ბუნდესლიგა. XXV ტური: "ბაიერნს" ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
იმ სეზონებში, როცა მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხება განსაკუთრებით რთულია, "გლადბახი" მაინც ახერხებს ხოლმე რეკორდმაისტერისთვის ქულების ართმევას, მაგრამ ამ სეზონში ესეც არ მოხდა.

გუშინ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა "ბორუსია პარკზე" თომას მიულერის გოლის წყალობით გაიმარჯვეს - დიახ, მიულერმა გოლის გემო გაიხსენა!

თომასმა ამ სეზონში მხოლოდ მეორე ბურთი გაიტანა - პირველი 10 დეკემბერს ჰქონდა გატანილი და მისმა უგოლო სერიამ ჯამში 848 წუთი შეადგინა. თანაც, ეს მიულერის 250-ე მატჩი გახლდათ ბუნდესლიგაში. მართალია, თომასს ამ სეზონში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ სამაგიეროდ, 10 საგოლე გადაცემით ის გერმანიის
მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა.

ამ გამარჯვების შემდეგ რეკორდმაისტერი მეორე ადგილზე მყოფ "ლაიპციგს" უკვე 13 ქულით უსწრებს. დაგვეთანხმებით, ეს "ბაიერნისთვის" უკვე ჩემპიონობას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, მიუნხენში მთლად კმაყოფილები არ არიან. საქმე ისაა, რომ როდესაც მოედნიდან გადიოდა, არიენ რობენმა ანჩელოტის ხელი არ ჩამოართვა. მერე ჰოლანდიელი სკამზე კოპებშეკრული იჯდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაიპციგი" საბოლოოდ აირია. "აუგსბურგთან" ფრის (2:2) და საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგთან" წაგების (0:1) შემდეგ საქსონიელი "ხარები" ბრემენშიც დამარცხდნენ და უკვე 0:3! ზედიზედ მეორე წაგება და სამმატჩიანი მოუგებელი სერია კი "ლაიპციგისთვის" იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა ჩემპიონობაზე აღარ უნდა იოცნებოს და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვის უნდა ეშინოდეს. მართალია, ამ დროისთვის მეხუთე ადგილზე მყოფი "ჰერტა" "ლაიპციგს" 9 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თუ ჰაზენჰიუტლის შეგირდები ასე გააგრძელებენ, გამორიცხული არაფერია.

"ვერდერისთვის" კი ეს ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე გამარჯვება გახლდათ, რომლითაც ბრემენელებმა გადარჩენისთვის ბრძოლაში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარეს. აღსანიშნავია, რომ "ვერდერმა" პირველად შეძლო ისეთი თამაშის მოგება, რომელშიც სამი მცველით ითამაშა (მანამდე 2 ფრე და 4 მარცხი). ლაიპციგელებმა კი სამი მცველით სულაც პირველად ითამაშეს და იმდენად ჩაფლავდნენ, რომ ლოგიკურად, ასეთი ტაქტიკა აღარასოდეს უნდა აირჩიონ. პირველად მოხდა ისე, რომ "ლაიპციგმა" ზედიზედ ორი მარცხი იწვნია.

"ლაიპციგს" დორტმუნდის "ბორუსია" უკვე სათოფეზე მიუახლოვდა. თომას ტუხელის ბიჭებმა პარასკევს "ინგოლშტადტი" 1:0 დაამარცხეს და ის ერთადერთი გოლი, რა თქმა უნდა, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა, რომელმაც ამ სეზონში 23-ე გოლი გაიტანა. გაბონელისთვის ეს ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში მე-9 გოლი გამოდგა!

აღსანიშნავია, რომ ინგოლშტადტელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, 4-5 რეალური საგოლე მომენტიც შეექმნათ, მაგრამ მიზანს ვერაფრით მიაღწიეს. 52-ე წუთზე "დორტმუნდს" მაგრად გაუმართლა: "ბორუსიას" მეკარე ბიურკიმ ინგოლშტადტელთა თავდამსხმელის, ლესკანოს წინააღმდეგ საჯარიმოში წესები აშკარად დაარღვია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არბიტრები ინგოლშტადტელებს ჩაგრავენ. აი, ასე იზეიმა "დორტმუნდმა" ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დორტმუნდელებს შინ 33-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რითაც "ბაიერნის" 14 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორეს.

"დორტმუნდს" ფეხდაფეხ მისდევს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს "ჰოფენჰაიმი" - გუნდი, რომელსაც ჯერ კიდევ მხოლოდ ორი მატჩი აქვს წაგებული. "სოფლელებმა" ამჯერად "ლევერკუზენის" დამარცხება მოახერხეს და 5 ქულით გაასწრეს "ჰერტას", რომელიც ასევე გააფთრებით იბრძვის საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად, მაგრამ ბერლინელები ამ ტურში უშუალო კონკურენტ "კიოლნთან" დამარცხდნენ (2:4).

აუტსაიდერმა "დარმშტადტმა" წინა ტურში "მაინცს" მოუგო და იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა, მაგრამ ტორსტენ ფრინგსის ბიჭები შაბათს "ვოლფსბურგთან" დამარცხდნენ და დიდი ალბათობით, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდებიან.

XXV ტური
დორტმუნდი-ინგოლშტადტი 1:0
გოლი: 1:0 ობამეიანგი (14)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი - დურმი, კასტრო (83. მერინო), გერეირო (56. ვაიგლი), შმელცერი - პულიშიჩი (77. შიურლე), კაგავა - ობამეიანგი.
ინგოლშტადტი (3-4-2-1): ჰანსენი - მ. მატიპი, ბრეგერიე, ტისერანდი - ჰადერგონაი, კოენი (83. მულტჰაუპი), მორალესი (90. ჰინტერზეერი), ზუტნერი - ლეკიე, კიტელი (75. პ. გროსი) - ლესკანო.
მაყურებელი: 81 360

ვოლფსბურგი-დარმშტადტი 1:0
გოლი: 1:0 გომესი (45+1)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე, ლუის გუსტავო, ი. ჰორნი - ბაზური (80. ტრეში), გილავოგი - ვიეირინია, არნოლდი (46. ნტეპი/86. მაიორალი), მალი - გომესი.
დარმშტადტი (4-2-3-1): ფერნანდესი - სირიგუ (57. პლატე), ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - ჰამით ალთინთოფი, გონდორფი - შტაინჰიოფერი, სემი, ჰელერი (85. კამავუაკა) - შიპლოკი (69. ჩოლაკი).
მაყურებელი: 28 104

კიოლნი-ჰერტა 4:2
გოლები: 1:0 ოსაკო (6), 2:0 მოდესტე (35), 3:0 მოდესტე (37), 3:1 იბიშევიჩი (50-პენ), 4:1 მოდესტე (63), 4:2 ბრუკსი (69)
კიოლნი (4-2-2-2): ტ. ჰორნი - ოლკოვსკი, მარო, სუბოტიჩი, ი. ჰექტორი - იოიჩი (77. სიორენსენი), მ. ლემანი - კლემენსი, ცოლერი (62. ჰიოგერი) - ოსაკო, მოდესტე.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი (46. ალაგუი) - ჰარაგუჩი (73. მიტელშტედტი), დარიდა, კალუ (30. ვაიზერი) - იბიშევიჩი.
მაყურებელი: 49 500

აუგსბურგი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (30-პენ), 1:1 სტაფილიდისი (38)
აუგსბურგი (3-5-2): ჰიტცი - დანსო (73. რიდერი), გუველეუვი (29. კაჩარი), ჰინტერეგერი - ტაიგლი, მორავეკი (64. ბობადილია), ლაიტნერი, კორი, სტაფილიდისი - ჟი, კოო.
ფრაიბურგი (3-5-1-1): შვოლოვი - გულდე, შუსტერი, კემპფი - კიუბლერი (46. იგნიოვსკი), ჰაბერერი, ჰიოფლერი (37. აბრაში), ფრანტცი, გიუნტერი - ფილიპი (87. პეტერსენი) - ნიდერლეხნერი.
მაყურებელი: 28 843

ვერდერი-ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (34), 2:0 გრილიჩი (59), 3:0 კაინცი (90)
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, სანე, მოისანდერი - გებრე სელასიე, გრილიჩი (73. კაინცი), დელანი (83. მ. ეგშტაინი), იუნუზოვიჩი, ბაუერი - ბარტელსი, პისარო (73. იოჰანსონი).
ლაიპციგი (3-4-3): გულაჩი - უპამეკანო, ორბანი, კომპერი (56. ზელკე) - შმიტცი (81. ბურკი), ილსანკერი, დემე, ჰალსტენბერგი - ზაბიტცერი, ვერნერი, ფორსბერგი.
მაყურებელი: 41 384

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 ვაგნერი (62)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ბიჩაქჩიჩი, ზიულე, ჰიუბნერი - ტოლიანი (46. შვეგლერი), დემირბაი (85. პოლანსკი), რუდი, კრამარიჩი, ცუბერი - ვაგნერი, სალაი (58. ამირი).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, დრაგოვიჩი, ჰენრიხსი - ბაუმგარტლინგერი (82. კისლინგი), კამპლი - ბელარაბი, ბრანდტი (71. ბაილი) - მეჰმედი, ფოლანდი (71. ჩიჩარიტო).
მაყურებელი: 28 117

აინტრახტი-ჰამბურგი 0:0
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - აბრაამი, რუსი (81. ტავათა), მ. ჰექტორი - ჩენდლერი, მასკარელი, გაჩინოვიჩი, ოჩიპკა - ფაბიანი - ჰრგოტა (84. ა. მაიერი), რებიჩი (90. დ. ბლუმი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კ. პაპადოპულოსი, იუნგი, ოსტჟოლეკი - გ. საკაი, ეკდალი - ჰანტი (71. ნ. მიულერი), ჰოლტბი (60. გრეგორიჩი), კოსტიჩი - ვუდი (91. ლასოგა).
მაყურებელი: 51 500

მაინცი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 კოლაშინაცი (50)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბუნგერტი, რამალიო, ბროზინსკი - გბამინი, ლატცა (82. მუტო) - იოზთუნალი, ბოიანი (61. კუაისონი), ჟაირო (61. დე ბლაზისი) - კორდობა.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - კერერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი, კოლაშინაცი - გორეტცკა (46. ბენტალები), სტამბული - შიოპფი, მ. მაიერი (62. დ. კალიჯური), ჩუპო-მოტინგი - ბურგშტალერი (83. დი სანტო).
მაყურებელი: 30 847

გლადბახი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 თ. მიულერი (63)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - იანჩკე (73. დრმიჩი), შტრობლი - ჰერმანი (64. აზარი), ჰანი (81. ბენესი) - რაფაელი, ჰოფმანი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო (77. კიმიხი), ტიაგო ალკანტარა - რობენი (85. რენატო სანჩესი), თ. მიულერი, რიბერი (73. კომანი) - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 54 014

ბომბარდირები: 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 21 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
31 მარტი:
ჰერტა-ჰოფენჰაიმი;

1-ლი აპრილი:
ბაიერნი-აუგსბურგი, შალკე-დორტმუნდი, ჰამბურგი-კიოლნი, ფრაიბურგი-ვერდერი, ლაიპციგი-დარმშტადტი, აინტრახტი-გლადბახი;

2 აპრილი:
ინგოლშტადტი-მაინცი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული