ჩავი: არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, არც ქარივით სწრაფი; ერთი-ერთზეც ბევრი მჯობნის

AutoSharing Option
33 წლის ჩავი ერნანდესმა "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში ითამაშა. ის ახლახან ჟურნალი "ბარსას" სტუმარი იყო.

ინტერვიუში გუნდის ნახევარდაცვის გულმა თავის მდიდარ კარიერაზე ისაუბრა. ჩვენ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის ფრაზების ნაწილს შემოგთავაზებთ.

"ყველაზე რთული საკუთარი ეგოს კონტროლია. ჩვენ გასახდელში უამრავი ეგო გვაქვს, თუმცა, საბედნიეროდ, ყველამ ვიცით ჩვენი როლი. თუ არ იფიქრებ გუნდზე, ვერ მოიგებ", - აცხადებს ჩავი.

ჩავიმ 15 წლის წინათ დაუკავშირა ბედი "ბარსას" და მას მერე გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი ფეხბურთელი. სწორედ ამიტომაც ჟურნალის 62-ე გამოცემა დაინტერესდა
ვიცე-კაპიტნის პერსონით.

ოცნება და რეალობა
"ჩემი რეალობა ოცნებაზე უკეთესი გამოდგა. ადამიანმა შეიძლება ინატრო ჩემპიონთა ლიგის მოგება, ჩემპიონატში გამარჯვება, მაგრამ აზრადაც არ მოგივა, ინატრო ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მოგება, 6-ჯერ ჩემპიონობა, მეშვიდე, თუ ახლაც მოვიგებთ, მსოფლიოს ჩემპიონობა და ორჯერ ევროპის ჩემპიონობა.

სხვათა შორის, ამ ყველაფერს ვერ აანალიზებ, როცა რუტინული შრომის ნაწილი ხარ, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად უახლოვდები მიზანს. ალბათ, როცა თამაშს თავს დავანებებ, მაშინ შევძლებ ბოლომდე ყველაფრის გააზრებასაც, რასაც ამ საოცარ გუნდთან ერთად ფეხბურთში მივაღწიე
".

კულე
"როცა კულე ხარ, როცა ადგილობრივი ხარ, ეს ყველაფერი ორმაგად სასიხარულოა. არასოდეს მიფიქრია, რომ "ოქროს ბურთის" ნომინანტი გავხდებოდი. ეს ისეთი ინდივიდუალური ჯილდოა, რომელზე ოცნებაც ჩემი კარიერის ადრეულ ნაწილში არც შემეძლო, მაგრამ მადლობა "ბარსას", რომ მე ეს რეალურად შევძელი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის "ბარსას" ამ თაობას".

გუნდის როლი
"როცა საკუთარ ეგოს აკონტროლებ, გაცილებით ბევრს მიაღწევ. ეს კანონი მხოლოდ ფეხბურთში არ მოქმედებს, ასეა ცხოვრებაშიც. შეხედეთ ლეოს, ის ხომ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში საუკეთესოა, მაგრამ მან მყარად იცის, რომ თავისი გუნდის გარეშე ის მესი აღარ იქნება. როცა ის არგენტინის ნაკრებში თამაშობს, მაინც საუკეთესოა, მაგრამ ჯამში მაინც კოლექტივი, თანაგუნდელთა ჯგუფია გადამწყვეტი, როცა რამეს იგებ.

გუნდის 4 კაპიტანი აქაურია. მეხუთე ლეოა, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე აქაურია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოდიან და მოდიან ტალანტები, რომელთაც "ბარსელონას" მომავალი ხელთ უპყრიათ
".

სერხიო ბუსკეტსი
"სერხიოს ყველაფერი შეუძლია. ის ძალიან პასუხისმგებლიანია, ის ნამდვილი ლიდერია, მუდამ გამარჯვება რომ სურს; ის თითქოს ვეტერანია, ყველაფრის მნახველი. მას ყველა უჯერებს. არადა, რომელი ვეტერანი - სერხიო მხოლოდ 24 წლისაა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს წლებში ლიდერობას სერხიო და ახალგაზრდა ფეხბურთელები - პიკე, ალბა, ტიაგო და სერხი რობერტო იტვირთავენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ".

კარგად თამაში და მოგება
"ბარსელონა" ბოლო წლების ყველაზე წარმატებული გუნდია. ამის მიუხედავად, მისი ვიცე-კაპიტანი დარწმუნებულია, რომ მთავარი არასოდეს არის გამარჯვება. "რაც სხვა კლუბებში, შესაძლოა, საკმარისი იყოს, არასოდეს არის საკმარისი "ბარსელონაში". სხვაგან შეიძლება მოიწონონ 70 წუთი ცუდად თამაშის შემდეგ სასწაულებრივი გამარჯვება, მაგრამ აქ სხვანაირად გვასწავლეს: უნდა ითამაშო კარგად, თუ გინდა, გამარჯვებას მიაღწიო. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

კი ბატონო, ხანდახან დაცვაში გვიჭირს, ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ უახლოეს მდევარს 13 ქულით ვუსწრებთ. აბა, ვის აინტერესებს, ამ შემთხვევაში რამდენ გოლს უშვებს გუნდი
".

მე, ჩავი...
"მე ძალიან დამოკიდებული ვარ თანაგუნდელებზე. ყველა ფეხბურთელზე მოქმედებს ეს, მაგრამ განსაკუთრებით, ჩემზე - მე ხომ პასების გამცემი ვარ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი როლი ასეთია:

საკუთარ თავს თანაგუნდელების საშუალებით ვეხმარები. მე არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, არც ქარივით სწრაფი; ერთი-ერთზე ბევრი მჯობნის, მაგრამ კარგი პასების გაკეთება შემიძლია და სწრაფად ვფიქრობ. ჩემი ეს დადებითი თვისება "ბარსამ" აღმოაჩინა. მან მაჩვენა, რაში ვარ ძლიერი. ამის შემდეგ ჩემი დავალება მარტივია - რაც შეიძლება კარგად გამოვიყენო ჩემი უპირატესობა
".

ერთგულება
"მე ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ კარიერა "ბარსაში" დავასრულო და ეს ძალიან მახარებს. არაფერს ვგეგმავ მომავალში, მინდა, უბრალოდ, ჩემი საფეხბურთო ბედნიერებით ბოლომდე დავტკბე. ვთამაშობ, ვიგებ, "ბარსას" ერთი ნაწილი ვარ. მე ხომ აქაური ვარ, "ბარსა" ჩემი ცხოვრებაა".

ჩავი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან ისეთმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს კარიერის მშობლიურ გუნდში დასრულება, როგორებიც ამორი და გვარდიოლა იყვნენ.

დაბოლოს...
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონაში" 20 ტიტული მოიგო, ჩავი ისევ ტიტულებისთვის იბრძვის. ის "მშიერია", რადგან გამარჯვებისთვის ბრძოლა მის გენებშია. "ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან მამის რჩევები ძალიან დამეხმარა. გამიმართლა ფეხბურთშიც, რადგან ფანტასტიკური მწვრთნელები მყავდა, განსაკუთრებით კი - ჯოან ვილა, რომელსაც საფეხბურთო მამად მივიჩნევ", - აცხადებს "ბარსას" ვარსკვლავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩავი: იკერ კასილიასს უსამართლოდ ექცევიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ ხარ ცენზურა ჩავი
real madrid
12:29 19-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული