ქარცეცხლი ული ჰიონესის თავს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ენაჭარტალა პრეზიდენტი ული ჰიონესი ბუნდესლიგელი კოლეგების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, რისი საფუძველიც ულის მიერ გერმანული სასამართლოს კრიტიკა გახდა.

საიდან სადაო? ჰიონესმა თემიდას ბრენოს მიმართ გამოტანილი მკაცრი განაჩენის გამო უსაყვედურა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბრაზილიელს საკუთარი სახლის დაწვისა და ამგვარად დაზღვევის თანხის უკანონოდ მიღებისთვის 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და თანაც, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.

ჰიონესის თქმით: "ბრენოს ძალიან მკაცრად მოექცნენ. იცით რა, როცა მსგავსი ქმედებისთვის არქიტექტორს ასამართლებ, ის მოიხდის სასჯელს და პროფესიას ისე დაუბრუნდება.
ფეხბურთელს კი ეს გაუჭირდება. ბრენომ, ფეხბურთის თამაშის გარდა, ცხოვრებაში არაფრის კეთება არ იცის. ვფიქრობ, რომ მისი კარიერა დასრულებულია".

ჰიონესს "ნიურნბერგის" გენერალურმა მენეჯერმა მარტინ ბადერმა უპასუხა: "მადლობა ღმერთს, სასამართლო წარმოება არ ცნობს ადამიანების დაყოფას პროფესიების მიხედვით. ბრენომ დანაშაული ჩაიდინა და რასაკვირველია, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე".

თავისი აზრი გამოთქვა ფრანკფურტის "აინტრახტის" მმართველმა ჰერიბერტ ბრუხაგენმაც: "თავად ჰიონესისთვის იქნებოდა უმჯობესი, რომ გაჩუმებულიყო და მსგავსი შედარება არ გაეკეთებინა".

ჯერ გადავხტეთ და მერე
არ გვგონია, რომ ჰიონესს ქართული ანდაზა, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, გაგონილი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, თავად მივიდა დასკვნამდე, რომ ჯობია, გუნდმა ჯერ წარმატებებს მიაღწიოს და მერე იძახოს, Mia san mia-ო (ითარგმნება, როგორც "ჩვენ ვართ ის, რაც ვართ").

ამას გარდა, ბატონმა პრეზიდენტმა მარიო გომესსაც გაჰკრა კბილი: "ნამდვილად არ მინდა იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ ვაპირებთ წარმატებების მიღწევას, რადგან მგონია, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით. ჩემი ნება რომ იყოს, ბევრ რამეს შევცვლიდი და ძალიან ბევრ რამეზე ვიტყოდი უარს.

მიმაჩნია, რომ ჯერ უნდა მოვიგოთ ტიტულები და მხოლოდ ამის მერე ვიხმაუროთ.

ახლა, როცა მარიო მანჯუკიჩი და კლაუდიო პისარო გვყავს, მარიო გომესს ალტერნატივა გაუჩნდა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე ის კარგი იყო, მაგრამ არასაკმარისად კარგი.

პისაროს უპირატესობა სწორედ ეს არის, ის ყოველთვის იტანს გასატანს. მანჯუკიჩი კი ძალიან ძლიერია თავით თამაშში.

ტრანსფერებზეც გეტყვით მოკლედ: "ბილბაოს" ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს არ გადავუხდით. რაც შეეხება ლარს ბენდერს, "ლევერკუზენმა" უნდა მიგვანიშნოს მაინც, რომ მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად და ჩვენ უმალ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული