ლევერკუზენის "ბაიერში" დაბრუნებულ მიხაელ ბალაკს მიმდინარე სეზონში თამაში თითქმის არ დასცალდა – ბუნდესლიგაში მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, სექტემბრის დასაწყისში დაშავდა და მას მერე ინტენსიურად მკურნალობდა. გუშინ კი მისი ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ბალაკი ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა და სავარაუდოდ, თამაშს ნოემბრის ბოლომდე განაახლებს. წესით, მოედანზე იგი ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მიხაელი სარეაბილიტაციო პერიოდს ხელმეორედ შეუდგა.
"მოხარული ვარ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. მთელი გულით მინდა, რომ "ბაიერს" გამოვადგე და სულ მალე ამას შევძლებ კიდეც", -
ამბობს 34 წლის ბალაკი.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი მას ტრავმის გამო გაუცდა და ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია. ასე რომ, მოგვიანებით შევიტყობთ, იოაჰიმ ლიოვი კაპიტნის სამკლავურს ბალაკს დაუბრუნებს, თუ ამ საპატიო თანამდებობაზე ფილიპ ლამს დატოვებს.