"ლაიპციგი" - ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ჯერ არ ვიცით მომავალი ჩემპიონთა ლიგის სრული შემადგენლობა, მაგრამ იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაწილე "ლაიპციგი" იქნება. წამით დავივიწყოთ ერთი და იგივე სპონსორის თემა ავსტრიულ "ზალცბურგთან" დაკავშირებით. ისე კი გუნდი, რომელსაც ლამის ვერავინ იტანს გერმანიაში, ეცდება, ბუნდესლიგაში დაწყებული ზღაპარი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე განაგრძოს.

სცენარი პირველი
"ლაიპციგის" ხელმძღვანელობა შეძლებს და ლიდერებს შეინარჩუნებს. ასეთ შემთხვევაში გუნდის პოტენციალი ჩემპიონთა ლიგაზე დიდი იქნება. თუ რალფ რანგნიკმა კადრების გადინება თავიდან აიცილა, მაშინ გუნდისაგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

რა იქნება "ლაიპციგის" მიზანი ჩემპიონთა
ლიგაზე? როგორც წესი, როცა საქმე ეხება ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს, დებიუტანტები ცოტა მოკრძალებულად აზროვნებენ და გეგმავენ. ასეა ძალიან ხშირად, მაგრამ ეს ამბიციური და წარმატებული პროექტი ავტორიტეტებს არ ცნობს.

თუ გუნდმა შეინარჩუნა შემადგენლობა, სულაც არ გამოვრიცხავთ, მომავალ სეზონში გერმანული კლუბის შესრულებით იგივე ვიხილოთ, რაც ჩვენ ჯერაც მიმდინარე ლიგაზე გვანახა "მონაკომ".

თუ გაუძლეს...
ეგაა, კარსმომდგარ ზაფხულში "ლაიპციგის" ხელმძღვანელობას ძალიან დიდი ცდუნების გაძლება მოუწევს. თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურს ამ გუნდის ფეხბურთელები. ეს გასაკვირი სულაც არაა იმ თამაშის ფონზე, რომელიც "ხარებმა" დასრულებულ ბუნდესლიგაში აჩვენეს.

ტიმო ვერნერზე ნახევარი ბუნდესლიგა ნადირობს. ნაბი კეიტას ინგლისური პერსპექტივა აქვს, ხოლო ემილ ფორსბერგი ევროპული გრანდებისათვის სასურველი ფეხბურთელია. ფორსბერგმა 19 საგოლე პასი (!) მიითვალა და, ბუნებრივია, ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა, გუნდის სანახევროდ დაშლის ტოლფასია. არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ტიმო ვერნერიც, რომელმაც 21 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, რაც 21 წლის ასაკში ფენომენალური შედეგია.

თუ ლიდერები წავიდნენ, ან ორმა მათგანმა მაინც დატოვა გუნდი, დიდი შანსია, გერმანიის ცერცხლისმედალოსანს ჯგუფური ბარიერის დაძლევაც კი გაუჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული