"ჰამბურგის" ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და სატრანსფერო აქტივობებს გეგმავენ. ჩრდილოგერმანულ კლუბს "შალკეს" მარჯვენა მცველის, რაფინიას შეძენა უნდოდა და შეფები ამავე პოზიციაზე მოთამაშე გი დემელის გაშვებას გეგმავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრეს. გუნდის ახალი სპორტული დირექტორის, ექს-ფეხბურთელ ბასტიან რაინჰარდტის თქმით, რაფინიაში ფულის გადახდას, ჯობია, "ჰამბურგი" მომავალ სეზონშიც დემელს ენდოს.
ამრიგად, კოტ დივუარელი უკანახაზელი, რომელსაც დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, "ჰამბურგში" რჩება. ამ უკანასკნელმა გასული სეზონი არცისე კარგად ჩაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოსები და ახალი მწვრთნელი არმინ ფეე მას ნდობას უცხადებენ.
სამაგიეროდ, გადაწყვეტილია,
რომ HSV ახალგაზრდა შვედ თავდამსხმელ მარკუს ბერგს გაანათხოვრებს. 23 წლის ბერგი ჩრდილოგერმანულ კლუბში ერთი წლის წინ გადავიდა და "ჰამბურგმა" მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა, 10 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგრამ ბერგმა იმედები ვერ გაამართლა, 30 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური თავდამსხმელისთვის ძალიან ცუდი შედეგია.
ბერგი, რომელმაც მსოფლიოს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, სავარაუდოდ, "პსვ ეინდჰოვენს" მიაშურებს. ამ ფეხბურთელით ინგლისური "ვესტ ბრომვიჩიცაა" დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგმა" აქამდე მხოლოდ ორი ახალი ფეხბურთელი გაიფორმა: მეკარე იაროსლავ დრობნი ("ჰერტადან") და 17 წლის ლენარდ სოვა ("პორტსმუთიდან").