მხოლოდ ძველი დამსახურებები არ კმარა, ვედო შეიძლება გაუშვან...

AutoSharing Option
ორი წლის წინ „ჰოფენჰაიმის“ ბოსნიელი თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და როგორც ჰოფენჰაიმის, ისე მახლობელი სოფლების საფეხბურთო გმირი იყო.

მაშინ „ჰოფე“ პირველ ბუნდესლიგაში ახალი გადასული იყო და ყველასათვის მოუდლონელად, შემოდგომის ჩემპიონი გახდა, დღეისათვის 26 წლის ფორვარდი კი 17 მატჩში გატანილი 18 გოლით პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი იყო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, „ჰოფენჰაიმი“ რეალობას დაუბრუნდა. მართალია, ელიტიდან არ გავარდნილა, თუმცა არც სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევია. და ვედოც აღარ არის ისეთი სუპერგოლეადორი, როგორიც უნდა ყოფილიყო. გასული სეზონი კი მან საკმაოდ
სუსტად ჩაატარა, რის გამოც მისი მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

დასრულდა თუ არა სეზონი, იბიშევიჩი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მშობლები მოინახულა და ცოტა დაისვენა, მერე კი ევროპაში დაბრუნდა, ბოსნიის ნაკრებთან ერთად ორ ოფიციალურ მატჩში ითამაშა (რუმინეთთან 0:3 და ალბანეთთან 2:0), რის შემდეგაც ისევ შვებულებაში წავიდა. ახლა კი, სანამ „ჰოფენჰაიმი“ ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, იბიშევიჩს ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ იფიქროს და გადაწყვიტოს, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა.

2008/2009 წლების სეზონის პირველი ნახევრის გმირს გასულ სეზონში უმეტესად არ უმართლებდა - ბურთს ხშირად უიღბლოდ კარგავდა, ძელსა და ხარიხას ახვედრებდა, იმის გამო, რომ თანაგუნდელები ნაკლებად ეხმარებოდნენ, უმეტესად დრიბლინგებით ცდილობდა ფონს გასვლას, რაც არ გამოსდიოდა, რადგან იბიშევიჩი არ არის დრიბლიორი და ასე შემდეგ.

„პირველ რიგში საკუთარი თავისგან ველოდი მეტს,“ - ამბობს ვედო და მისი შედეგებით „ჰოფეს“ მენეჯერი ერნსტ ტანერიც იმედგაცრუებულია. თვითონ განსაჯეთ: მას მერე, რაც „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას იცავს, იბიშევიჩი წელს პირველად ვერ გახდა კლუბის საუკეთესო გოლეადორი. მან მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო, გილფი სიგურდსონმა კი ერთით მეტი შეაგდო. შესაბამისად, ვედადი „ჰოფენჰაიმში“ შეუცვლელი ფიგურა აღარ არის და თანაც, მისი სამსახურით თურქული კლუბები, „ტრაბზონსპორი“ და „ბეშიქთაში“ დაინტერესდნენ. „ბილდის“ ინფორმაციით, იბიშევიჩზე ინგლისური „სანდერლენდიც“ სერიოზულად ფიქრობს.

„მე ვარ ის ფეხბურთელი, რომელმაც „ჰოფენჰაიმის“ ბუნდესლიგურ ისტორიაში პირველი, მეასე და ასორმოცდამეათე გოლები გაიტანა. რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი განსაკუთრებით მიყვარს. „ჰოფენჰაიმთან“ სულ სხვა, ემოციური კავშირი მაქვს,“ - ამბობს იბიშევიჩი, რომელსაც „სოფლელებთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

მიუხედავად ამისა, ბოსნიელი თავდამსხმელი ვერ დებს იმის პირობას, რომ აუცილებლად „ჰოფენჰაიმში“ დარჩება - თანაც, არც კლუბის ხელმძღვანელები „იკლავენ თავს“. იბიშევიჩი პირველ რიგში ახალი სეზონისთვის მზადების დაწყებას ელოდება და უნდა, გაარკვიოს, რას ფიქრობს მასზე ახალი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ჰოფენჰაიმმა“ 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი სვენ შიპლოკი იყიდა, რომელიც იბიშევიჩის უშუალო კონკურენტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული