არიენ რობენს ფალშსტარტის ეშინია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნმა“ რაფინიასა და ჟერომ ბოატენგის სახით ორი მაღალი კლასის, ძვირადღირებული მცველი შეიძინა, რეკორდმაისტერს დაცვაში მაინც ძველი პრობლემები ემჩნევა. ამიტომაც შემოჰკრეს განგაშის ზარებს სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა და არიენ რობენმა. ჰოლანდიელი გარემარბი შიშობს, რომ მიუნხენური გრანდი სეზონს ფალშსტარტით დაიწყებს, მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კი დაცვით და შემტევ ფეხბურთს შორის ოქროს ბალანსის პოვნას ცდილობს.

„ლიგა ტოტალის“ თასს „ბაიერნისთვის“ სპორტული თვალსაზრისით არაფერი მოუტანია. სხვამხრივ კი, მიუნხენური კლუბის მწვრთნელი და ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე 10 დღით ადრე (პირველ აგვისტოს
გერმანიის თასის პირველი რაუნდი, „ბრაუნშვაიგთან“ მატჩია დაგეგმილი), „ბაიერნს“ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ზემოთ ხსენებულმა ამხანაგურმა ტურნირმა ჰაინკესს ერთი დასკვნა გააკეთებინა: ორ მატჩში ოთხი გოლის გაშვება ნამეტანია! ეს იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნის“ დაცვის ხაზი ჯერ კიდევ არ არის სტაბილური.

პირველი საგანგაშო გასროლა სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა. იმედი მაქვს, რომ „ბრაუნშვაიგთან“ მატჩამდე ყველაფერს მოვასწრებთ, მანამდე კი ბევრი რამ არის შესაცვლელი. გუნდის თამაში არცერთ ხელმძღვანელს არ მოგვეწონა!“ - თქვა ნერლინგერმა.

კრიტიკული განცხადებები უკვე გუნდიდანაც გაისმა. ხმა ამჯერადაც არიენ რობენმა აიმაღლა: „ბალანსი არ შემდგარა, ისევ ქაოტურად ვუტევთ და ან თავს უაზროდ ვიცავთ. შარშან სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ. თუ გახსოვთ, შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ რვა ქულა გვქონდა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს!“ – ამბობს ჰოლანდიელი გარემარბი.

მიუხედავად იმისა, რომ რობენსაც სჯერა, ჰაინკესის გუნდი ახალ სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება, მენეჯერი ნერლინგერი თითქმის დარწმუნებულია, რომ „ბაიერნს“ ჩემპიონობის მოპოვება ამ სეზონშიც არ გაუადვილდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფალში-ყალბი, არასწორი. სტარტი იცით ალბათ რაც არის...
დევიდ
17:33 23-07-2011
0
აუ გერმანიაში როგორ იციან რა, ძვირადღირებულ მცველებს ეძახიან რაფინიას და ბოატენგს, არადა მანჩესტერმა ფილ ჯონსში მე მგონი 16 მილიონი გადაიხადა. გერმანელები ფულის გადახდაში ძალიან ძუნწები არიან. ვან ბუიტენი რო გეყოლება დაცვაში რაღა უნდა ილაპარაკო. ამოიღეთ რა ჯიბიდან ფულიიიიი
sport-fun
11:30 23-07-2011
0

სიახლეები პოპულარული