მას "ბორუსიასთან" კონტრაქტი სწორედ 2014 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით დორტმუნდელები რისკზე წავიდნენ (გაისად ლევანდოვსკი შეიძლება უფასოდ დაკარგონ), მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალოს.
რამდენიმე დღის წინ რობერტმა ღიად თქვა, იმედია, კლუბის ხელმძღვანელები ჩემს სურვილს გაგებით მოეკიდებიან და გამიშვებენ იმ გუნდში, სადაც
"ის, რომ რობერტმა თავისი სურვილი ღიად დააფიქსირა, სავსებით ლეგიტიმურია, მაგრამ ასევე ლეგიტიმურია ჩვენი პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, რობერტმა "ბორუსიასთან" გაფორმებული კონტრაქტი ბოლომდე უნდა შეასრულოს," - განაცხადა "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ, რითაც პოლონელი თავდამსხმელის გარშემო ატეხილ ამბებს საბოლოო წერტილი დაუსვა.
სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი განმარტავს:
"ფეხბურთელს და მის მრჩეველს ვაცნობეთ, რომ ლევანდოვსკის "ბაიერნში" ტრანსფერს არ დავთანხმდებოდით."
ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ "დორტმუნდი" უარს ამბობს 25-30 მილიონ ევროზეც. ფაქტია, რომ თუ სასწაული არ მოხდა და რობერტმა ახალი კონტრაქტი არ გააფორმა (რაც ნაკლებად სავარაუდოა), დორტმუნდელები მას გაისად უფასოდ დაკარგავენ. პრინციპული უარი დიდი ფულის ნაცვლად - ეს დორტმუნდელთა მხრიდან საკმაოდ სარისკო და ამავდროულად, დასაფასებელი გადაწყვეტილებაა.
დიდი შანსია, რომ ამის გამო ლევანდოვსკიმ "ბორუსიაში" ისეთი მონდომებით აღარ ითამაშოს, რაც ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, მაგრამ ვატცკე დარწმუნებულია, რომ ასე არ მოხდება. "მესმის, რომ რობერტი იმედგაცრუებულია, რაც, შესაძლოა, მის თამაშზეც აისახოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ლევანდოვსკი მომავალ სეზონსაც მაღალ დონეზე ჩაატარებს. მე ისეთ რობერტს ვიცნობ, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება," - დასძენს ვატცკე.
პიშჩეკის ტრავმა უფრო სერიოზულია
აქვე გეტყვით, რომ დიდი შანსია, ლუკაშ პიშჩეკს იძულებითი პაუზა გაუგრძელდეს. ლევანდოვსკის თანამემამულე მარჯვენა მცველმა ოპერაცია ახლახან გაიკეთა და მას 5-თვიან პაუზას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "დორტმუნდის" ექიმებმა დამატებითი პრობლემები აღმოუჩინეს და აცხადებენ, რომ პიშჩეკმა ფეხბურთის თამაში, შესაძლოა, 7-8 თვის შემდეგღა განაახლოს.
არადა, ლუკაში "ბორუსიაში", ფაქტობრივად, შეუცვლელი ფიგურაა. გასულ სეზონში მან 52-დან 46 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მასზე დიდხანს მოედანზე მხოლოდ მეკარე რომან ვაიდენფელერი და ლევანდოვსკი იყვნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდა