ალმერიაში გოროსიტოს ეპოქა იწყება

AutoSharing Option

არა უგვიანეს პარასკევისა, არგენტინელი სპეციალისტი ნესტორ გოროსიტო ესპანურ "ალმერიასთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს, პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. ასე რომ, კვირას "ვალენსიას" წინააღმდეგ ანდალუსიურ კლუბს უკვე გოროსიტო უხელმძღვანელებს.

45 წლის ბასკი მწვრთნელის, ხუან მანუელ ლილიო დიესის (ანუ ხუანმა ლილიო) კარიერა "ალმერიაში" კატასტროფულად დასრულდა - მისმა გუნდმა შინ 0:8 წააგო "ბარსელონასთან". ფაქტობრივად, ლილიო თამაშის დასრულებისთანავე აღარ იყო "ალმერიას" მწვრთნელი, უბრალოდ კლუბის ხელმძღვანელობამ საჯარო განცხადებებისგან თავი შეიკავა და, სანამ ახალი მწვრთნელის ძიება არ დაიწყო, მედიამ ვერც კი შეიტყო ლილიოს მოხსნის ამბავი (თუმცა კი ივარაუდა). სხვათა

შორის, აწ უკვე ყოფილი თავკაცი საინტერესო პიროვნებაა - მას ფეხბურთი არასოდეს უთამაშია, პირველი გუნდი, რომ ჩაიბარა 16 წლის იყო, ხოლო 30 წლის არ იყო, როცა "სალამანკაში" დააწინაურეს და პრიმერა დივიზიონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. "ალმერიაში" მან ერთი წელიც ვერ გაძლო, ლილიო დეკემბრის ბოლოს მოხსნილ მექსიკელ უგო სანჩესს ცვლიდა. ლილიომ "ალმერია" გასავარდნ ზონაში ჩაიბარა და გუნდს მე-13 ადგილზე დაასრულებინა პრიმერა, რის წყალობითაც კიდევ ერთი წლით მოიპოვა ანდალუსიური კლუბის გაწვრთნის უფლება, მაგრამ წლევანდელ ცუდ სეზონს ("ალმერია" 9 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა) "ბარსელონასთან" შერცხვენა მოჰყვა.

ლილიოს ნაცვლად დროებით გუნდს ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ედუ პონსი ხელმძღვანელობს. ვარჯიშებს სწორედ პონსი ატარებს.

ნესტორ გოროსიტო 46 წლისაა, ის 90-იან წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იყო (12 თამაში, 1 გოლი). გოროსიტომ მწვრთნელობა 2002 წლიდან დაიწყო, წლეულს იანვარში კი არგენტინელი "ხერესმა" მიიწვია, თუმცა "ხერესი" გავარდნისგან ვერ იხსნა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული