ხვალ ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 65 წლის ხდება. "ბილდში" გამოქვეყნებული ინტერვიუც, განსაკუთრებული, მართლა საიუბილეო გამოვიდა.
- ჰერ ბეკენბაუერ, შაბათს 65 წლის ხდებით. რამდენია თქვენი პენსია?
- პენსიონერი არ ვარ! სხვათა შორის, საპენსიო დანაზოგიც არასდროს გამიკეთებია. აქტიური სპორტული კარიერის დროს, ფეხბურთელებს შეეძლოთ საპენსიო
- მაგრამ თავს პენსიონერად გრძნობთ, ასე არ არის?
- 65 წლის ასაკში მყოფი ადამიანი თავს ისე ვერ იგრძნობს, როგორც 18-19 წლის ბიჭი - ეს ფაქტია. მაგრამ არც ისეა საქმე, ბევრს რომ ჰგონია. ჩემთვის პენსიონერი თითქმის უმოქმედო, ღიპიან კაცთან ასოცირდება. მე კი სულ აქეთ იქით დავრბივარ, ვვარჯიშობ კიდეც და თავს ისე ვგრძნობ, როგორც 50 წლის ასაკში ვგრძნობდი - მხნედ, თავისუფლად, ჯანმრთელად და სპორტულად. ასაკის მატების გამო არც არასდროს მინერვიულია. ჩემი მეგობრები დამრგვალებულ საიუბილეო თარიღებს ვერ იტანენ, მე კი არც მაშინ მქონდა პრობლემა, როცა 50 წლის გავხდი და არც მაშინ მექნება, როცა 70 წლის გავხდები. ცხადია, ვისურვებდი, რომ ცხოვრების მატარებელი უფრო ნელა მიდიოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის - ძალიან სწრაფად მიექანება.
- ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ხართ და საინტერესოა, როგორ ახერხებთ ამას 65 წლის ასაკში?
- ფეხბურთი 20 წელია აღარ მითამაშია და ვერც დავიჩემებ, რომ მოედანზე სირბილი შემიძლია. სამაგიეროდ, ძალიან ხშირად ვთამაშობ გოლფს და ვცდილობ, ფორმა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო. გარდა ამისა, ძალიან ხშირად დავხეტიალობ მთებში და როცა სახლში ვარ, მაშინაც ვვარჯიშობ ხოლმე. სულ ესაა, ამიტომაც ვარ კარგ ფორმაში.
- ადამიანს ასაკი რაც უფრო ემატება, მით უფრო ხშირად ფიქრობს ხოლმე სიკვდილზე. თქვენ ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა! თანაც, ყოველდღე. არ არსებობს ადამიანი, ვინც სიკვდილზე არ ფიქრობს და მით უმეტეს მაშინ, როცა უკვე 65 წლისაა. სიკვდილი ხომ გარდაუვალია. სამაგიეროდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილის არ მეშინია. უბრალოდ ვიცი, რომ ერთხელაც ყველაფერი დამთავრდება. ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე და სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას: ცხოვრება ერთი დღესავითაა, საღამოს დაღლილი რომ ხარ და დაძინება გჭირდება, ისეა ცხოვრებაც - ბოლოს უკვე ცხოვრებისგან ხარ დაღლილი.
- თქვენ ცხოვრებისგან დაღლილი ხართ?
- ჯერ არა. ამიტომაც, სიკვდილს ჯერ არც ვაპირებ (იცინის).
- ლოცულობთ ხოლმე?
- აუცილებლად, თანაც, ყოველდღე. მაგრამ ღმერთს არაფერს ვთხოვ! ეს სამადლობელი ლოცვებია. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩემნაირი ცხოვრება ძალიან ცოტას თუ ჰქონია. თანაც, 45 წელია, აბსოლუტურად სრულყოფილი და უპრობლემო ცხოვრება მაქვს. შესაბამისად, ვალდებული ვარ, რომ მადლობელი ვიყო. ჩემი ლოცვები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები. ყველაფრისთვის!
- ანუ, მორწმუნე ადამიანი ხართ და ეჭვი არ გეპარებათ, რომ ღმერთი არსებობს.
- ერთ დღესაც ყველანი შევიტყობთ, რა და როგორ არსებობს სინამდვილეში, ან არსებობს, თუ არა. სიკვდილამდე კი, ასი პროცენტით დარწმუნებული ვერავინ ვერაფერში იქნება. მე ვამბობ, რომ არ ვიცი, შევხვდებით თუ არა მაგალითად თქვენ და მე სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დამთხვევა და შემთხვევითობა არ არის. მე მჯერა ძალის, დიდი ძალის, რომელიც ჩვენ, ადამიანებს გვმართავს. ჩვენ საიდანღაც, დაუსრულებელი სივრციდან მოვდივართ და ჩვენი სულები იქვე დაბრუნდება. არ ვიცი, რამდენად სწორად გამოვხატავ ჩემს აზრს, მაგრამ დაახლოებით ასე ვფიქრობ. შესაბამისად, მჯერა მფარველი ანგელოზის არსებობისაც და ვხვდები, რომ მე არა ერთი, არამედ რამდენიმე მფარველი ანგელოზი მყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება ასე პოზიტიურად არ წარიმართებოდა.
- რამდენადაც ვიცით, თქვენ ასტროლოგიითაც სერიოზულად ხართ დაინტერესებული და ჰოროსკოპსაც მუდმივად ეცნობით.
- სწორი ინფორმაცია გაქვთ, მაგრამ ჰოროსკოპს გაზეთებში არ ვკითხულობ. ჩემი ყოფილი მეუღლე დიანე ზანდმანი ასტროლოგიაში ძალიან გარკვეულია და მუდმივად პერსონალურ ჰოროსკოპს მიდგენს ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ხანდახან სწორედ ჰოროსკოპის მიხედვით ვმოქმედებ. მე მჯერა, რომ დაბადების თარიღი და დრო ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ჰოროსკოპით ქალწული ვარ და როცა ქალწულთა დახასიათებას გავეცანი, გავოგნდი - ყველაფერი დაემთხვა. მამრი ქალწულები ძალიან პასუხისმგებლიანი, ერთგული, წესრიგის მოყვარული და სანდო ადამიანები ვართ. ამავდროულად, მგრძნობიარეები და ძალიან ფრთხილები ვართ - არაფერს ვაკეთებთ მანამდე, სანამ ასი პროცენტით არ ვართ ქმედების სისწორესა და საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებულები...
- ვფიქრობ, ამ კითხვის დასმას აზრი აღარ აქვს, მაინც შეგეკითხებით: თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლიდით?
- არაფერს! მიუხედავად იმისა, რომ მწუხარებაც ბევრი მქონდა, რადგან ბევრ საყვარელ ქალს დავშორდი, მაინც არაფერს შევცვლიდი. დღეს ყოფილ მეუღლეებთან თუ მეგობარ ქალებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად კი, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჩხუბს ვერ ვიტან. სამაგიეროდ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა.
- ანუ, კაიზერ-ფრანცი ასაკში რომ შევიდა, დამშვიდდა?
- რა თქმა უნდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. შესაძლოა, ადრე ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე იყო, სამაგიეროდ, დღეს გაცილებით ინტენსიური და ნაყოფიერი ცხოვრება მაქვს. ეს ყველაფერი კი ჩემი ბავშვების დამსახურებაა. ჯოელი ახლა 10 წლისაა, ფრანჩესკა კი ექვსის - მათზე ზრუნვა კი ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ?
- პატივი ეცი სხვა ადამიანებს! როცა სხვის მიმართ კარგად ხარ განწყობილი და მეგობრულად ექცევი, შენ არაფერი გეკარგება. სამაგიეროდ, შენს მიმართ სხვებიც კარგად განეწყობიან და ისინიც პატივს გცემენ.
- ალბათ სწორედ ასეთი მიდგომის დამსახურებაა ის, რომ აგერ უკვე 45 წელია, რაც ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი გერმანელი ხართ...
- შესაძლოა. ფაქტი ის არის, რომ მტრები არ მყავს. ყოველ შემთხვევაში, მე გამოვრიცხავ, რომ მტრები მყავდეს. მართალი ხართ, ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ყველა ადამიანს პოზიტიურად ვუყურებ და ვხვდები.
- რას აპირებთ 65 წლის ასაკში?
- მინდა, რომ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო დავალაგო და მოვაწესრიგო. 45 წელია, ქაოსში ვარ და ეს პრობლემა დღემდე ვერ მოვაგვარე. ძალიან ბევრს დავდივარ, უამრავ ადამიანს ვხვდები და ყველასთან ურთიერთობებს ვამყარებ. იცით, რაღაცაზე უარის თქმა ძალიან მიჭირს - ყოველთვის ასეთი ვიყავი. ახლა კი მართლა დროა, რომ ცოტათი დავისვენო. მოვალეობების დიდი ნაწილისგან უნდა გავთავისუფლდე. მინდა, რომ ოჯახისთვის მეტი დრო დამრჩეს. სიმართლე გითხრათ, ახლა მხოლოდ ერთი სამსახური მინდა მქონდეს და კერძოდ, ჩემი საქველმოქმედო ფონდი.
- კიდევ რა მიზნები აქვს ფრანც ბეკენბაუერს?
- მეტი არც არაფერი. კიდევ რა მიზნები უნდა მქონდეს? მე ყველაფერი გამოვცადე, ყველაფერი გამოვიარე - ამაზე მეტი უბრალოდ არ არსებობს. ფრანჩესკა მომავალ კვირაში სკოლაში უნდა მივიყვანოთ და ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ჩვენს სახლში ამასთან დაკავშირებით. სრული ქაოსია! ფრანჩესკას სკოლაში მიყვანა ჩემთვის ახლა გაცილებით, ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საფეხბურთო მატჩი ან ყრილობა. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ სიკვდილამდე ბედნიერი ვიქნები.
- მაშინ გაგვაცანით თქვენი ბედნიერების ფორმულა.
- ბედნიერების ფორმულა არ არსებობს. ბედნიერება ფანჯრიდან არ შემოფრენილა! მთავარია სურვილი და მონდომება - ადამიანმა ბედნიერებას თვითონ უნდა მიაღწიოს.