"ბარსელონა": პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
"ელ მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი არდა თურანი "ბარსელონაში" გადავა.

სატრანსფერო თანხა 34 მილიონ ევროს შეადგენს და ის შეიძლება, კიდევ 7 მილიონით გაიზარდოს, რაც "ბარსელონას" შედეგებსა და თურქი ფეხბურთელის ასპარეზობაზეა დამოკიდებული. თურანი ამ დღეებში ცნობილ კურორტ ბოდრუმზე იმყოფებოდა და დამღლელი სეზონის შემდეგ ისვენებდა, თუმცა მისი შვებულება დასრულდა და 29 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ჩაფრინდა.

არდა 6 ივლისს "ბარსელონას" თავკაც ლუის ენრიკეს დაელაპარაკება და ყველაფერიც საბოლოოდ იქ გაირკვევა. ჟოზე მარია ბარტომეუს თქმით, "ბარსელონამ" უნდა იყიდოს თურანი, რადგან ეს
მთავარმა მწვრთნელმა მოითხოვა. ასე რომ, თურქი ფეხბურთელის გადასვლა თავად ლუის ენრიკეს მოთხოვნა ყოფილა და არა გვგონია, დღევანდელმა შეხვედრამ რამე შეცვალოს.

"ბარსელონას" მცველ მარკ ბარტრას თურმე, ეჭვი ეპარებოდა, ღირდა თუ არა კლუბში დარჩენა.

"სეზონის ბოლო ჩემთვის რთული აღმოჩნდა. თავიდან მქონდა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დარჩენამ ბევრი შემმატა, არადა, ძალიან კარგი წინადადებები მქონდა. თუმცა ისეთ მწვრთნელთან, როგორიც ლუის ენრიკეა, მუშაობას არაფერი სჯობს", - განუცხადა ბარტრამ "სპორტს".

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" კიდევ ერთი მცველი, მარტინ მონტოია იჯარის წესით მილანის "ინტერში" გადავიდა. მონტოიამ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ცხადი გახდა, რომ დანი ალვეში "ბარსელონაში" რჩებოდა.

თითოეულ პრეტენდენტს უნდა წარედგინა კლუბის წევრების 2,5 ათასი ხელმოწერა და იმის გარანტია, რომ ფორს-მაჟორის შემთხვევაში შეუძლია, სწრაფად 76 მილიონი ევროს მობილიზება კლუბის ფინანსური კრახისგან თავიდან აცილების მიზნით.

ბარსელონური "სპორტი" წერს, რომ კლუბი შეუთანხმდა ბრაზილიურ "ფლუმინენსეს" ნახევარმცველ ჟერსონის ტრანსფერზე. ჟერსონი კატალონიურ გრანდთან 2016/17 წლების სეზონის წინ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი სატრანსფერო ღირებულება 15-18 მილიონი ევროა. 18 წლის ნახევარმცველს ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

ამასობაში, "ბარსელონამ" ოფიციალურად დაარეგისტრირა კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში 5 კანდიდატი.

ესენია: მოქმედი პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ, რომელიც წესების მიხედვით, უნდა გადადგეს თანამდებობიდან; ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა; ტონი ფრეიხა, აგუსტი ბენედიტუ და ჟოან ბატისტი. კიდევ ორი პრეტენდენტი კი ამ ორი პუნქტის შეუსრულებლობის გამო რეგისტრაციაში არ გაატარეს. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.

მთავარი კანდიდატები ლაპორტა და ბარტომეუ არიან. ბარტომეუმ ახლახან განაცხადა, რომ ლაპორტა თავისი გამონათქვამებით "ბარსას" დიდ ზიანს აყენებს:

"რამდენიმე დღის წინათ მან განაცხადა, რომ "ბარსელონა" კორუფციაში დაადანაშაულეს, მაგრამ ეს ასე არ არის. დაე, მე მაკრიტიკოს პირადად, კლუბს ნუ ეხება. დიახ, "ბარსა" ფინანსურ დარღვევებშია დადანაშაულებული, მაგრამ ეს არის გარკვეული სახის დარღვევები და არა კორუფცია", - განაცხადა ბარტომეუმ, რომელმაც შეცვალა პრეზიდენტის პოსტზე ლაპორტა.

დაბოლოს, ერთი, ჩვენი აზრით, სალაღობო ინფორმაცია "ბარსაზე" - თურქული "ანტალია"... ლეო მესის ტრანსფერს უმიზნებს. რა თქმა უნდა, თურქეთის საკურორტო ქალაქში კარგად ესმით, რომ ეს ახლა შეუძლებელია, თუმცა კლუბს უახლოესი ხუთი სეზონის გეგმაში დაუსახავს არგენტინელის ტრანსფერის განხორციელება. ასე რომ, თურქებს დრო ჯერ კიდევ აქვთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული