მარიო გიოტცე: "ბაიერნი" ფულით ვერაფერს იყიდის!

AutoSharing Option
18 წლის მარიო გიოტცეს ზღაპარული სეზონი ჰქონდა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მისთვის არც მომავალი სეზონი უნდა გამოდგეს ნაკლები. „დორტმუნდის“ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერმა გამთამაშებელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის უმთავრესი ფიგურა გახდა.

ამასთან, მარიო გერმანიის ნაკრებშიც გამოიძახეს და გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ლოგიკურად მიიჩნევა. გიოტცეს ერთი სული აქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. გთავაზობთ ინტერვიუს მარიოსთან, რომელიც „ბილდში“ გამოქვეყნდა.

- ჰერ გიოტცე, მიუნხენის „ბაიერნმა“ ტრანსფერებში უკვე 44 მილიონი ევრო დახარჯა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი მხოლოდ 10 მილიონი. ექსპერტები ფიქრობენ, ეს
იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონი აუცილებლად „ბაიერნი“ გახდებაო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არავითარ შემთხვევაში, რადგან ფულით ტიტულს ვერ იყიდი. აბა, დაითვალეთ, რამდენი აქვს დახარჯული ლონდონის „ჩელსის“ ბოლო წლებში? მილიონების ხარჯვა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად წარმატებული იქნები. მართალია, „ბაიერნს“ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ გასულ სეზონში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც ჩვენ გვყავს ვინმეზე ნაკლები გუნდი. დორტმუნდელებს ფეხბურთის თამაში ნაღდად არ დაგვვიწყებია. ასე რომ, „ბაიერნი“ მომავალ სეზონშიც უნდა გვიფრთხილდეს.

- შვებულების შემდეგ ფიზმომზადების ტესტებში საუკეთესო შედეგები გქონდათ. გამოდის, რომ არ დაგისვენიათ და შვებულების დროსაც ვარჯიშობდით.
- მშვიდად ყოფნა, წამოწოლა არ მიყვარს. შვებულება ჩემს ძმასთან, ფაბიანთან ერთად იბიცაზე გავატარე. ყოველ დილას, რვა საათზე ვდგებოდით და დავრბოდით. ამიტომაცაა, ფორმა და წონა რომ შევინარჩუნე – წინ ხომ გრძელი და დამღლელი სეზონია.

- თან, ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა ითამაშოთ...
- ჩემპიონთა ლიგა მართლაც სასწაული იქნება და ყველანი მოუთმენლად ველოდებით. ლიგის ჰიმნის ცოცხლად, ფეხბურთელის რანგში მოსმენასა და მაგალითად „ნოუ კამპზე“ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ.

- „ბარსელონას“ ფანი ხართ?
- ფანი არ ვარ, მაგრამ „ბარსელონას“ და „არსენალის“ თამაშის ყურება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ თუ ცალკე გადახვედით?
- ცალკე გადასვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მშობლებთან ერთად ცხოვრებას რა ჯობია – მათზე და ძმაზე ახლობელი არავინ მყავს. თანაც, სახლში რომ მივდივარ, ყველაფერი გაკეთებული მხვდება.

- გერმანიის ჩემპიონობამ ბევრი ფულიც მოგიტანათ. ყველაზე ძვირფასი რა შეიძინეთ?
- მანქანა. ახალი Audi A5 შევუკვეთე. მანამდე მოძველებული „ფოლკსვაგენ შიროკო“ მყავდა, რომელიც ჩავაბარე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული