"ბარსელონა" დაინომრა - ლუის ენრიკე მესით და ნეიმარით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
"ბარსელონამ" წუხელ, გვიან ღამით ჟოან გამპერის თასზე იტალიური "რომას" წინააღმდეგ ითამაშა.


ეს იყო უკანასკნელი რეპეტიცია სეზონის ოფიციალურად დაწყების წინ. "ბარსას" სეზონი კი ესპანეთის ჩემპიონატამდე, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასებით იწყება.

მოგეხსენებათ, 11 აგვისტოს ლუის ენრიკეს გუნდი თბილისში დაუპირისპირდება "სევილიას", ევროპის სუპერთასისთვის მოუწევს ბრძოლა.

გუშინ "ბარსელონა" თავიდან გადაინომრა. ცვლილება ბევრი არც არის, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ახალწვეულებს, არდა თურანსა და ალეიშ ვიდალს ნომრების აღების უფლება არა აქვთ, ისინი "ბარსელონასთვის" ფიფას დისკვალიფიკაციის
გამო 2016 წლის 1 იანვრამდე ოფიციალურად არც ითვლებიან გუნდის წევრებად, მათ თამაშის უფლება საერთოდ არა აქვთ.

გადანომრვის შედეგად, ერთი ცვლილება მაინც არის - "ბარსას" კაპიტანი ჩავი ერნანდესი არაბეთში წავიდა სათამაშოდ და მისგან გამოთავისუფლებული 6-ნომრიანი მაისურა დანი ალვეშმა ჩაიბარა, რომელიც აქამდე 22-ე ნომერი იყო. 22-ე ნომრად კი გუნდში ამ სეზონში არავინ ითამაშებს.

* * *
ამასობაში ლუის ენრიკემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ სურს გუნდიდან პედრო როდრიგესის გაშვება. მწვრთნელს უნდა, რომ თავდამსხმელი გუნდში დარჩეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პედროს თავს მართლაც რაღაც ხდება. ფორვარდი განწირულია სათადარიგოთა სკამისთვის, რადგან გუნდში სამი სუპერფორვარდი თამაშობს: ლეო მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი. ამათგან რომელიმეს სასტარტოდან ამოგდება თითქმის გამორიცხულია.

"პედრო ერთგული ფეხბურთელია, მან ბევრი იბრძოლა, ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ სიახლეების შესახებ მე ვერაფერს გეტყვით, თავად პედრომ უნდა გამცნოთ", - ლუის ენრიკეს ტონი ცოტათი პესიმისტური გვეჩვენება.

შეგახსენებთ, რომ პედროთი "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და შესაძლოა, "რომასთან" შეხვედრა ამ ფორვარდისთვის ბოლოც კი აღმოჩნდეს "ბლაუგრანას" მაისურით.

* * *
როგორც ჩანს, "ბარსელონა" ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბდა. ლაპარაკია ხორვატ ნახევარმცველ ალენ ჰალილოვიჩზე. როგორც ჩანს, 2015/16 წლების სეზონს ნიჭიერი ახალგაზრდა სადმე სხვაგან გაატარებს იჯარის წესით. 19 წლის ჰალილოვიჩის დამატება ძალიან სურთ ინგლისში, კერძოდ, "ევერტონი" და "ვესტ ჰემი" არიან დაინტერესებულნი მისით.

თუმცა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა არ ჩქარობს. მათი მიზანია ჰალილოვიჩისთვის ისეთი გუნდის შერჩევა, სადაც მას სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტია ექნება. ასეთებად კი 19 წლის ბიჭისთვის ინგლისის პრემიერლიგის საკმაოდ ღონიერი წარმომადგენლები ნაკლებად ესახებათ.

ლაპარაკი უფრო პრიმერას შედარებით აუტსაიდერებზე უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად კლუბები არ დასახელებულა.

* * *
სხვათა შორის, "ბარსას" წუხანდელი მეტოქე - "რომა" ლუის ენრიკეს ყოფილი გუნდია. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი მწვრთნელის ნათქვამი - იმედი მაქვს, ახალ სეზონში სკუდეტოს "რომა" მოიპოვებსო.

* * *
და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს დააინტერესებთ: ლუის ენრიკე აცხადებს, რომ გაოცებული და აღფრთოვანებულია იმით, რომ ლეო მესი და ნეიმარი საკმაოდ კარგ ფორმაში იხილა, ის უვარჯიშებელი არგენტინელისგან და ბრაზილიელისგან ასეთ შემართებასა და ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას არ ელოდა. ეს კი კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ 11-ში თბილისში მესი-სუარესი-ნეიმარის საოცარ ტრიოს ვიხილავთ შეტევაში.

"ბედნიერი ვარ, გავიგე, რომ მესიც და ნეიმარიც შვებულების დროსაც კი ვარჯიშობდნენ. ეს მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე მიუთითებს. ასეთ ბიჭებთან ერთად მუშაობა დიდი პატივია ჩემთვის. ისინი აუცილებლად ითამაშებენ "რომასთან" მატჩში", - როგორც ხედავთ, ეს განცხადება ლუის ენრიკემ "რომასთან" ამხანაგური მატჩის წინ გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული