„ფრაიბურგმა“ მომავალი სეზონისთვის ახალი თავდამსხმელი იყიდა: ბრაისგაუელებმა მალელი ფორვარდი გარა დემბელე დაითანხმეს, რომელიც „ფრაიბურგში“ სოფიის „ლევსკიდან“ გადავა. ბულგარეთში მან უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები: გასული სეზონის 36 ოფიციალურ მატჩში დემბელემ 34 გოლი გაიტანა. აქედან 26 გოლი ბულგარეთის ჩემპიონატში შეაგდო, ხოლო 8 ევროპის ლიგაში.
ბრაისგაუელთა სპორტული დირექტორი დირკ დუფნერი ტრანსფერით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ 25 წლის მალელი თავდამსხმელი თავს ბუნდესლიგაშიც გამოიჩენს. დემბელე ბეგ ფერატის (ბაზელიდან), ივიცა ბანოვიჩისა (დუისბურგიდან) და დანიელ ბატცის (ნიურნბერგიდან) შემდეგ, „ფრაიბურგისთვის“ რიგით მეოთხე ახალწვეულია.
მოგეხსენებათ, „ფრაიბურგს“ გასულ სეზონში ბუნდესლიგის
ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ჰყავდა. ვგულისხმობთ თავდამსხმელ პაპის დემბა სისეს, რომელმაც 22 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის გადაჭრით თქმა, რომ დემბელე სწორედ სისეს მეწყვილე გახდება, რაც „ფრაიბურგისთვის“ ძალიან კარგი იქნებოდა. დიდი შანსია, რომ ახალწვეულმა სისე შეცვალოს, რადგან ამ უკანასკნელს უაღრესად წარმატებული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"