საზაფხულო ლა ლიგა

AutoSharing Option

2010-11 წლების ლა ლიგა ანუ Liga BBVA, როგორც მას ოფიციალურად ეწოდება (სპონსორის სახელის გამო), ისტორიაში მე-80 გათამაშება იქნება. 28 აგვისტოს 20-გუნდიანი ქარავანი, რომელსაც სათავეში მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" უდგას, შეუყვება მომქანცველ, მაგრამ ძალზე საინტერესო 38-ტურიან გზას და ჩემპიონს 2011 წლის 22 მაისს (თუ მანამდე არა) გამოავლენს. ლა ლიგამ სამი კლუბი მოისაკლისა: "ვალიადოლიდი", "ტენერიფე" და "ხერესი", მათ ნაცვლად სეგუნდა დივიზიონიდან დაწინაურდნენ: "რეალ სოსიედადი", "ლევანტე" და "ერკულესი". ახალ ლა ლიგას ახალი ბურთი მოემსახურება "ნაიკ ტ90 ტრეისერი".   
მუნდიალი დასრულდა, "ფურია როხა" შინ ჩემპიონი დაბრუნდა,

დღეები გაგრძელდა ფიესტა ესპანეთის ქუჩებში, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ნელნელა მსოფლიოს ჩემპიონატის თემაც მინავლდა, წინ ლა ლიგაა! მით უფრო, რომ კლუბებმა უკვე დაიწყეს სამზადისი, ხუთი დღეა, რაც "რეალი" შეიკრიბა, გუშინ კი "ბარსელონაც" გამოცხადდა ჟოან გამპერის ბაზაზე. მოკლედ, დროა, გაგაცნობთ ლა ლიგის ოცეულის გეგმები...

ბარსელონა
20-გზის ჩემპიონი ტიტულის დაცვას ახლა უკვე ჟოზე მოურინიოს "რეალისგან" აპირებს. კატალონიელებს ყველაზე ხანმოკლე წინასასეზონო შეკრება ექნებათ, რადგან გუნდს 14 და 21 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის ორმატჩიანი ფინალი ელის. 29 ივლისს "ბარსელონა" ოსლოში პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს "ვოლერანგას" წინააღმდეგ. პირველი მატჩის გამართვისთანავე "ბლაუგრანა" თვითმფრინავით აზიისკენ აიღებს კურსს, სადაც მინიტურნირში მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მატჩი ამ ტურნირზე კატალონიელებს 2 მილიონ ევროს მოუტანს. 4 აგვისტოს პეპ გვარდიოლას გუნდი შეხვდება კორეის კეი ლიგის ფეხბურთელების "ყველა ვარსკვლავის" ნაკრებს. ოთხი დღის შემდეგ კი "ბარსელონა" ჩინეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც ოლიმპიურ სტადიონზე "გუონს" დაუპირისპირდება. სხვათა შორის, ეს შეხვედრა პეკინის ოლიმპიური თამაშების 2 წლისთავს ეძღვნება. ამის შემდეგ "ბარსა" სამშობლოში ბრუნდება სუპერთასისთვის საბრძოლველად.
ლა ლიგის წინ კი კატალონიური გრანდი აწყობს ტრადიციულ ტურნირს, რომელიც ჟოან გამპერის სახელობისაა. ტურნირის სპეციალური სტუმარია "მილანი", ასე რომ, კატალონიაში რონალდინიო ბრუნდება, რომელიც 2008 წელს დაემშვიდობა "ბარსელონას", თუ... მანამდე "მილანმა" ბრაზილიელი არ გაასხვისა.

რეალი
მადრიდის "რეალი" შეკრებას ახალი თავკაცის, ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობით, 16 ივლისიდან შეუდგა. დედაქალაქელები ლოს ანჯელესში გაფრინდებიან, საიდანაც ამერიკულ ტურნეს დაიწყებენ, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა თარიღები და მეტოქეები.

ვალენსია
ვალენსიამ საზაფხულო "რეზიდენციად" სლოვენია შეარჩია. "ღამურებს" ივლისის ბოლო კვირაში ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. "ვალენსია" 22 ივლისს ჩაფრინდება მარიბორში. პირველ თამაშს გუნდი 25 ივლისს გამართავს დაბა მურსკა სობოტაში საუდის არაბეთის კლუბ "ალ ჰილალის" წინააღმდეგ. 31 ივლისს უნაი ემერის გუნდი სელიეში ადგილობრივ "პუბლიკუმს" ეთამაშება. შემდეგ "ვალენსია" გერმანიას ეწვევა, სადაც "ჰანოვერს" გაეჯიბრება, მეორე დღეს კი უკვე "მარსელს" ეწვევა "ველოდრომზე". მოკლედ, "ღამურები" შუაევროპაში იმოგზაურებენ.
6 აგვისტოს "ვალენსია" ინგლისში ბირმინგემს ესტუმრება და "ასტონ ვილას" ეთამაშება, შემდეგ კი ყოფილი ვალენსიელი დავიდ სილვას "მანჩესტერ სიტის" გაეჯიბრება. 12 აგვისტოს "ვალენსიას" უკვე მაფიის სამშობლოში ვიხილავთ, სადაც ესპანური გუნდი "პალერმოს" გაეჯიბრება. მოგზაურობით დაღლილ "ღამურებს" პრეზენტაცია "მესტალიაზე" 18 აგვისტოს ექნებათ.

სევილია
"სევილია" 12-დან 23 ივლისამდე ლა როტაზეა დაბანაკებული. იქ ანდალუსიურმა გუნდმა ორი მატჩი უკვე გამართა, 23 ივლისს კი "სან ფერნანდოს" გაეჯიბრება. შემდეგ "სევილია" ანდალუსიის სანაპიროს დატოვებს და კარანსას ტროფეიში მიიღებს მონაწილეობას, "სევილია" "კადისს" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდება.
"სევილიასთვის" სეზონი ადრე იწყება ესპანეთის სუპერთასის ორი მატჩით 14 და 21 აგვისტოს "ბარსელონას" წინააღმდეგ. 18 და 25 აგვისტოს კი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება, მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია.

მალიორკა
ბალეარული კლუბი ბეწვზე გადაურჩა გაკოტრებას. გუნდმა შეკრებისთვის ჰოლანდია ირჩია, სადაც ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. სხვათა შორის, მიქაელ ლაუდრუპის გუნდი კარგა ხანია ემზადება სეზონისთვის, "მალიორკამ" შვედეთი მოილია, სადაც ერთნაირი ანგარიშით, 2:1 დაამარცხა "დიურგარდენი" და "ნორჩოპინგი". ჰოლანდიაში პირველი მატჩი "მალიორკას" "ცვოლეს" წინააღმდეგ აქვს 22 ივლისს. 25-ში ბალეარელები "ფეიენოორდს" ეთამაშებიან", 27-ში - "ვიტესს", 30-ში - "ჰერენვენს" და 1 აგვისტოს - "უტრეხტს". 7 აგვისტოს კუნძულელები "ბირმინგემ სიტის" ეთამაშებიან.

ხეტაფე
"ხეტაფეს" ევრონათლობა ელის - კლუბი პირველ ამხანაგურ მატჩს ბელგიაში 24 ივლისს გამართავს "ბეერსხოტის" წინააღმდეგ. სამ დღეში მიჩელის გუნდს ერედივიზიეს ჩემპიონი "ტვენტე" გამოცდის. 28 ივლისს მადრიდის გარეუბნის ბიჭები ჰოლანდია-გერმანიის საზღვარს გადაკვეთენ და "ოსნაბრუკს" შეხვდებიან, ესპანური გუნდი ისევ ჰოლანდიაში მიბრუნდება და 30 ივლისს "როდას" გაეჯიბრება. ესპანეთში დაბრუნებამდე "ლოს ასულონესი" კიდევ ერთ გასვლას მოაწყობს გერმანიაში, სადაც "ბოხუმთან" ისპარინგებს. სამშობლოში დაგეგმილია ორი ამხანაგური მატჩი, 12 აგვისტოს "ხეტაფე" პრიმერაში დაბუნებულ "ლევანტეს" ეწვევა, შემდეგ კი - "ვალიადოლიდს".

ვილიარეალი
"ყვითელი წყალქვეშა ნავი" დუბლინში 22 ივლისს "გაცურავს" და ორ დღეში "ატლონ თაუნთან" "წაივარჯიშებს". ესპანეთში "ვილიარეალი" ლონდონის გავლით დაბრუნდება, სადაც 29 ივლისს "ტოტენჰემს" შეხვდება. სამშობლოში გუნდი ერთ დღეზე მეტს არ გაჩერდება, "ვილიარეალი" ამჯერად პოლონეთში მიფრინავს და 31 ივლისს გდანსკში "ლეხს" შეხვდება. მოქმედების შემდგომი გეგმა ჯერ უცნობია.

ბილბაო
"ატლეტიკი" 12 ივლისიდან უელვაში, კერძოდ კი ქალაქ კანელიაშია დაბანაკებული. სამხრეთ ესპანეთში გუნდი 23 ივლისამდე რჩება. 21-ში ბასკებს პორტუგალიურ "ბრაგასთან" აქვს სპარინგი დადეგმილი. 8 აგვისტოს, შესაძLლოა, "ატლეტიკი" იტალიაში "იუვენტუსს" გაეჯიბროს.

ატლეტიკო
"ატლეტიკო" ანდალუსიურ ლოს ანხელეს დე სან რაფაელშია დაბანაკებული. 17 ივლისს მათ პირველი მატჩი 8:2 მოუგეს "ალკალას". ამ თამაშში "არსენალიდან" შემატებულმა ფრან მერიდამ გაიბრწყინა. 24 ივლისს უეფას ლიგის პირველი გამარჯვებული "მანუელ რუის დე ლოპერაზე" "ბეტისს" ეთამაშება. 1 აგვისტოს "ატლეტიკო" ტაილანდში იქნება და ბანგკოკში ამხანაგურ მატჩს გამართავს. შემდეგ დედაქალაქის გუნდი სამშობლოში კარანსას ტურნირში მიიღებს მონაწილეობას (6-8 აგვისტო). შემდეგ კიდევ ერთი ტურნირია სიუდად დე პალმაში (17-19 აგვისტო). "ატლეტიკოს" 27 აგვისტოს ევროპის სუპერთასი ელის "ინტერის" წინააღმდეგ.

დეპორტივო
გუშინ "დეპორი" შვეიცარიაში გაემგზავრა. გალისიელები იქ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, "იანგ ბოიზის" და "ტვენტეს" (ან "შტუტგარტის") წინააღმდეგ. 24 ივლისს გუნდი შვეიცარიას დატოვებს და გერმანიაში გაემგზავრება - 25-ში ბერლინის "უნიონს" შეხვდება. ამის შემდეგ "დეპორტივოს" ბრიტანული ტურნე ელის: 31 ივლისს "კარდიფის" წინააღმდეგ, 3 აგვისტოს "ნიუკასლთან", 7-ში - "ვესტ ჰემთან". ამის შემდეგი გეგმა ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი.

ესპანიოლი
"ესპანიოლი" შვებულებიდან 12 ივლისს გამოვიდა. კატალონიელები ხირონაში გაემგზავრნენ, სადაც "პალამოსს" (24 ივლის) და "პერალადას" (28 ივლისი) ეთამაშებიან. ბარსელონაში დაბრუნებულები ქალაქის თასზე "სამპდორიას" შეხვდებიან (31 ივლისი).
აგვისტოში კატალონიელები გერმანიაში რამდენიმე სპარინგს გამართავენ, რომელთაგანაც დადასტურებული ჯერ მხოლოდ ერთია - 8 აგვისტოს "ჰამბურგის" წინააღმდეგ.

ოსასუნა
21 ივლისამდე ნავარელები მშობლიურ პამპლონას არ გასცილდებიან. შემდეგ კი ანდალუსიაში, ხერესში პირველ შეკრებას მოაწყობენ. 31 ივლისს მათი მეტოქე "ლას პალმასი" იქნება. ამის შემდეგ "ოსასუნა" ინგლისში მიემგზავრება და ამხანაგურ მატჩებს გამართავს: "ბოლტონთან" (6 აგვისტო), "ვესტ ბრომვიჩთან (7 აგვისტო). სამშობლოში დაბრუნებული გუნდი, დაბა ტუდელაში "ნუმანსიას" შეხვდება (11 აგვისტო), 15 აგვისტოს კი მადრიდს ესტუმრება და სპარინგს "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს. 18 აგვისტოს "ოსასუნა" "ვალიადოლიდს" ეთამაშება. გუნდს ბოლო ამხანაგური მატჩი სეზონამდე მშობლიურ "რეინო დე ნავარაზე" ექნება ბასკური "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.

ალმერია
12-დან 23 ივლისამდე "ალმერია" საკუთარ სტადიონ "მედიტერანეოსზე" აწყობს შეკრებას - კლუბს ხელს კლიმატური პირობები უწყობს და შორს წასვლა მხოლოდ ამხანაგური მატჩების გასამართავად თუ ესაჭიროება. შემდეგ "ალმერია" მეზობლად მურსიაში გადაინაცვლებს და იქ 3 აგვისტომდე დარჩება. მურსიაში მესამე დივიზიონების გუნდებთან "ალმერია" სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. აგვისტოში ანდალუსიელები "ალბასეტეს" (7) და "ტენერიფეს" (10 ან 11) ხვდებიან. 14 აგვისტოს "როხიბლანკოსი" საკუთარ სტადიონზე "გრანადას" მიიღებენ. შემდეგ "ალმერია" "ბეტისს" (18) და იმავე "გრანადას" (21) ესტუმრება.

სარაგოსა
კლუბმა მზადება 14 ივლისს სორიის დაბა ნავალენოში დაიწყო. 21-ში "სარაგოსა" "ატლეტიკო კალატაიუდს" შეხვდება. 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე "სარაგოსა" შორეულ ჩილეს ეწვევა, ესპანეთში დაბრუნებული "სარაგოსა" "უიგანთან" (4 აგვისტო), "ტენერიფესთან (8) და "ნუმანსიასთან" (14) ისპარინგებს.

სპორტინგი
14 ივლისს ხიხონელთა შეკრება ესკუელა დე მარეოში დაიწყო. 21 ივლისს "სპორტინგის" მეტოქე "ხიმნასტიკაა". "სპორტინგის" გრაფიკი ასეთია: "ბარაკალდო" (28 ივლისი), "მარინო" (31 ივლისი), "ლოგრონიესი" (4 აგვისტო), "პონფერანდინა" (7), "ესპანიოლი" (11), "რეალ სოსიედადი" (14), "რასინგი" (16). 18 აგვისტოს ხიხონელები კოლომბინოს ტურნირში ჩაებმებიან, მათი მეტოქე "ატლეტიკოა". მეორე დღეს ტურნირის კიდევ ერთი მატჩია დაგეგმილი.  

რასინგი
კლუბი 12 ივლისიდან ემზადება. 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე სანტანდერელებს შეკრება გერმანულ შნევერდინგენში აქვთ. გემანიაში მათი მეტოქეები იქნებიან: "პადერბორნი" (24 ივლისი), "აინტრახტი" (27), "ზანკტ პაული" (30), "კილი" (31). აგვისტოში "რასინგი" გაეჯიბრება: "პარმას" (5 აგვისტო), "ლაციოს" (10), "სპორტინგს" (16) და "სალამანკას" (21).

მალაგა
"მალაგა" 12 ივლისიდან ბენაჰავისშია დაბანაკებული. პირველი შეკრება 24 ივლისს დასრულდება. ამის შემდეგ გუნდი სამ თამაშს გამართავს, ყველაზე სერიოზული მეტოქე კი "ბეტისი" ეყოლება (31 ივლისი). 5-დან 13 აგვისტომდე "მალაგა" გერმანულ ფრანკფურტშია. მისი მეტოქეები არიან: "მაინცი" (8 აგვისტო), ჯერ უცნობი გუნდი (10) და "ვეენი" (12). 18 აგვისტოს მალაგელებს რეგიონული დერბი ექნებათ "გრანადასთან", ბოლო მეტოქის ვინაობა (21 ან 22 აგვისტოს) კი ჯერ უცნობია.

რეალ სოსიედადი
სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონი გუშინ გამოვიდა შვებულებიდან. 30 ივლისს ბასკებს პირველი სპარინგი აქვთ, "ელგოიბართან". 2-9 აგვისტოს დაგეგმილია საზღვარგარეთული შეკრება. შინ დაბრუნებული სან სებასტიანელები 11 აგვისტოს "ეიბარს" ეთამაშებიან, 14-ში - "სპორტინგს", 18-ში - "უნიონს", 22-ში - "ოსასუნას".

ერკულესი
ალიკანტეელებმა ოფიციალურად 19 ივლისს გახსნეს ბანაკი. გუნდი გოლფის სამეფო კლუბის ბაზაზეა დაბანაკებული. "ერკულესს" ჯერ არ დაუდგენია ამხანაგურების ზუსტი თარიღები გარდა ერთისა - 21 აგვისტოს "ერკულესი" "რეალს" ეთამაშება.

ლევანტე
16 ივლისიდან ვალენსიური კლუბი შეკრებილია, 21-ში "ლევანტე" ბენასკეში მიდის, სადაც 30 ივლისამდე რჩება. "ლევანტე" რამდენიმე უცნობ გუნდსაც შეხვდება. 12 აგვისტოს შოთა არველაძის ყოფილი გუნდი "ხეტაფეს" გაეჯიბრება. 15-ში კი ის ბენიდორმის ტურნირში ჩაებმება "ბენიდორმისა" და "ბეტისის" წინააღმდეგ. "ლევანტე" მზადებას 21 აგვისტოს "ალკოიანოს" წინააღმდეგ დაასრულებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული