მიუნხენში ალექსი დააკონკრეტეს

AutoSharing Option
„ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ჟერომ ბოატენგის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიუნხენური კლუბი გერმანიის ნაკრების მცველთან ყველაფერზე შეთანხმებულია, ინგლისურ კლუბს კი სატრანსფერო თანხაზე ვერაფრით უთანხმდება. სწორედ ამიტომ, რეკორდმაისტერმა ახლა უკვე ოფიციალურად გადაიტანა ყურადღება ლონდონის „ჩელსის“ უკანახაზელ ალექსზე, რომელიც მიუნხენელებისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

„ბილდის“ ინფორმაციით, ალექსის ფასი მაქსიმუმ 10 მილიონი ევრო იქნება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „სიტიმ“ „ბაიერნს“ ბოატენგში მოსთხოვა. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, ალექსი სადღეისოდ „ბაიერნისთვის“ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ბოატენგის ალტერნატივა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. „ბილდი“
იმასაც წერს, მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რეკორდმაისტერის შეფებს სთხოვა, ახალი მცველი ორ კვირაში უნდა გვყავდესო და რაკი „სიტისგან“ ბოატენგის თაობაზე ახალი არაფერი ისმის, მიუნხენელები ალექსის კუთხით გააქტიურდნენ.

ამასობაში, ბავარიელები ახალგაზრდა ინგლისელ დეილ ჯენინგსთან ერთად, რომელიც მიუნხენში „ტრანმერიდან“ გადადის, კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეპატიჟებიან. ჰოლანდიური პრესის ცნობით, „ბაიერნმა“ თვალი ტიმოთი ვან დერ მეულენს დაადგა, რომელიც ახლა შოტლანდიურ „დანდი იუნაიტედში“ თამაშობს. ეს უკანასკნელი 21 წლის ცენტრალური მცველია და ამსტერდამის „აიაქსის“ სკოლის აღზრდილია. გერმანული პრესა კი იტყობინება, რომ ჯენინგსის დარად, „ბაიერნი“ ვან დერ მეულენსაც მეორე გუნდისთვის ყიდულობს. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ სულ მალე ჯენინგსიცა და ვან დერ მეულენიც ჰაინკესის განკარგულებაში ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბავარია.გე რატო გაიტიშა არავინ იციტთ?
dato
15:19 10-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული