდან ყველაზე ხშირად "ატლეტიკო" ურტყამს (9%), "სარაგოსა" და "სელტა" ყველაზე იშვიათად (4%).
* მეტოქის საჯარიმოს ფარგლებიდან ყველაზე ხშირად "ბარსელონა" ურტყამს (57%), ყველაზე იშვიათად - "სარაგოსა" (40%).
* საჯარიმოს გარედან ყველაზე ხშირად "სარაგოსა" ურტყამს (55%), ყველაზე იშვიათად "ბარსელონა" (37%).
* ყველაზე მეტ დროს მეტოქის ნახევარზე "ატლეტიკო" ატარებს - 32%, ყველაზე ნაკლებს - "ვალიადოლიდი" (23%).
* საკუთარ ნახევარზე ყველაზე მეტ დროს ატარებს "ლევანტე" (31%), ყველაზე ცოტას - "ბარსელონა" (20%).
* მოედნის შუა ნაწილში მეტ დროს ატარებს "ბარსელონა" (49%), ნაკლებს - "მალიორკა" (43%).

პასები, ჩაწოდებები
* თამაშში საშუალოდ 30 ჩაწოდებას აკეთებენ "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელები. ეს საუკეთესო შედეგია. ყველაზე ცუდი შედეგი კი "ბარსას" აქვს - 15 ჩაწოდება თამაშში.
* გრძელი პასები "ვალიადოლიდის" სტილია - 79 თამაშში, მოკლე - "ბარსელონასი" (699).
* ყველაზე მეტი ბარათი არაპროფესიონალური საქციელისთვის "ვალენსიას" ფეხბურთელებმა მიიღეს - 9.
* ყველაზე მეტი ბარათი სიმულაციისთვის "მალაგამ" მიიღო - 4.

რონი VS მესი
(სტატისტიკური)

				თ (სტ)	გ	პ	ყ	წ	დ	პ	ჰ	დრ	რტ
ლიონელ მესი 28 (26) 42 10 1 - 5,3 85% 0.2 3,9 8,95
კრიშტიანო რონალდო 27 (25) 27 5 6 - 7,2 77% 1,7 1,5 8,07

თ - თამაში (სასტარტოში), გ - გოლი, პ - საგოლე პასი, ყ - გაფრთხილება, წ - გაძევება, დ - დარტყმა (საშუალოდ), პ (%) - პასის სიზუსტე, ჰ - საჰაერო დუელი (მოგებული), დრ - დრიბლინგი (წარმატებული, საშუალოდ), რტ - რეიტინგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: მოუმ "მარკას" გალა ნამდვილ "გალაში" გაცვალა
მკითხველის კომენტარები / 1 /
დორტმუნდს ისეთი თავდამსხმელი ყოლია, ესპანეთის ლა ლიგის სიმბოლურში მოხვდა.. საღოოლ.. :))))))
კორექტორი
14:35 29-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული