ლარს რიკენი: კლოპის ხელში "ბორუსია" ძალიან მაგარია!

AutoSharing Option
ფეხბურთელი, რომელიც 14 წლის წინ დორტმუნდისა და მთელი საფეხბურთო გერმანიის სუპერგმირი გახდა და რომელსაც ყველა ლოგიკით დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, დღეს 35 წლისაა, კარიერა დამთავრებული აქვს და „ბორუსიას“ ბავშვთა გუნდების მთავარი კოორდინატორია.

ლარს რიკენმა დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა და ბოლომდე გაუხსნელ ტალანტად დარჩა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სახელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მაინც ასოცირდება, რადგან 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსს“ გაუტანა გოლი, რომლის წყალობითაც დორტმუნდელებმა ჩემპიონთა თასი მოიგეს. რაკი წელს „ბორუსიამ“ 2002 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა, მომავალ სეზონში კი
ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს, ჩვენი გერმანელი კოლეგები რიკენს შეხვდნენ და სიტუაციის გაანალიზება სთხოვეს.

- ჰერ რიკენ, ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების კოორდინატორს, „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან თითქმის ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა. როგორი კოლეგაა კლოპი?
- შესანიშნავი, საუკეთესო! არა მგონია, რომ ოდესმე იურგენზე უკეთესი კოლეგა მყავდეს.

- რატომ?
- წლებია, „დორტმუნდს“ ვემსახურები და ყველამ იცის, რომ „ბორუსიას“ ჩემზე ერთგული თანამშრომელი ბევრი არ ჰყავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლოპის ხელში გუნდი ძალიან მაგარია და აქ იმდენი რამ კეთდება, ჩამოთვლა რომ დავიწყო, დიდხანს ვერ მოვრჩები. ბავშვებმა იციან, რომ რაკი კლოპი დორტმუნდში მუშაობს, შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო შანსი აქვთ. გერმანიაში არ არსებობს გუნდი, სადაც ნიჭიერ ბავშვებს უფრო მეტად დააფასებენ. დააკვირდით, რამდენი ტალანტი გამოჩნდა „ბორუსიაში“ მას მერე, რაც ამ გუნდს კლოპი წვრთნის. მისი ფილოსოფია უბრალოდ საუკეთესოა.

- მაინც როგორ მუშაობს იურგენი პატარებთან?
- მაგალითად, ორიოდე დღის წინ კლოპი ბავშვთა გუნდის კიდევ ერთ მოთამაშეს შეხვდა. იმ ბიჭის გვარს განგებ არ დავასახელებ. ის 15 წლისაა, იურგენი სახლში ესტუმრა და მშობლებთან ერთად ელაპარაკებოდა. კლოპი ბავშვთა გუნდის თამაშებს თითქმის არასდროს აცდენს და პატარებს პირადად ეკონტაქტება ხოლმე. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს ჩვენს ბავშვებს მოტივაციას მატებს.

- ნაცვლად იმისა, რომ ახალი ვარსკვლავები იყიდოს, კლოპს ურჩევნია, თვითონ აღმოაჩინოს ტალანტები...
- დიახ, სწორედ ასეა. „ბორუსიას“ ბევრი ფული არ აქვს და რომც ჰქონდეს, იურგენი საქმეს მაინც ასე მიუდგებოდა. კლოპის აზრით (და მე მას ამაში ასი პროცენტით ვეთანხმები), კლუბის მიერ აღზრდილი და აღმოჩენილი ფეხბურთელი გაცილებით სანდო და პერსპექტიულია, ვიდრე ის მოთამაშე, რომელიც სხვაგან აღიზარდა და რომელშიც ფულია გადახდილი. მხოლოდ კევინ გროსკროიტცის მაგალითის მოყვანა რად ღირს.

აი, მაგალითად მარსელ შმელცერი, რომელიც ახლა უკვე გერმანიის ნაკრებშიც თამაშობს და დიდი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში იასპარეზოს. ეს ფეხბურთელი კლოპმა მეორე გუნდიდან გადმოიყვანა. თავის დროზე, გროსკროიტცი აქ უნიჭო ფეხბურთელად მიიჩნიეს და „ალენში“ გაუშვეს. როცა იურგენმა ის „ბორუსიას“ პირველ გუნდში გადმოიყვანა, კევინს არაცინ იცნობდა. ახლა გროსკროიტცისა და შმელცერის ბედი მარვინ ბაკალორცმაც გაიზიარა, რომელსაც ასევე არავინ იცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე მთელი გერმანია და ევროპა გაიცნობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ კლოპისთვის მთავარი არა გვარები, არამედ ის არის, რასაც ესა თუ ის ფეხბურთელი მოედანზე აკეთებს.

- ერთი წლის წინ, იაპონელ ახალწვეულ შინჯი კაგავას იურგენმა „ვესტფალენშტადიონი“ პირველად პირადად დაათვალიერებინა. ახლა კი იგივე გააკეთა გიუნდოგანისა და ლაიტნერის შემთხვევაშიც...
- იცით, რომ ილქაი გიუნდოგანის „ბორუსიაში“ გადმოყვანა მე ჯერ კიდევ სამი წლის წინ მინდოდა? მაშინ ის „ბოხუმში“ თამაშობდა. ვფიქრობ, მაშინ ილქაისთვის „ვესტფალენშტადიონი“ რომ დამეთვალიერებინა, „ნიურნბერგში“ არასდროს გადავიდოდა.

- მომავალ სეზონში „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს...
- და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კლოპის გუნდი თავს არც ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში შეირცხვენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული