როგორც იცით, მიუნხენის "ბაიერნმა" მომავალი სეზონისთვის "მაინცის" მცველი
იან კირხჰოფი გაიფორმა. 22 წლის უკანახაზელი რეკორდმაისტერში სეზონის დამთავრებისთანავე უფასოდ გადავა, რადგან "მაინცთან" კონტრაქტი უმთავრდება. თუმცა ბავარიულ გრანდს ზაფხულისთვის დაბევებული ფეხბურთელის ახლავე გადაბირებაც შეუძლია - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ბაიერნი" და "მაინცი" სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან.
ამ თემას გუშინ რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი
მათიას ზამერი გამოეხმაურა:
"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგნი, რომ კირხჰოფი "ბაიერნში" ახლავე გადმოვიდეს. მეტიც: ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს. ფაქტია, რომ ჯერი "მაინცზეა" - ჩვენ მათგან ნიშანს ველით, რომლის მიღების შემთხვევაში მზად ვართ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, რომ "მაინცის" მწვრთნელ თომას ტუხელს კირხჰოფის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურს, ხოლო ხელმძღვანელები კი მისი ახლავე გამოშვების წინააღმდეგნი არ არიან. მე მესმის მწვრთნელისაც, რომელსაც ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა და ბოსებისაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაკი მოთამაშეს ზაფხულში უფასოდ კარგავენ, უმჯობესია, ახლავე გაასხვისონ და ფინანსური ხეირი ნახონ. ერთი სიტყვით, მაინცელებისგან ნიშანს ველოდებით," - განაცხადა ზამერმა ყატარში, სადაც ბავარიული გრანდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მათიასს სამწვრთნელო საკითხზეც ჩამოუგდეს სიტყვა - როგორც იცით, ბავარიელთა თავკაც
იუპ ჰაინკესს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და ჯერაც არაა გადაწყვეტილი, შეფები ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ, თუ ახალ სპეციალისტს მიიწვევენ.
"ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს და რაც უნდა მოხდეს, მომდევნო სეზონშიც შესანიშნავი მწვრთნელი გვეყოლება," - აღნიშნა ზამერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:
კირხჰოფი ბაიერნში გადადის!