პრეზიდენტის უპასუხო ზარი და ნაკრებში მოხვედრის შანსი

AutoSharing Option

"ბარსელონას" ახალწვეულმა ადრიანო კორეიამ პირველი ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საიტს.

- როგორ გრძნობთ თავს ახალ ამპლუაში?
- ძალიან კარგად, დიდებულად. ახალი თანაგუნდელები გავიცანი და თავს ნამდვილ "ბარსელონელად" მივიჩნევ.

- თქვენი სადებიუტო მატჩი "სევილიას" რიგებში "ბარსას" წინააღმდეგ იყო და ბოლოც.
- სხვათა შორის ამას არც დავკვირვებივარ. ახლა უკვე აქ ვარ და ბედნიერი ვარ ახალი როლით. ყველაფერს გავიღებ "ბარსას" წარმატებისთვის.

- ახლა კი თქვენი დებიუტი "ბარსელონაში" "სანჩეს პისხუანზე" იქნება ესპანეთის სუპერთასზე, როგორ ფიქრობთ, რა დახვედრას მოგიწყობენ ადგილობრივი გულშემატკივრები?
- ვფიქრობ, "სევილიას" ფანები გულთბილად დამხვდებიან. ხუთი

წელი თავდაუზოგავად ვიშრომე ამ კლუბისათვის და ჩემი სახელიც ჩავწერე მის ისტორიაში.

- ხოსე მარია დელ ნიდოსთან მოლაპარაკება არც ისე იოლია, როგორ დაითანხმეთ ტრანსფერზე?

- "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის კარგმა ურთიერთობამ ტრანსფერი გააიოლა. დელ ნიდომ კარგად იცოდა, რომ "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი და ხელი არ შემიშალა.

- როდის გაიგეთ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ?
- "სევილიას" ახალი დაწყებული ჰქონდა შეკრება, ჩვენ ლა როტაში ვიყავით დაბანაკებული. ვარჯიში, რომ დავასრულე მობილურზე პრეზიდენტის ზარი ვნახე დაფიქსირებული. ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე, გადავურეკე, მაგრამ დაკავებული იყო. შემდეგ ჩემს აგენტს დავუკავშირდი და მისგან შევიტყე ეს სიახლე.

- და როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- ოცნება ამიხდა და როგორი რეაქცია მექნებოდა? ცხადია, ძალიან გამეხარდა.

- ვის დაურეკეთ პირველად ახალი ამბის მოსაყოლად?
- ჩემს მეუღლეს და ვაჟს. ერთი წლის წინათ, შვილს ვკითხე, თუ რომელ გუნდში ისურვებდა ჩემს გადასვლას, მისი პასუხი იყო - "ბარსა". ასე რომ, მას ძალიან გაუხარდა.

- ფიქრობთ, რომ თვენი ანდალუსიური კარიერა ლოგიკურად დასრულდა?
- დიახ. ამ გუნდისთვის ბევრი გავიღე და ბევრი ტიტულიც მოვიპოვე. სევილიას კმაყოფილი ვტოვებ.

- რა მოგცათ "სევილიაში" გატარებულმა კარიერამ?
- "სევილიაში" 19 წლის ბიჭი მოვხვდი, მას მერე ნამდვილ პროფესიონალად ჩამოვყალიბდი, ტაქტიკურ-ტექნიკურად დავიხვეწე და ფსიქოლოგიურად მოვმაგრდი.

- რა გითხრათ თქვენმა მეგობარმა დანი ალვეშმა "ბარსაზე"?
- რომ ეს საოცარი გუნდია, სადაც ყოველი დღე დღესასწაულია, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ.

- რა გითხრათ პეპ გვარდიოლამ?
- რომ რაც შეიძლება მალე შევეწყო ახალ კლუბს და ჩემი პოტენციალი სრულად გამოვავლინო.

- თქვენ უნივერსალი ხართ, ფიქრობთ, რომ ეს "ბარსელონას" ძირითადში მოსახვედრად დაგეხმარებათ?
- რა თქმა უნდა. მზად ვარ ვითამაშო ნებისმიერ პოზიციაზე და დავიხარჯო ბოლომდე.

- მაგრამ ალბათ არის თქვენთვის ერთი, საყვარელი პოზიცია?
- მარცხენა მცველობა.

- მაგრამ თქვენ ხომ მემარჯვენე ხართ?
- ორივე ფეხით თანაბრად ვთამაშობ, რაც მამაჩემის დამსახურებაა. ის ბავშვობიდან მიხსნიდა, რომ თუ ორივე ფეხით ერთნაირად ვითამაშებდი, ფეხბურთში ბევრს მივაღწევდი. მამა მართალი იყო...

- ალბათ ძალიან რთული იყო თქვენთვის, როცა მუნდიალს მიღმა დარჩით?
- ძალიან მძიმედ გადავიტანე. ხშირმა ტრავმებმა ბრაზილიის ნაკრებში ადგილი დამაკარგვინეს. "ბარსელონაში" თამაში ახალ შანსს მომცემს, ამაში დარწმუნებული ვარ.

- როგორ შეაფასებთ ესპანეთის ნაკრების თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- თავიდანვე ფავორიტად ესპანეთი მიმაჩნდა. "ფურია როხამ" დამსახურებულად მოიგო მუნდიალი. მსოფლიოს საუკეთესო ლიგის მქონე ქვეყანას ხომ უნდა მოეგო ოდესმე ჩემპიონატი.

- რა უყვარს ადრიანოს ფეხბურთის გარდა?
- უბრალო ადამიანი ვარ, სახლში ყოფნა მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან. მინდა მალე შევეგუო ქალაქს და კატალონიური ვისწავლო.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული