დიეგოს ეშველა? "ატლეტიკო" მზადაა!

AutoSharing Option
ფელიქს მაგათის მძიმე ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო - „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო ფორმაში ჩადგა. თუმცა „დესპოტ ფელიქსს“ ის მაინც არ სჭირდება - „მგლების“ თავკაცი ბრაზილიელი გამთამაშებლის შესახებ აზრის შეცვლას არ აპირებს და პირდაპირ ამბობს, დიეგო კარგად იმიტომ მოვამზადე, რომ მაქსიმალურად კარგად გაიყიდოსო.

დიდი შანსია, რომ გაურკვევლობას ბოლო ამ დღეებში მოეღოს: როგორც ესპანური გამოცემა „ასი“ იტყობინება, დიეგოთი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა. მეტიც: ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებმა ვოლფსბურგელებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. გერმანული „კიკერის“ ინფორმაციით კი, „ატლეტიკომ“ „ვოლფსბურგს“ უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით,
ბრაზილიელს სხვა მთხოვნელებიც გამოუჩნდნენ.


გუშინ „ვოლფსბურგში“ სეზონის ოფიციალური გახსნა იყო, რომელზეც მაგათმა თქვა, რომ დიეგოს შესახებ ახალი და კონკრეტული არაფერია. ესპანელი ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ „ატლეტიკოში“ გადასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდნეს - მადრიდელები მას წელიწადში მხოლოდ 2.5 მილიონ ევროს სთავაზობენ, „ვოლფსბურგში“ კი 4 მილიონს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო „მგლებმა“ ერთი წლის წინ, „იუვენტუსიდან“ 15 მილიონ ევროდ შეიძინეს. გასული სეზონის ბოლო ტურის წინ კი, 26 წლის ბრაზილიელს მაგათთან უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც ფელიქსმა თქვა, რომ დიეგოს „ვოლფსბურგში“ აღარასოდეს ათამაშებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული