ატლეტიკოში, საზარელი ტრავმის შემდეგ

AutoSharing Option

ესპანეთში სატრანსფერო სეზონი ნელნელა შედის ეშხში. ყოველდღიურად ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერის ამბავს მაინც ვიგებთ. გუშინ "დეპორტივო" და "ატლეტიკო" ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუიშის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში დაინვალიდებას ბეწვზე გადაურჩა, კარიერას მადრიდულ კლუბში გააგრძელებს. დღეს-ხვალ ფილიპე ლუიში სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ატლეტიკოსთან" ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. გალისიური კლუბი მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ტრანსფერი "დეპორტივოს" სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებისგან იხსნის, რადგან კლუბს ნახევარმცველ სერხიო გონსალესის ვალი ჰმართებს (4 მილიონ ევრომდე). თუკი "დეპორტივო" ვალს 2 აგვისტომდე არ გაისტუმრებს, კლუბი შეიძლება დააქვეითონ. 

სხვათა შორის, სამედიცინო შემოწმებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მადრიდში ყველას აინტერესებს მოირჩინა თუ არა ბოლომდე ფილიპე ლუიშმა მარჯვენა ფეხის ტრავმა, რომელიც მან 23 იანვარს "ბილბაოსთან" თამაშში მიიღო. იმ მომენტში, როცა ბრაზილიელმა ბასკებს გოლი გაუტანა, მეტოქის გოლკიპერი გორკა ირაისოსი ცუდად დაეცა მას ფეხზე. დაზიანება უსერიოზულესი იყო, კადრები კი საზარელი სანახავი. ბევრი შეშინდა, რომ ფილიპეს ფეხი სულ არ მოწყვეტოდა, გალისიელთა ბანაკი პანიკამ მოიცვა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელმა, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში დაცვასა და ნახევარდაცვაში, გამოჯანმრთელება შეძლო და ბოლო ტურებში ითამაშა კიდეც. თუმცა ამ ტრავმის გამო მან დაკარგა ადგილი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში და მუნდიალის გარეშე დარჩა.           

შარშან ფილიპე ძალიან ახლოს იყო "ბარსელონაში" გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში "დეპორტივომ" 20 მილიონი ევრო მოსთხოვა კატალონიურ კლუბს და ჟოან ლაპორტამ გალისიელთა პრეზიდენტი აუგუსტო ლენდოირო პირში ჩალაგამოვლებული დატოვა - მაშინ "ბარსელონამ" "ინტერიდან" მაქსველი შეიძინა.

ფილიპე ლუიშ კაშმირსკი 24 წლისაა, პროფესიული კარიერა მან "ფიგუერენსეში" დაიწყო, საიდანაც 2004 წელს იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. შემდეგ წელს ფილიპე "სამეფო კლუბმა" აიყვანა, თუმცა უმთავრესაც ბ გუნდში ათამაშა. ახალ სეზონში მან კლუბი კვლავ გამოიცვალა და კვლავ იჯარით გაატარა ორი სეზონი "დეპორტივოში". მას შემდეგ, რაც ხოან კაპდევილა "ვილიარეალში" გადავიდა, ბრაზილიელმა "დეპორის" სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 2008 წლის ზაფხულში კი "დეპორტივომ" სამხრეთ ამერიკელებს 2,2 მილიონი ევრო გადაუხადა და ფილიპეს ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. მისი მამა პოლონური წარმოშობისაა (მოიზეს კაშმირსკი), ამიტომ ფილიპეს შეეძლო პოლონეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ შარშან ზაფხულში დუნგამ ის ტრავმირებული მარსელოს ნაცვლად გამოიძახა ბრაზილიის ნაკრებში. დუნგა ფილიპეს მუნდიალის გაფართოებულ სიაში მოიაზრებდა ტრავმამდე...
პრიმერა დივიზიონის "ოსასუნამ" შევსება ქვედა ლიგის "ბეტისიდან" მიიღო. მას შემდეგ, რაც ანდალუსიურმა კლუბმა ვერ შეძლო პრიმერაში დაბრუნება, გუნდის 28 წლის მცველმა დამიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ნავარულ კლუბში წავიდა. მარჯვენა მცველი კლუბის შეკრებაზე, ხერეს დე ლა ფრონტერაზე შეუერთდება ახალ თანაგუნდელებს. "ოსასუნა" დამიას პრეზენტაციას პამპლონაში დაბრუნების შემდეგ მოაწყობს. მცველი ნავარელთა მეოთხე შენაძენია ამ ზაფხულს. ფეხბურთელმა "ოსასუნასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აქამდე "ოსასუნამ" დეიან ლეკიჩი, ასეირ რიესგო და ფერნანდო სორიანო შეიძინა. დამიამ გუნდში საფრანგეთში გადაბარგებული სესარ ასპილიკუეტა უნდა შეცვალოს.

დამია აბელა პერესი კატალონიელია, მას შეუძლია ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში. 2004 წელს დამია "ბარსელონამ" შეიძინა, თუმცა ორი სეზონის განმავლობაში მან ძირითად გუნდში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს "ბარსამ" მცველი "რასინგში" გაანათხოვრა. ბოლო ოთხი სეზონი მან "ბეტისში" გაატარა და კლუბთან ერთად დაემშვიდობა პრიმერას.

ებრაელმა გოლკიპერმა დუდუ ავატემ "მალიორკასთან" კონტრაქტი 2013 წლის ივნისამდე გააგრძელა. ავატემ გრეგორიო მანსანოს მოწადინებით შეძლო ბალეარული კლუბის ძირითადი მეკარის სტატუსის მოპოვება, მას შემდეგ, რაც არგენტინელ ხერმან ლუქსს აჯობა კონკურენციაში. გასულ სეზონში ავატემ 38-დან 37 მატჩში დაიცვა "მალიორკას" კარი და დიდად განაპირობა კლუბის შარშანდელი წარმატება. სამშაბათს "სარაგოსამ" ოფიციალურად გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი ვეტერან არგენტინელ მეკარე ლეო ფრანკოს. ორწლიანი თურქული ვოიაჟის შემდეგ ის კვლავ პრიმერა დივიზიონს დაუბრუნდა, სადაც "მალიორკაში" და "ატლეტიკოში" უთამაშია. საინტერესო შენაძენი გააკეთა "მალაგამ", რომელიც ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველით გაძლიერდა - 25 წლის სანდრო სილვა ევროპაში "პალმეირასიდან" გადმოვიდა. "მალაგამ" 3,5 მილიონ ევროდ იყიდა კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი, 20 წლის ვენესუელელი ფორვარდი ხოსე სალომონ რონდონი. 190 სმ. სიმაღლის რონდონი აქამდე კანარულ "ლას პალმასში" თამაშობდა.

ლელო

ესპანური ტრანსფერები
(15 ივლისიდან დღემდე)

  • ფეხბურთელი საიდან სად თანხა
    ხავი ლოპესი მალაგა პონფერადინა იჯარა
    გრეგორი ბერანჟერი (საფ) ესპანიოლი ტენერიფე თავ. აგ.
    პედრო ლეონი ხეტაფე რეალი 10 მლნ. €
    გილერმე ოლივეირა (ბრა) ალმერია ვალიადოლიდი იჯარა
    ფერნანდო მარკესი ესპანიოლი პარმა თავ. აგ.
    ფერნანდო ვარელა მალიორკა კასიმპაშა (თურ) თავ. აგ.
    ხოსე კულებრასი ტენერიფე ნუმანსია თავ. აგ.
    ადრიანო კორეია (ბრა) სევილია ბარსელონა 10 მლნ. €
    მიგელ პალიარდო ხეტაფე ლევანტე იჯარა
    ემილიანო არმენტეროსი (არ) სევილია რაიო იჯარა
    ხავიერ მალაგუენო (არგ) ხუარესი (მექ) მალაგა 2 მლნ. €
    მიჩელი ხერესი გვადალახარა თავ. აგ.
    ხოსე ანხელ კრესპო სევილია პადოვა (იტ) თავ. აგ.
    რუბენ პულიდო სარაგოსა ესკიშეჰირი (თურ) თავ. აგ.
    დავიდ როდრიგესი ალმერია სელტა თავ. აგ.
    ინიგო სარასოლა სოსიედადი უნიონი იჯარა
    მიგელ ანხელ ლუკე ბარსელონა ბ ალმერია თავ. აგ.
    მათიას ფრიცლერი (არგ) ლანუსი ერკულესი იჯარა
    სანდრო სილვა (ბრა) პალმეირასი მალაგა თავ. აგ.
    სერხიო დიასი ერკულესი ხიმნასტიკი თავ. აგ.
    სალომონ რონდონი (ვენ) ლას პალმასი მალაგა 3,5 მლნ. €
    ხორხე პინა ლევანტე ალბასეტე თავ. აგ.
    დავიდ ბელენგერი ხეტაფე ბეტისი თავ. აგ.
    ფილიპე ლუიში (ბრა) დეპორტივო ატლეტიკო 12 მლნ. €
    დამია ბეტისი ოსასუნა თავ. აგ.
    რიჩი ტენერიფე მურსია თავ. აგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული