ჟოზე მოურინიო თავისი ბიჭების თამაშით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. "კარვალიო და ხედირა, ფეხბურთელები, რომლებიც იშვიათად არიან ყურადღების ცენტრში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩვენგან საუკეთესოები იყვნენ. "ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვაკონტროლოთ თამაშის მსვლელობა. ჩვენ მარტო არ ვთამაშობთ, ფეხბურთი ორ გუნდს შორის თამაშია. ჩვენმა მეტოქემ გადაწყვიტა, ბურთი დაეთმო, მაგრამ დაცვითი რედუტები გადაეკეტა. მეორე ტაიმში
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ვინც შეგვხვდა, მათგან ყველაზე მეტი ხიფათი "ატლეტიკომ" შეგვამთხვია. ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგალითად, "მილანთან", მაგრამ რეიესის, სიმაოს, "კუნის" და ფორლანის წინააღმდეგ თამაში მაინც ძალიან ძნელია. ეს ოთხეული ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა. ეს კვარტეტი დიდებულ კომბინაციებს ათამაშებს, ძალიან დინამიკურად უტევს და ერთმანეთს უსიტყვოდ უგებს. "ატლეტიკო" კარგი ფეხბურთელებისა და კარგი მწვრთნელის გუნდია. ასე რომ, თავიდან რომ ეგონათ, მათაც 6-7 გოლით მოვუგებდით, მცდარი აზრია, "ატლეტიკოს" დარ გუნდებს ასე ვერ დაჩაგრავ.
სულაც არ ვარ შეწუხებული, რომ ბოლომდე არ შევუტიეთ, ჩვენ ვიმოქმედეთ სიტუაციისდა მიხედვით. კარგია, როცა 3-4 გოლი გაგაქვს, მაგრამ ყოველთვის ეს ხომ არ არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნდა გვეფრთხილა, "ატლეტიკოს" თავისუფლად შეეძლო პრობლემების შექმნა. იკერმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა, ერთხელ კი ძელმაც გვიხსნა. 2:0? ბრწყინვალე შედეგია, მე უზომოდ კმაყოფილი ვარ. ისე კი, ეს ანგარიში ძალზე სახიფათოა, ფეხბურთის ისტორიამ ეს ბევრჯერ გვიჩვენა. გუნდი, რომელიც შეძლებს ჩარხის შემობრუნებას, მეტოქეზე ფსიქოლოგიურ უპირატესობას იღებს. ჩვენდა სასახელოდ, ანგარიშიც შევინარჩუნეთ და გატანასთან ისევე ახლოს ვიყავით, როგორც - მეტოქე.
მცველებსაც ხშირად გააქვთ გოლები. კარგი მცველი სეზონში 3-5 გოლს მაინც გაიტანს, სტანდარტული მდგომარეობიდან, ან კონტრშეტევებზე. სწრაფი შეტევისას კარვალიომ თავისი ინსტიქტი გამოამჟღავნა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ როცა კარვალიო უტევს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია. კარვალიო და ხედირა, მადრიდული დერბის საუკეთესო ვარსკვლავები იყვნენ. ადრე თუ გვიან, ჩვენც წავაგებთ. შეიძლება "მურსიასთან" დავმარცხდეთ, ან ხიხონში. არასოდეს იცი, როდის მოხდება ეს.
ითქვა, თითქოს, კრიშტიანო რონალდომ სათანადოდ ვერ ითამაშა. აი, მე კი მისი გარჯით კმაყოფილი ვარ. კრიშტიანო გუნდური სულისკვეთების ფეხბურთელია. ის ყოველ მატჩში ვერ გაიტანს. ის ძალიან ბევრს მუშაობს, მოხარული ვარ, რომ რონალდო ჩემ გუნდში თამაშობს.
რიკარდო კარვალიო: "ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, მე კი გამიმართლა. გუნდი კარგად თამაშობს, ჩვენ "ბერნაბეუზე ქულები საერთოდ არ უნდა დავკარგოთ".
ანხელ დი მარია: "ამ მატჩამდე ძალიან ბევრი დაიწერა. ბევრი დებატი გაიმართა. ვიცოდით, რა დონის მეტოქე გვყავდა. ამიტომაც დამატებითი ენერგიის დახარჯვა დაგვჭირდა. ყველაფერი კარგად წარიმართა ჩვენთვის - გოლები ადრე გავიტანეთ, შემდეგ კი თამაში ვაკონტროლეთ".
სერხიო რამოსი: "დერბიში გამარჯვება საამაყოა, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, წინ კიდევ გრძელი სეზონია. გოლები ადვილად გავიტანეთ, მაგრამ შეგვეძლო თამაში მაშინვე "დაგვემთავრებინა". კიდევ უნდა მოვუმატოთ ყველა ასპექტში და ერთიან ორგანიზმად ჩამოვყალიბდეთ".
"ატლეტიკოს" ბანაკი კი რეფერის მოქმედებით აღშფოთებულია - ისინი მიიჩნევენ, რომ მსაჯმა მათ ნაღდი პენალტი "მოპარა". "ბოლო სამი თამაშია, "ატლეტიკოს" სასარგებლოდ აშკარა პენალტი უნდა დანიშნულიყო. ბოლო სამი მატჩია, მსაჯების სასტვენი დუმს. არ ვიცი რას მივაწერო ეს, ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა", - განაცხადა სიმაო საბროსამ.
ერთ-ერთ ეპიზოდში სერხიო აგუერო ახლო მანძილიდან ურტყამდა იკერ კასილიასის კარში, მაგრამ ბურთს ჩაბი ალონსო გადაეღობა. როგორც ვიდეოგამეორებამ აჩვენა, ბასკი მართლაც ხელით გადაეღობა ბურთს. დიეგო ფორლანი და ხოსე ანტონიო რეიესი კი მარცხის მიზეზად მეტისმეტად ნაადრევად გაშვებულ გოლებს აბრალებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"