ეს ჩვენი ტურნირია

AutoSharing Option

 

უფერული ვალენსიური დერბი


როგორც ჩანს, ყველაზე ძველი ესპანური საფეხბურთო ტურნირის (თასი 1902 წლიდან იმართება) ყველაზე მრავალგზის გამარჯვებული "ბარსელონა" თასის ადრეული ეტაპიდან გავარდნის პირასაა - სამშაბათს ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ვერაფერი მოუხერხა "კამპ ნოუზე" ბილბაოს "ატლეტიკს" და ახლა, 5 იანვარს საპასუხო მატჩი "სან მამესზე" ელის. "სან მამესზე" თამაშს ეხუმრებით?

ასე ცუდად "ბლაუგრანას" ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია. ბასკურმა გუნდმა გაუძლო მასპინძელთა ზეწოლას და ახლა საპასუხო მატჩში სენსაციით იმუქრება. ან კი რა იყო გასაძლები, "ბარსა" ფაქტობრივად, არც დამუქრებია ხეირიანად "ატლეტიკის" კარს. აქედან ლოგიკური

შედეგიც - 0:0.

პეპის გუნდმა უფერული მატჩი შემოგვთავაზა, ბასკებმა თავი კარგად დაიცვეს და ის ერთი-ორი საფრთხეც გააუვნებელყვეს, რაც კატალონიურმა გრანდმა შექმნა სტუმართა კართან. შედეგად, ბილბაოს "ატლეტიკი" წლევანდელ სეზონში სულ მეორე გუნდია, რომელმაც "ბარსელონასთან" თამაშში გოლი არ გაუშვა. სტადიონიც სანახევროდ ცარიელი იყო. მასპინძლები თავიდანვე ეკვეთნენ მეტოქეს, თუმცა ხოაკინ კაპაროსი მომზადებული დაუხვდა - მან დაცვის კვარტეტს ხუთი ნახევარმცველი დაახმარა. ამის გამო, "ბარსას" შორეული დარტყმები არცთუ სახიფათო იყო, ცენტრში კი ისეთი სიმჭიდროვე წარმოიქმნა, რომ კატალონიელებს ჩვეული ჩაწოდებები აღარ გამოსდიოდათ. ბოიან კრკიჩი, რომელმაც ახლახან 2015 წლამდე გაახანგრძლივა კლუბთან ხელშეკრულება და, რა თქმა უნდა, ყველაზე მოწადინებული იყო, პირველი დაემუქრა გორკა ირაისოსის კარს, თუმცა ბასკი გოლკიპერი იოლად გაუმკლავდა ბოიანის დარტყმულს. თავის მხრივ ორი კარგი მომენტი ანდრეს ინიესტასაც ჰქონდა - პირველად მოჭრილი დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ირაისოსმა იყოჩაღა, შემდეგ კი თითქმის ანალოგიურ ეპიზოდში მეკარემ ბურთი კარს ზემოთ გადააგდო. "ატლეტიკი" თითქმის არ უტევდა, თუმცა გურპეგის თავური საკმაოდ სახიფათო გამოდგა, ბურთი მაქსველს შეეხო და კინაღამ "ბარსელონას" კარის მაღალ კუთხეშიც გავიდა.


გვარდიოლამ იფიქრა, რომ გუნდი მეორე ტაიმში მოუმატებდა და შესვენებაზე ცვლილებებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ მალე მიხვდა, რომ შეცდა და არაფრისგამკეთებელი სეიდუ კეიტასა და არაეფექტური ბოიანის ნაცვლად თავდამსხმელთა დუეტი შეუშვა, რომელთა ანგარიშზე ჯამში უკვე 40 გოლია ამ სეზონში - დავიდ ვილია და ლეო მესი. მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო - "ატლეტიკი" ძალიან კარგად თამაშობდა დაცვაში. ის, რომ "ბარსა" შუახაზში ვერ ბატონობდა მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარმცველის, ხავი მარტინესის დამსახურებაა. თამაშის მიწურულს "ბარსამ" კინაღამ მიაღწია მიზანს - მესის ჩაწოდებულს ჟერარდ პიკემ მიუსწრო, მაგრამ დაახლოებით ოთხი მეტრიდან ააცილა კარს! მოკლედ, "ლოს ლეონესს" "სამეფო თასზე" წინსვლის ბრწყინვალე შანსი აქვს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ჩვენ ვდომინირებდით, თუმცა რაღაც მაინც გვაკლდა. საპასუხო შეხვედრა კიდევ იმით იქნება რთული, რომ ის პირველია ახალ წელს. მოკლედ, თუკი თასზე წარმატება გვსურს, ეს "სან მამესზე" უნდა დავამტკიცოთ. შედეგი, რა თქმა უნდა, ცუდია, გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაშს იხილავდით. მეორე ტაიმში მეტად შევუტიეთ, მაგრამ "ბილბაო" ძალიან დიდი რესურსით იცავდა კარს. ფრე ცუდია, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ. საპასუხო მატჩში აუცილებლად ლამაზი, შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომ ორმატჩიანი დუელი მოვუგოთ მეტოქეს".

 

ხოაკინ კაპაროსი (ბილბაო): "ძალიან გახარებული ვარ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქმის ნახევარია გაკეთებული. არავინ ჩათვალოს, რომ საპასუხო მატჩში მაინცდამაინც მოვიგებთ, ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამ თამაშის წინ ბევრს არ ეგონა, რომ "ბარსას" შეტევებს გავუძლებდით, თუმცა მეტოქე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ალბათ, არც კი მჭირდება შევახსენო ჩვენს გულშემატკივრებს, რომ ხუთში სტადიონზე მოვიდნენ, ჩვენი მხრიდან კარგ თამაშს ვპირდებით მათ. ეს ჩვენი ტურნირია, მაგრამ "ბარსა" ძლიერია".

კიდევ ერთ მერვედფინალში ვალენსიური დერბი და კვლავ 0:0 ვიხილეთ. მართლაც, დიდი იმედგაცრუება ელოდათ ფანებს "მესტალიაზე", ისინი ხომ "ღამურების" გამარჯვებას და ლამაზ სანახაობას ელოდნენ. ახლა ყველაფერი 5 იანვარს "ელ მადრიგალზე" გადაწყდება.

არადა, პირველ ტაიმში "ვალენსიას" გოლის გატანა შეეძლო - პაბლო ერნანდესს საამისოდ 100-პროცენტიანი შანსი ჰქონდა, ის მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ცაში ყვავები დააფრთხო. უმთავრესი მოვლენები მოედნის შუა მესამედში მიმდინარეობდა, საჯარიმოდან საჯარიმომდე. არც უნაი ემერის ხუთკაციანი დაცვის ხაზი უწყობდა ხელს შემტევ ფეხბურთს, სამაგიეროთ, ამით ნილმარისა და ჯუზეპე როსის დუეტი განეიტრალდა.

"ვალენსიამ" მეორე ტაიმი აღმაფრენით დაიწყო, მიგელმა მარჯვენა ფლანგზე გაირბინა, კარგადაც ჩააწოდა მატამაც დიდებულად დაარტყა ბურთის დაუმუშავებლად, მაგრამ "ვილიარეალი" გოლისგან ძელმა იხსნა. "ვალენსია" არ დაცხრა, მალე ადურისი საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მუსაჩიომ კი მოცელა, მაგრამ მსაჯის სასტვენი სდუმდა. ამის შემდეგ გატანა უკვე სტუმრებს შეეძლოთ, ამერიკელმა ჯოზი ალტიდორმა მეკარე გუაიტას ნილმარი შეატოვა, მაგრამ ეს უკანასკნელი არაბრაზილიურად მოეპყრო ბურთს და გუაიტა მას ფეხებში ჩაუხტა და ეპიზოდი განმუხტა. ამ მომენტის შემდეგ გუნდები უბრალოდ "ზრდილობის გულისთვის" დასდევნენ ბურთს. ყველაფერი ამ წყვილშიც უკვე 2011 წელს გაირკვევა.

უნაი ემერი (ვალენსია): "ვილიარეალი" დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენ სოლიდურად ვითამაშეთ დაცვაში და მატჩში უპირატესობა მოვიპოვეთ. მოედნის ყოველ გოჯზე თავდაუზოგავად ვიბრძოდით. გამარჯვება გვსურდა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ. ისე, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და საპასუხო მატჩის წინაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი): "ვალენსია" ბურთს უკეთ აკონტროლებდა და ჩვენც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენი შეცდომები მეტოქის კარგი თამაშითაა გამოწვეული. საპასუხო მატჩი დაძაბული იქნება და შეიძლება ბოლო წუთამდე არ გადაწყდეს, ვინ გავა "სამეფო თასის" მეოთხედფინალში".

სამშაბათს "სამეფო თასის" მესამე მატჩში სეგუნდადივიზიონის "გრანადა" შინ "დეპორტივოს" 1:1 დაუზავდა. გალისიელები რიკის პენალტის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა 70-ე წუთზე ბრწყინვალედ მოთამაშე გამთამაშებელმა პეპე დიასმა ამ შეხვედრაშიც ფრე დააფიქსირა - 1:1.

კორდობა-დეპორტივო 1:1
კორდობა (4-4-2): ა. გარსია - ხერარდო (42. ფერნანდესი), აგუსი, ტენა, რიჩი - ხ. კალეხონი, უსერო, ალბერტო, ლუკე (79. ორიოლ რიერა) - პ. დიასი, შარლესი (59. სესმა).
დეპორტივო (5-4-1): მანუ - ლაურე, ზე კასტრო (67. როჩელა), აიტამი, ლოპო, სეოანე - ლასადი (60. პ. ალვარესი), ხ. როდრიგესი, რ. პერესი, დეზმარე - რიკი (30. ადრიანი).
გოლები: 0:1 რიკი (17-პენ), 1:1 პ. დიასი (70)

ბარსელონა-ბილბაო 0:0
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, მასკერანო (78. ადრიანო), კეიტა (53. მესი) - პედრო, კრკიჩი (62. ვილია), ინიესტა.
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი, კოიკილი - სუსაეტა, გურპეგი, ხ. მარტინესი, გაბილონდო - ი. მარტინესი (54. მუნიაინი), იტურასპე (71. ორბაისი).

ვალენსია-ვილიარეალი 0:0
ვალენსია (5-4-1): გუაიტა - მიგელი, სტანკევიჩიუსი, რ. კოშტა, დეალბერტი, მატიო (78. ხ. ალბა) - პ. ერნანდესი (58. ხოაკინი), ალბელდა, მადურო, მატა - ადურისი (65. სოლდადო).
ვილიარეალი (4-4-2): ხ. კარლოსი - ა. ლოპესი, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - კანი (46. მ. სენა), ბ. ვალერო (89. მარიო), ბრუნო, კასორლა - ნილმარი, როსი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაო ბარსამ წაიფორთხიალაოოო???? :)
4rmd
14:46 24-12-2010
0

სიახლეები პოპულარული