კიდევ, რა?
ბეილი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. ვისზე ვიტყვით ხელაღებით, რომ უელსელს ნაღდად სჯობს? ალბათ, ასეთი ფეხბურთელი სულ რამდენიმეა. მათ შორის - მესი და რონალდო.ორი სეზონის განმავლობაში ბეილმა შეძლო და ადგილი დაიმკვიდრა "რეალის" ძირითადში. შეძლო და ჩაატარა შთამბეჭდავი მატჩების სერია. გაიტანა ბევრი მნიშვნელოვანი გოლი. არაერთხელ
როცა შენგან სასწაულებს ელიან
მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელისგან ქომაგი სასწაულებს ელის, რადგან ბეილმა გვიჩვენა, რომ ხანდახან ისეთი რამეების ჩადენა შეუძლია მინდორზე, რაც სხვას არავის ძალუძს.ეს "ხანდახან" პროცესში უნდა გადაიზარდოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბეილმა ყველა თამაში ერთნაირად ძლიერად უნდა ჩაატაროს. სხვანაირად არ შეიძლება - ის ხომ "რეალის" ფეხბურთელია.
ბევრს ჰგონია, რომ მესამე სეზონი "რეალში" - ეს ბეილის სეზონი უნდა იყოს. ამ პოსტულატს აქვს თავისი მყარი არგუმენტები და ახლა შევეცდებით, ჩამოვთვალოთ ისინი.
ბეილისათვის ადაპტაციის პერიოდი საბოლოოდ დასრულდა. სხვა დროსა და სხვა ვითარებაში ახალ გუნდში ადაპტაციას ორი წელი არ უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ მადრიდის "რეალზე" ვწერთ და ვსაუბრობთ - გუნდზე, რომელიც აბსოლუტურად განყენებულად დგას მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში.
ბეილმა ახლა უკვე იცის ესპანური ენა. ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე მაინც იცის, რომ პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდეს. ეს კი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.
რონალდოს ფაქტორი
არ ვიცით, როგორ და რას ფიქრობს თავად გარეთი, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ასე ჩანს: მის თამაშს "რეალში" გვარიან დაღს ასვამს კრიშტიანო რონალდოს სიდიადე. სანამ კრიშტიანო "სამეფო კლუბშია", ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ამ გუნდის უდავო ლიდერი,არადა, ბეილსაც ლიდერობა უნდა. რატომ იყო ის "ტოტენჰემში" გამორჩეული? ფეხბურთელები ძალიან ხშირად სწორედ მას ეძებდნენ, პასებით ამარაგებდნენ. ახლა უელსელი ჩივის, "რეალში" პარტნიორები პასს მე რომ მსურს, იმ სიხშირით არ მაძლევენო.
ვითომ, ორი გენიოსი ერთ გუნდში ვერ მოთავსდება? რატომაც არა?! "რეალს" ერთად იმდენი ვარსკვლავი აუტანია, რომ ამათაც როგორმე აიტანს. მთავარია, ზედმეტმა ამბიციებმა გუნდური სული არ ჩაყლაპოს.
არ უნდა წავიდეს!
სულ ცინცხალი ამბავია, 29 ივლისისა: "მანჩესტერ იუნაიტედი" ვინ იცის, მერამდენედ ცდილობს უელსელის გადაბირებას. "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ კიდევ დადის სერ ალექს ფერგიუსონი და მისი ნააზრევის ექო მძლავრია. ფერგის ბეილი მოსწონს. ბეილი ვან გაალსაც მოსწონს. და საერთოდ, თუ ფეხბურთი გიყვარს, გარეთის თამაშიც უნდა მოგწონდეს.ისევ თემას მივუბრუნდეთ. "იუნაიტედი" მორიგ მსუყე წინადადებას ამზადებს "რეალისათვის". ბეილი "იუნაიტედს" ძალიან სჭირდება. რონალდოს დაბრუნება ჯერ არ გამოდის და ბეილი მაინც უნდა გამოვიდეს.
უარი და მხოლოდ უარი - ჯერ ეს ისმის "რეალიდან", მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს რას გაუგებ - აქ ფული ყველაფერს წყვეტს და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ - მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება.
"იუნაიტედმა" "ბაიერნისაგან" თომას მიულერის ყიდვა მოინდომა, მაგრამ მიუნხენელებმა ქოში უკუღმა ჰყარეს - "ბაიერნის" ფანობის გული ჯერაც გაბზარულია "მანჩესტერში" ბასტიან შვაინშტაიგერის გაყიდვით და ახლა მათ კიდევ ერთ იარას ვერავინ დაუმატებს.
დარჩა ბეილი. არადა, ახლა წასვლა არ ივარგებს. სწორედ მესამე სეზონი უნდა იქცეს ბეილის სეზონად "რეალში". გვგონია, რომ ბეილის ორი წელი "სამეფო კლუბში" ჟურნალი იყო და კინო ახლა უნდა დაიწყოს. თუ მთავარი მსახიობი წავიდა, კინო აღარ შედგება.
"რეალი" და "იუნაიტედი" კი უელსელს ვერ იყოფენ. ორივე ძალუმად თავისკენ ექაჩება. "რეალის" უპირატესობა კონტრაქტია. "მანჩესტერისა" ის, რომ ბეილს ხშირად ენატება სახლი, ზოგადად ნისლიანი ალბიონი და ასე ახლობელი პრემიერლიგა.
ერის იმედი
ბეილი უელსის ფეხბურთში დიდ ისტორიას წერს. უელსს ჰყავდა ვარსკვლავები, მაგრამ დიდი ტურნირებისკენ მიმავალ მატარებელს ვერაფრით ახტებოდა. რაღა შორს წავიდეთ, რაიან გიგზმა ისე დაამთავრა კარიერა, რომ დიდ ტურნირზე არ უთამაშია. გიგზი ინგლისელი იყო და მამის ურჯუკობის გამო ირჩია უელსი. ეს სხვა ამბავია და იქნებ, ცალკე წერილადაც ღირდეს...უელსი თითქმის გასულია ევროპის ჩემპიონატზე და ეს უკვე დიდი ამბავია. ბეილი ერის იმედი და ნაკრების უდავო ლიდერია. მის გვერდით სხვა ბიჭებიც ყოჩაღად არიან - აარონ რემზი, ჯო ალენი, ეშლი უილიამსი...
უელსს კარგი შემადგენლობა მოუგროვდა, თუმცა ბავშვმაც კი იცის, რომ ბეილის გარეშე ეს წარმატება არ იქნებოდა.
"ბეილი დიდია" - მღერიან უელსის ნაკრების გულშემატკივრები. ის მართლაც დიდია, მაგრამ დიადი რომ გახდეს, საამისოდ ცოტაც უნდა მოუმატოს. არადა, "რეალსა" სჭირდება კიდევ უფრო უკეთესი ბეილი.
სჭირდება, რადგან გასულ სეზონში "სამეფო კლუბმა" ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ვერც ესპანეთის ჩემპიონატი. აღარ დავწერთ, ვინ მოიგო ეს ჯილდოები - "რეალის" ფანები გაგვიბრაზდებიან...
უელსელი პანტერა შორს უნდა გადახტეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"