ლა ლიგა. XXX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ოდეს გაბრწყინდა სესკი

AutoSharing Option
ღვიძლგადანერგილი ერიკ აბიდალის დაბრუნება და მისი სამადლობელი; "მალაგას" თავკაცის, მანუელ პელეგრინის კაცური საქციელი; ფრანჩესკ ფაბრეგასის გაბრწყინება ლეო მესის არყოფნაში; ბასკური "ჩური ურდინის" რეალური განაცხადი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე - ამ და სხვა ამბებზე შევჩერდებით ლა ლიგის 30-ე ტურის შემდეგ...

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ ტრავმის გამო ვერ ითამაშა "მალიორკასთან" 5:0 მოგებულ შეხვედრაში.

კრიშტიანო რონალდომ 45 წუთი (შეცვლაზე) ითამაშა "ლევანტესთან" 5:1 მოგებულ შეხვედრაში. მან 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე პასი. მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

მოდი,
ასე ვთქვათ, მესის ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ანგარიში 14:10 გახდა (ისევ ლეოს სასარგებლოდ). ამ ორი ფეხბურთელის ტრავმები, საბედნიეროდ, იშვიათი ხილია და იმედია, ასეთი "რაუნდი" სეზონის ბოლომდე აღარ იქნება.

პელეგრინი
მანუელ პელეგრინის "მალაგამ" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი დათმო სან სებასტიანში "ანოეტაზე" - 2:4. მაშ, რატომ გამოვყავით ჩილელი სპეციალისტი?

საქმე იმაშია, რომ შაბათს მას სამშობლოში მამა გარდაეცვალა, მაგრამ ამის შესახებ ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშის შემდეგ უთხრა. მას სამშობლოში მიეჩქარებოდა, თუმცა წაგებული თამაშის შემდეგ "რეალის" ექს-თავკაცმა ჟურნალისტებს პატივი სცა და პრესკონფერენციაზეც გამოცხადდა და კითხვებსაც ჩვეული თავაზიანობით პასუხობდა.

არადა, იმავე დღეს კიდევ ერთხელ არ მივიდა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო, რა თქმა უნდა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე...

იცით თუ არა, რომ...
* ლიონელ მესიმ პარიზში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშა "მალიორკასთან", რის გამოც ზედიზედ მე-20 ტურში ვეღარ გაიტანა. საოცარი სერია შეწყდა.
* კრიშტიანო რონალდო ლა ლიგაში ზედიზედ მესამედ იყო სათადარიგო ფეხბურთელი. ასეთი რამ მის მადრიდულ კარიერაში აქამდე არ მომხდარა.
* სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონას" ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ტურის ფრაზები
ლუკას ალკარასი: "მე მხოლოდ წინსვლა მასწავლეს, უკან არ დავიხევ. დამიჯერეთ, ეს ისევ ის გუნდია, რომელმაც მადრიდელებს მოუგო. ჩვენ გვაქვს პასუხები რთულ კითხვებზე. დღეს კი ფანებისთვის ბოდიშის მოხდის დღეა", - "გრანადას" თავკაცი ანდალუსიურ დერბიში განადგურების შემდეგ.

ფილიპ მონტანიე: "ეს არ იყო გადამწყვეტი გამარჯვება ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში. მეოთხე ადგილისთვის სხვა გუნდებიც იბრძვიან. დღევანდელი დღით, ზურუტუზას და ველას ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კმაყოფილი ვარ - ეფექტურად ვითამაშეთ", - "რეალ სოსიედადი" და მისი ფრანგი თავკაცი აღარ ხუმრობენ.

ერიკ აბიდალი: "მადლობა ჩემს ბიძაშვილს, მის გარეშე მე დღეს აქ ვერ ვიქნებოდი", - "ბარსელონას" ფრანგი მცველი ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ.

სესკ ფაბრეგასი: "ცენტრფორვარდად თამაში გამომდის, მაგრამ "ბარსაში" ეს პოზიცია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს აქვს დაკავებული", - მესის პოზიციაზე თამაშისას ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ.

დიეგო სიმეონე: "ბოლო დროს მოწინააღმდეგეებმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ეფექტური კონტრთამაში შეიმუშავეს", - "ატლეტიკოს" თავკაცს სიახლის ძებნა მოუწევს.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი)
კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)
ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
პედრო ლეონი (ხეტაფე)

როგორც ხედავთ, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "რეალ სოსიედადი" დაზარალდა, რომელსაც ორი წამყვანი შემტევი დაუშავდა.

ფეხბურთელთა გარდა, ტურის მსხვერპლთა სიაში შევიყვანდით "სარაგოსას" იმ ოციოდე ფანს, რომლებიც ლა კორუნიის ერთ-ერთ ბარში დაარბიეს "დეპორტივოს" ულტრასებმა. ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულადაც დაიჭრა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ტურის საუკეთესო გოლი
გონსალო იგუაინი (რეალი) "ლევანტეს" კარში

ტურის საუკეთესო პასი
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) საგოლე პასი ალექსის სანჩესს.

ტურის სტატისტიკა
38 გოლი ტურში (3,8 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 62 ყვითელი, 7 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
დუბლი: ალექსის სანჩესი (ბარსელონა), რუბენ კასტრო (ბეტისი), მესუთ იოზილი (რეალი), ალვარო ნეგრედო (სევილია).
რობერტო სოლდადომ (ვალენსია) ვერ გაიტანა პენალტი
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ოლივერ ტორესი (ატლეტიკო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 65 120 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 13 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 36 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი კუთხური: 17 - გრანადა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - დეპორტივო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 73% - რეალი

Sportall.Ge

დებიუტანტი ერთია - "ესპანიოლიდან" პირველი გოლის (თავური) ავტორი ექტორ მორენო. კრიშტიანო რონალდო მე-13-ედ მოხვდა სიმბოლურში, ხოლო სესკ ფაბრეგასი მე-7-ედ.

მე-12 ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)

ტურის გმირი
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

ტურის მიმოხილვაშიც გამოვთქვით ვარაუდი - ხომ არ უშლის ლეოს ფაქტორი 27 წლის სესკ ფაბრეგასის გაბრწყინებას? ყოველ შემთხვევაში, 30-ე ტურმა ამის საფუძვლიანი ეჭვი დაგვიტოვა.

65 წუთში მან ჰეთ თრიკი შეასრულა (პირველი კარიერაში), ერთი დიდებული საგოლე პასი გააკეთა და ერთიც მის დარტყმულს დაამატეს.

ლეოს არყოფნაში შეტევაში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაილაღა - ალექსის სანჩესმა (2 გოლი და 2 საგოლე პასი).

ბომბარდირები
43 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
29- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
14 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
11 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
54 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
35 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
12 აპრილი
ბეტისი-სევილია.

13 აპრილი
ვალიადოლიდი-ხეტაფე, ლევანტე-დეპორტივო, ესპანიოლი-ვალენსია, მალაგა-ოსასუნა.

14 აპრილი
რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-გრანადა, სარაგოსა-ბარსელონა, ბილბაო-რეალი.

15 აპრილი
მალიორკა-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXX ტური: ორჯერ დამარცხებული ვერაგი სენი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული