რეკორდმაისტერის ახალი ცხრიანი

AutoSharing Option
„ბაიერნი“ ერთი თავდამსხმელი მეორეთი ჩაანაცვლა. ფორვარდი, რომელმაც რეკორდმაისტერი დატოვა, ყველასათვის კარგად ნაცნობი, გამოცდილი და მრავლისმნახველი ფეხბურთელია - ცხადია, მიროსლავ კლოზეს ვგულისხმობთ, რომელიც მომავალი სეზონიდან რომის „ლაციოს“ ღირსებას დაიცავს. ხოლო ფორვარდს, რომელიც „ბაიერნში“ მივიდა, ფაქტობრივად არავინ იცნობს - საუბარია „კოტბუსიდან“ შეძენილ ნილს პეტერსენზე.

ამ უკანასკნელზე მკითხველმა ფაქტობრივად მხოლოდ ის იცის, რომ გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ისიც, რომ საკმაოდ ახალგაზრდაა (22 წლის). არადა, პეტერსენს მიუნხენურ კლუბში ისეთი ნომერი მისცეს (9), რომ ცხადი ხდება, ახალგაზრდა ფორვარდს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა
დაეკისრება. „ბაიერნის“ ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ პეტერსენზე სერიოზული გათვლები აქვთ - ბავარიული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრჯერ გაიმეორა, პეტერსენის ტრანსფერი სულაც არ არის სასხვათაშორისო, ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთო.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნილს პეტერსენი ჩვენს მკითხველებს ახლოს უნდა გავაცნოთ. გადავწყვიტეთ, რეკორდმაისტერის ახალი „ცხრიანი“ სწორედ მიროსლავ კლოზესთვის შეგვედარებინა - პირველ რიგში იმის გამო, რომ გაგიკვირდებათ და, მიროს და ნილსს, გარდა იმისა, რომ ორივე ცენტრფორვარდია, საკმაოდ ბევრი საერთო აღმოაჩნდათ.

ზუსტად ისე, როგორც კლოზე, ნილს პეტერსენიც თავმდაბალი, მეტიც, საკმაოდ მორცხვი ტიპია და პირდაპირ ამბობს, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება არ მეხერხება, ჩემი საქმე ფეხბურთის თამაში და გოლების გატანაა, ორატორობა კი, ვფიქრობ, არც მომეთხოვებაო. ამ განცხადებით მან პირველივე პრესკონფერენციაზე აგრძნობინა ჟურნალისტებს, რომ მისგან კატეგორიულ ტონს და სკანდალურ ფრაზებს არ უნდა ელოდონ. თუმცა „ბაიერნის“ ახალწვეული უამბიციობას ნამდვილად არ უჩივის და ზუსტად იცის, რატომაც გადავიდა რეკორდმაისტერში: „რაკი აქ ჩამოვედი, თამაშიც მინდა და გოლების გატანაც. მიროსლავ კლოზე ღირსეულად უნდა შევცვალო. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი,“ - აცხადებს 22 წლის პეტერსენი.

რაკი მისი მიზანი კლოზეს ღირსეული შეცვლაა, აქვე, მიროს შედეგებს გადავხედოთ და ზუსტად დავინახავთ, რა მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს მიუნხენელთა ახალწვეული: კლოზემ „ბაიერნის“ ფორმით 98 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

მართალია, ჯერჯერობით ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ პეტერსენმა კლოზე ახლავე უნდა შეცვალოს და თანაც მაშინვე ღირსეულად, მაგრამ „ბაიერნის“ შეფების განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი ნილსისგან ადრე თუ გვიან, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას და ბევრი გოლის გატანას ითხოვენ. ჰიონესის კომენტარი ზემოთ გაგაცანით, ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ თქვა, პეტერსენის ტრანსფერი ნამდვილად არ არის ისეთი შემთხვევა, როგორიც მაგალით ვაჰიდ ჰაშემიანისა იყოო - გამგები გაიგებს.

„თავდაჯერებული რომ არ იყოს, საკუთარი თავის იმედი რომ არ ჰქონდეს, „ბაიერნში“ ტრანსფერს არ დათანხმდებოდა, - აცხადებს ნილსის ყოფილი მწვრთნელი კლაუს-დიტერ ვოლიტცი და დასძენს, - დამიჯერეთ, „კოტბუსიდან“ „ბაიერნში“ სრულყოფილი, ტოპ-ფორმაში მყოფი სპორტსმენი გადავიდა, რომელიც სუპერვარსკვლავების გვერდითაც კარგად ითამაშებს.“

თვითონ პეტერსენი შედარებით მოკრძალებულია და როცა კლოზეზე კონკრეტულად ეკითხებიან, ამბობს: „მართალია, მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა, მაგრამ მირომდე მაინც ძალიან ბევრი მაკლია. „ბაიერნი“ სულ სხვა სამყაროა, აქ ყველას სხვა, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მიუნხენში ყველაფერი გაცილებით თანამედროვე და პროფესიონალურია. თუმცა ვიცი, რომ ამ ყველაფერთან შეგუება არ გამიჭირდება.“

2007 წელს, როცა კლოზე „ბაიერნში“ გადადიოდა, მას პეტერსენისგან განსხვავებით უკვე ყველა იცნობდა, რადგან ბრემენის „ვერდერი“ უნდა ჩამოყალიბებული გოლეადორის სტატუსით დატოვა - ამ მხრივ მიროსა და ნილსს შორის განსხვავება აშკარაა. თუმცა არის ბევრი მსგავსებაც.

საიდან დაიწყო
ნილს პეტერსენმა (გერმანიის მოქალაქეობა აქვს) კარიერა მეორე ბუნდესლიგაში, კერძოდ იენის „კარლ ცაისში“ დაიწყო, 2008/2009 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი „კოტბუსში“ გადავიდა, სადაც შედგა კიდეც მისი ბუნდესლიგური დებიუტი - ბოლო ტურში, „ლევერკუზენთან“. თუმცა „კოტბუსი“ გავარდა, პეტერსენი კი გუნდში დარჩა და თამაშის შანსი გაუჩნდა. ეს შანსი მას ხელიდან არ გაუშვია. გასულ სეზონში გატანილი 25 გოლი და საუკეთესო ბომბარდირის წოდება ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ამიტომაც დაპატიჟეს „ბაიერნში“ და პეტერსენი ამბობს, როცა მიუნხენიდან პირველად დამიკავშირდნენ და სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, გაოცებისგან პირი დავაღეო.

კლოზეს შემთხვევა კი სხვანაირი იყო: როცა მირომ „ბაიერნს“ მიაშურა, უკვე სახელგანთქმული თავდამსხმელი გახლდათ, „კაიზერსლაუტერნიდან“, „ვერდერიდან“ და გერმანიის ნაკრებიდან მას ყველა იცნობდა. კლოზეს „ბაიერნში“ გადასვლამდე ბუნდესლიგაში 209 მატჩში 97 გოლი ჰქონდა გატანილი, 2002 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი ჰქონდა მოპოვებული, 2006 წელს კი მესამეადგილოსნისა.

კონკურენცია
პეტერსენი თავის ბავარიულ კარიერას სავარაუდოდ მეოთხე თავდამსხმელის სტატუსით დაიწყებს: რეკორდმაისტერის ცენტრფორვარდების იერარქიაში პირველი უდავოდ მარიო გომესია, მეორე კი ივიცა ოლიჩი, რომელიც როგორც იქნა, გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მესამე ფორვარდს: თუკი გომესი და ოლიჩი ვერ რაღაც მიზეზის გამო ვერ იასპარეზებენ, ამ ეტაპზე ბავარიელთა მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მათ პოზიციაზე უპირატესობას უდავოდ თომას მიულერს მიანიჭებს, რომელიც როგორც წესი, ნახევარდაცვაში თამაშობს ხოლმე. და მხოლოდ მიულერის შემდეგ დგება პეტერსენის რიგი. მაგრამ თუ ჰაინკესი როტაციას მიმართავს ან სულაც ტაქტიკას (4-2-3-1) შეცვლის და მაგალითად ორი ფორვარდით ითამაშებს, ასეთ შემთხვევაში ნილსის შანსები, რა თქმა უნდა, გაიზრდება.

ზოგადად კი ამ ყველაფერს დღევანდელი გადასახედიდან ვამბობთ, თორემ ისე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თუ პეტერსენმა სეზონი კარგად დაიწყო, ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. შარშან ამ დროს გომესი ნამდვილად არ მიიჩნეოდა „ბაიერნის“ პირველ ფორვარდად, მაგრამ ოლიჩი დაშავდა, კლოზემ გოლები ვერ გაიტანა და მარიო მაშინვე ჩაჯდა სასტარტოში, ბოლოს კი პირველი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ახლა რაც შეეხება კლოზეს კონკურენციას, რომელიც მან 2007 წელს მიუნხენურ გრანდში მიიღო: რეკორდმაისტერი თავდასხმაში არც მაშინ იყო ცუდად დაკომპლექტებული (თუ უკეთესად არა) - კლოზესთან ერთად, „ბაიერნმა“ ხომ ლუკა ტონიც იყიდა. მათ გარდა, „ბაიერნში“ ლუკას პოდოლსკი, იან შლაუდრაფი და სანდრო ვაგნერიც ირიცხებოდნენ.
პირველ სეზონში მირომ „ბაიერნის“ ფორმით 27 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა (8 საგოლე პასი). თუმცა მირო უკეთეს მდგომარეობაში იყო იმ მხრივ, რომ მიუნხენელები მაშინ ორი ცენტრფორვარდით თამაშობდნენ, კლოზემ კი ტონისთან ერთად თავდასხმის ბრწყინვალე დუეტი შექმნა.

მენტალიტეტი
„ყოველთვის ცოტათი მორცხვი და მშვიდი ადამიანი ვიყავი, რის გამოც ხშირად მაკრიტიკებდნენ ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჩემი მინუსი კი არა, პლუსია, - ასე საუბრობს პეტერსენი საკუთარ თავზე, - აქამდე სწორედ ამ გზით მოვედი და შეცვლას არც ახლა ვაპირებ.“

22 წლის ნილსმა ეს ყველაფერი პირველივე პრესკონფერენციაზე განმარტა, თუმცა როგორც ზემოთაც ვთქვით, მიზანდასახულად ისაუბრა და თავისი გეგმები (გნებავთ, ამბიციები ვუწოდოთ) ნათლად ჩამოაყალიბა. სწორედ ამით გავს ის კლოზეს ყველაზე მეტად - არც მიროა ის კაცი, ვინც მაგიდაზე მუშტს დაარტყამს, თანაგუნდელებს გათათხავს და საჭიროების შემთხვევაში ყვირილს მორთავს. მიუხედავად ამისა, კლოზე არასდროს გაურბოდა პასუხისმგებლობას და გამოცდილებასთან ერთად, ლიდერობის ნიჭიც მიიღო.

მიროსლავ კლოზე ოჯახის კაცია - „ლაციოში“ გადასვლამდე ხმაურისგან შორს, მიუნხენის მშვიდ უბანში მეუღლე სილვიასთან და ტყუპებთან ერთად ცხოვრობდა. პეტერსენიც არ არის მარტო: ჰყავს მეგობარი გოგონა, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა აქვს (რამდენადაც ეს 22 წლის ასაკშია შესაძლებელი).

„ჩემთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ანამარიასთანაც ძალიან სერიოზული ურთიერთობა მაქვს,“ - ამბობს პეტერსენი.

პლუსები და მინუსები
პეტერსენის მთავარი პლუსები თავით კარგად თამაში, საგოლე ალღო და მარჯვენა თუ მარცხენა ფეხით კარგი, დაყენებული დარტყმაა. ამავდროულად ნილსი საკმაოდ სწრაფია, რასაც კონტრშეტევების დროს იყენებს ხოლმე. ამიტომაცაა, რომ ექსპერტების გარკვეული ნაწილი 22 წლის პეტერსენს უკვე სრულყოფილ თავდამსხმელს უწოდებს. შეიძლება ითქვას, რომ მისი მთავარი მინუსი გამოუცდელობაა. „კოტბუსი“ სულ სხვა, 10-ჯერ და 20-ჯერ დაბალი განზომილება იყო, „ბაიერნში“ კი ყველასთან და ყველაფერთან ერთად, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს უნდა მიეჩვიოს, მათ ფეხი უნდა აუწყოს.

კლოზეს უმთავრესი პლუსიც ყოველთვის თავით თამაში და საგოლე ალღო იყო. მეტიც, მირო დიდხანს მიიჩნეოდა ისეთ ფორვარდათ, რომელსაც გოლები მხოლოდ თავით უნდა გაჰქონდეს. თუმცა დრომ და გამოცდილებამ კლოზეში სხვა პლუსებიც წარმოაჩინა - წლებია, რაც კლოზეს ახალ ოლივერ ბირჰოფს აღარ ეძახიან.
კლოზე არ არის და არასდროს ყოფილა კარგი „ჯოკერი“ - მას ყოველთვის ძირითადში თამაში სჭირდებოდა იმისათვის, რომ წარმატებული გოლეადორი ყოფილიყო. შეცვლაზე შესვლის შემდეგ კი, „ბაიერნში“ გატარებულ 4 წელიწადში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. როგორია პეტერსენი „ჯოკრის“ რანგში, ამას უკვე მომავალ სეზონში ვნახავთ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული