ლიონელ მესი: "ბარსელონა" ტიტო ვილანოვას არყოფნამ ძალიან დააზარალა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ავადმყოფობამ კატალონიური გრანდი მიმდინარე სეზონში ძალიან დააზარალა.

"ბარსელონამ" დამაჯერებლად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ "ბებერი კონტინენტის" უმთავრეს ტურნირში ზედიზედ მეორე სეზონში ვერ იყოჩაღა და მას ნახევარფინალში გამოეთიშა.

მესიმ შიდა სარბიელზე გუნდის წარმატებას ხაზი გაუსვა და ევროპულ ასპარეზზე გამოსვლა შეაფასა.

"ლა ლიგაში გამარჯვების შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩვენ მეტოქეობას ისეთი კლუბი გვიწევდა, როგორიც თუნდაც მადრიდის "რეალია".

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მას ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვენ ერთი მოდელით
წლების განმავლობაში ვთამაშობთ და მეტოქეებმაც შეგვისწავლეს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მომხდარის გამო სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია "ბარსელონას" სტილის შეცვლა. უბრალოდ, მშვიდად უნდა ვიყოთ და მომავალზე ვიფიქროთ",
- მიიჩნევს მესი.

არგენტინელის თქმით, "ბარსაზე" უარყოფითი გავლენა სამწვრთნელო სკამზე ცვლილებებმა იქონია.

"სიმართლე ისაა, რომ გუნდიდან გვარდიოლას წასვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებთან შეგუება ჩვენთვის არ იყო იოლი. როდესაც ტიტომ მართვის სადავეები აიღო ხელში, არაფერი შეუცვლია, თუმცა, როდესაც თავად წავიდა სამკურნალოდ, განსხვავება ვიგრძენით.

ამის მიზეზი არ იყო ის, რომ ჟორდი როურა და სხვა მწვრთნელები ვერ ცვლიდნენ სათანადოდ მას. უბრალოდ, ჩვენ დავრჩით მთავარი მწვრთნელის გარეშე, რომელიც გუნდს სეზონის პირველი დღიდან წვრთნიდა",
- აქვეყნებს ლიონელის ნათქვამს Goal.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული