ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები E და F (ჩვენ) ჯგუფში გაიმართება. "მაქსიმირზე" ხორვატია ალბათ იოლად დაამარცხებს მალტას და გალიდერდება. ფინეთისა და სან მარინოს მატჩშიც არ ველით ბრძოლას. მოკლედ, მთავარი დღეს ამხანაგური მატჩებია.
ამხანაგური კი ეთქმის, მაგრამ რამდენიმე მართლაც ძალიან მაგარი ჯახი გველის. შორს არ წავალთ, მარტო "ხალიფა ინტერნაციონალზე" გასამართი შეხვედრა რად ღირს - არგენტინა ბრაზილიის
იბერიული დერბი
იმ თამაშით დავიწყებთ, რომელიც ევროპაში ყველაზე გვიან იწყება. მაშინ როცა, საქართველოში შუაღამეს ერთი საათი გადაცდება "ესტადიუ დე ლუშზე" (სინათლის სტადიონი პორტუგალიურად) პროჟექტორები აინთება.
თუკი ვინმესთან უთამაშია ესპანეთს ფეხბურთი, ეს პორტუგალიაა. პირველი მატჩი 1921 წელს გაიმართა და მას მერე იბერიული დერბი 33-ჯერ ვიხილეთ. შორეული 1921-ში მადრიდის სტადიონ "ო'დონელზე" 6 ათასმა მაყურებელმა იხილა, როგორ წააგო თეთრ მაისურებსა და შავ ტრუსებში გამოწყობილმა ესპანეთის ნაკრებმა 1:3. 21-ე საუკუნეში პორტუგალია და ესპანეთი მეხუთედ ეთამაშება ერთმანეთს: 2002 წლის ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა შინ ვერ შეძლო მეტოქის დაძლევა - 1:1. სამაგიეროდ, მეორე წელს ასევე ამხანაგურ მატჩში პორტუგალიაში 3:0 გაანადგურა. უკვე შვიდი წელიწადია მეზობლებს ამხანაგური მატჩი აღარ გაუმართავთ: ევრო-2004-ზე პორტუგალიამ 1:0 მოუგო მეტოქეს, ხოლო წლევანდელ მუნდიალზე ასეთივე ანგარიშით "ფურია როხამ" იმარჯვა.
თუკი პორტუგალიის ნაკრები პირინეული დაპირისპირებისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება, მსოფლიოს ჩემპიონები მიღებებსა და ბანკეტებს ვეღარ აუდიან. ორშაბათს გუნდს პომპეზური მიღება მოუწყეს "ლას როსასის" რეზიდენციაში. მუნდიალზე გამარჯვების აღსანიშნავად (მერამდენედ?!). წვეულებაზე ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერიც კი ბრძანდებოდა. ბლატერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მრავალგზის ნათქვამი, რომ მუნდიალზე ნამდვილი ფეხბურთი, თუ ვინმემ ითამაშა, პირველი ესპანეთიაო. სიტყვით გამოვიდა "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტაც.
მთელ ამ წვეულაბაში ყველაზე საინტერესო ესპანეთის ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია იყო. "ადიდასმა" ახალთახალი ფორმა გამოუშვა, რომელსაც "მსოფლიოს ჩემპიონები 2010" ჰქვია. ის დიზაინშიც განსხვავებულია აქამდე არსებულ სათამაშო ფორმისგან და მკერდზე აქვს ოქროსფერი ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონობის აღსანიშნავად. პრეზენტაციაზე ახალი ფორმა ჩავიმ, ჩაბი ალონსომ, დავიდ ვილიამ, ფერნანდო ლორენტემ, სანტი კასორლამ, სერხიო ბუსკეტსმა, ხავი მარტინესმა, დავიდ სილვამ და კარლოს მარჩენამ მოირგეს. "ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ფორმის ღირსები გავხდით", - განაცხადა ჩავიმ.
"მსოფლიოს ჩემპიონები 2010-ით" "ფურია როხა" პირველად ლისაბონში შეიმოსება. "ეს ბრწყინვალე თამაშია საიმისოდ, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს ჩვენი ახალი, ლამაზი ფორმა. იმედია, "მსოფლიოს ჩემპიონებს" კარგი დებიუტი ექნება", - განაცხადა ჩაბი ალონსომ.
ახლა წმინდა საფეხბურთო დეტალებზე გადავიდეთ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა მზადება იქვე, "ლოს როსასის" ბაზაზე განაგრძო და გაირკვა, რომ "ვალენსიას" შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა ვერაფრით დაეხმარება გუნდს. 22 წლის ფეხბურთელს მუხლი აწუხებს, მან ვერაფრით შეძლო ვარჯიშზე გასვლა და გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, დელ ბოსკემ მატა ვალენსიაში დააბრუნა. ორშაბათის ვარჯიში სერხიო რამოსმა და ფერნანდო ტორესმაც გააცდინეს, მაგრამ გუშინ ისინი გუნდს ლისაბონში გაყვნენ.
ესპანეთში ყველას აინტერესებს, შეძლებს თუ არა თამაშს ჩავი, რომელსაც ისეთი ტრავმა აწუხებს, უქმეებზეც და კვირის შუაში თამაშის ტემპს ვერ უძლებს და დროდადრო დასვენება სჭირდება. "თუკი დაგვჭირდება და შეძლებს, ჩავი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იქნება", - ასეთი ლაკონური და გასაგები პასუხი გასცა ჟურნალისტებს მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა.
"პორტუგალიელებს მუნდიალზე წაგებისთვის რევანში სწყურიათ. ისინი შინ თამაშობენ, ამიტომაც მატჩი ძალიან დაძაბული იქნება. პეპეს და კარვალიოს უკვე ველაპარაკე მომავალ მატჩზე და კარგად ვიცი მათი განწყობა. ალბათ ასეთივე "ტალღაზე" არიან სხვა პორტუგალიელებიც, - ამბობს კასილიასი. ორივე გუნდში შეტევის ლიდერებს გამოვყოფთ - ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ კრიშტიანო რონალდო და დავიდ ვილია.
ესპანეთი: მეკარეები: კასილიასი, რეინა, ვალდესი; მცველები: რამოსი, პუიოლი, პიკე, ალბიოლი, არბელოა, მარჩენა, კაპდევილა; ნახევარმცველები; ჩავი, ბუსკეტსი, პედრო, ჩაბი ალონსო, ინიესტა, ფაბრეგასი, სილვა, ხ. მარტინესი, კასორლა; თავდამსხმელები: ლორენტე, ვილია, ტორესი.
პორტუგალიის ნაკრებშიც მოხდა იძულებითი ცვლილებები. პაულუ ბენტუმ 18-კაციან განაცხადს კიდევ ორი ნახევარმცველი დაამატა: პაულუ მაშადუ და მიგელ ველოზო. ბენტუს ჯერ სილვესტრე ვარელა დაემტვრა, შემდეგ ფაბიო კოენტრაუ. ველოზო, მოგეხსენებათ კახა კალაძის გუნდელია, ტრავმის მოშუშების შემდეგ ის კარგ ფორმაშია და აქვს ერთი უპირატესობა - მარცხენა მცველად თამაში შეუძლია (როცა ბენტუ "სპორტინგს" წვრთნიდა და ველოზო ლისაბონურ გუნდში ირიცხებოდა, ის ხშირად დაცვის მარცხენა ფრთაზე თამაშობდა). ყველაზე მთავარი კითხვა სწორედ ესაა, ვის გაამწესებს მწვრთნელი მარცხენა ფლანგზე, ვინ შეცვლის კოენტრაუს? ჟოზე ბოსინგვას შეუძლია ფლანგის შეცვლა, მით უფრო, რომ როტაციაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე წინ ჟოაუ პერეირაა. "ეს თამაში თუ მოვიგეთ, ჩათვალეთ, ევრო-2012 წლის კამპანიას აღმაფრენით გავაგრძელებთ", - ირწმუნება "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი ნანი.
პორტუგალია: მეკარეები: ედუარდო, პატრისიო; მცველები: ბ. ალვეში, ბოსინგვა, პერეირა, კარვალიო, პეპე; ნახევარმცველები: მარტინში, მოუტინიუ, ფერნანდეში, მაშადო, ველოზო, მეირელეში; თავდამსხმელები: რონალდო, დანი, პოშტიგა, ალმეიდა, ნანი.
მარადონა თუ პელე, ანუ - 33:33
არის თუ არა დარჩენილი მსოფლიოში ფეხბურთის მოყვარული, რომელსაც არ ესმოდეს, რას ნიშნავს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა დაპირისპირება? პასუხი ისედაც ცხადია. "სამხრეთ ამერიკელთა ომს" (ასეთი ტერმინით დამკვიდრდა ეს თამაშები) მუდამ უამრავი მაყურებელი ჰყავს, ამიტომაც ასეთი დაპირისპირების მოწყობა დიდ მოგებას ჰპირდება შესაძლო სპონსორებს. დღეს სამხრეთამერიკული ომი არაბულ ყატარში გაიმართება.
ეს ნაკრებები ერთმანეთს 89-ჯერ შეხვდნენ და ჯერაც ვერ გაურკვევიათ, რომელი გუნდია უკეთესი - სრული თანაფარდობაა, 23 მატჩი ფრედ დასრულდა, მეტოქეებმა 33-33-ჯერ იმარჯვეს. ბურთების შეფარდებაც კი თითქმის ერთნაირია, არგენტინელებმა, სულ რაღაც, 6 გოლით მეტი აქვთ გატანილი - 143:137.
ჩვენი აზრით, ყველაზე ნათლად ბრაზილიურ-არგენტინულ საფეხბურთო ქიშპობაზე ერთი სარეკლამო რგოლი მეტყველებს, რომელშიც თავად დიეგო არმანდო მარადონა გადაიღეს: დიეგო მინდორზე გამოდის ბრაზილიის ნაკრების მაისურით, გვერდში კაკა და რონალდო უდგანან. ლეგენდარული ფეხბურთელი მღერის ბრაზილიის ეროვნულ ჰიმნს და... ის ყვირილით აღწევს თავს ამ "კოშმარს", საწოლზე არგენტინის ნაკრების მაისურაა გადაფენილი, იქვე ბრაზილიული სოფთდრინკის "გუარანა ანტარქტიკას" ცარიელი ქილებია მიმობნეული [ნახეთ ვიდეო].
სერხიო ბატისტას თავსატკივარი საკმარისზე მეტი აქვს. წარმოიდგინეთ, ტრავმებმა მას ჯამში 7 ფეხბურთელის გამოძახებაზე ათქმევინეს უარი. ტრავმები აქვთ: გაბრიელ მილიტოს, ვალტერ სამუელს, ფერნანდო გაგოს, ესტებან კამბიასოს, კარლოს ტევესს, დიეგო მილიტოს და სერხიო აგუეროს.
არგენტინა: მეკარეები: რომერო, ანდუხარი; მცველები: ძანეტი, ოტამენდი, ბურდისო, საბალეტა, დემიკელისი, ჰაინცე, პარეხა; ნახევარმცველები: დი მარია, მასკერანო, ბანეგა, სოსა, ბოლატი, პასტორე, გაიტანი, დ'ალესანდრო, ბილია; თავდამსხმელები: იგუაინი, მესი, ლავეცი.
მანო მენეზესისთვის კი მეტოქეს მნიშვნელობა არა აქვს - ის აგრძელებს ექსპერიმენტებს და ახალი, ბრაზილია-2014-ის ჩამოყალიბებას ლამობს. ამიტომაც არგენტინასთან მატჩში გამოძახებულთაგან მხოლოდ 8 ფეხბურთელს აქვს 10-10 კეპზე მეტი დაგროვებული. მენეზესს არ ეყოლება ტრავმირებული ალეშანდრე პატო, სამაგიეროდ, მწყობრშია ბრაზილიური ფეხბურთის იმედი ნეიმარი.
ბრაზილია: მეკარეები: ვიქტორი, ჯეფერსონი, ნეტო; მცველები: დ. ალვეში, ადრიანო, ანდრე სანტოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი; ალექს კოშტა, რევერი; ნახევარმცველები: ლუკასი, რამირესი, სანდრო, ჟუსილეი, დუგლასი, კოუტინიუ, რონალდინიო, ელიაში; თავდამსხმელები: რობინიო, ანდრე, ნეიმარი.
13 წლის შემდეგ?
ინგლისელებს ფრანგებისთვის 1997 წლის შემდეგ არ მოუგიათ. კაპელომ ამ მატჩისათვის რამდენიმე ახალგაზრდას და დებიუტანტს უხმო. მაგალითად, იტალიელმა ყველა გააკვირვა, როცა ჯეი ბოთროიდი მიიწვია ეროვნულ გუნდში. "თუკი მონაწილეობას მივიღებ ფრანგებთან თამაშში, ეს ჩემი ცხოვრების მეორე უდიდესი დღე იქნება, პირველი კი მაშინ იყო, როცა ნაკრებში მიწვევა მივიღე", - განაცხადა "კარდიფ სიტის" 28 წლის ფორვარდმა. კიდევ ერთი "ახალი სახე" ჯორდან ჰენდერსონია "სანდერლენდიდან".
ლორან ბლანის გუნდიც ერთობ გადახალისებულია. ტრავმის გამო მწვრთნელმა ფილიპ მექსეც დაკარგა.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: ჰარტი, რიჩარდსი, ფერდინანდი, ჯაგიელკა, გიბსი, მილნერი, ჯერარდი, ბერი, ჰენდერსონი, უოლკოტი, ქეროლი.
საფრანგეთი: ლორისი, სანია, რამი, სახო, აბიდალი, ლ. დიარა, მ'ვილა, გურკუფი, ნასრი, მალუდა, რემი.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები
იორდანია-კვიპროსი 0:0
შოტლანდია-ფარერები ?:?
დღეს
ჩინეთი-ლატვია 15:35
ჰონკონგი-პარაგვაი 16:00
ჩერნოგორია-აზერბაიჯანი 16:00
ომანი-ბელარუსი 18:30
რუსეთი-ბელგია 20:00
სლოვაკეთი-ბოსნია 20:00
ესტონეთი-ლიხტენშტეინი 20:45
ალბანეთი-მაკედონია 21:00
არგენტინა-ბრაზილია 21:00
ბულგარეთი-სერბეთი 21:00
უნგრეთი-ლიტვა 21:00
ისრაელი-ისლანდია 21:30
დანია-ჩეხეთი 23:15
ლუქსემბურგი-ალჟირი 23:15
შვეიცარია-უკრაინა 23:15
ავსტრია-საბერძნეთი 23:30
ჰოლანდია-თურქეთი 23:30
პოლონეთი-კოტ დ'ივუარი 23:30
რუმინეთი-იტალია 23:30
ს. აფრიკა-აშშ 23:30
შვედეთი-გერმანია 23:30
ირლანდია-ნორვეგია 23:45
ჩრ. ირლანდია-მაროკო 23:45
ინგლისი-საფრანგეთი 00:00
პორტუგალია-ესპანეთი 01:00
ჩილე-ურუგვაი 03:45
კოლუმბია-პერუ 04:00
ეკვადორი-ვენესუელა 04:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"