ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" იუპ ჰაინკესის "ბაიერნს" სჯობს?

AutoSharing Option
აგერ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტში გავრცელდა და ძალიან პოპულარულია ვიდეო, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "ბაიერნის" მატჩის მეორე ტაიმის ერთ მონაკვეთს მოიცავს.

3 წუთისა და 9 წამის განმავლობაში "სიტის" ფეხბურთელები "ბაიერნის" მოთამაშეებს ბურთს მხოლოდ ერთხელ ართმევენ და მაშინვე კარგავენ! ვიდეო თქვენც ნანახი გექნებათ, მაგრამ მათთვის, ვისაც არ უნახავს, ვიტყვით, რომ მიუნხენური გრანდი ბურთს იდეალურად ფლობს, ფეხბურთელები ერთმანეთს დროულად ეხსნებიან და უმეტესად, ერთი შეხებით თამაშობენ; მანჩესტერელები კი აქეთ-იქით უაზროდ დარბიან და ბურთს ვერაფრით ეუფლებიან.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ხოსეპ გვარდიოლამ "ბაიერნს"
არა მარტო "ტიკი-ტაკა" ასწავლა, არამედ ეს სისტემა რეკორდმაისტერში კიდევ უფრო დახვეწა და "ბაიერნს" მისთვის უჩვეულო ფეხბურთს ათამაშებს. ამას არა მარტო ხსენებული ვიდეო, არამედ ზოგადად, სტატისტიკური ფაქტებიც მოწმობს:

* ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების რვა ტურში "ბაიერნს" საშუალოდ ერთ შეხვედრაში ბურთის ფლობის 66.5-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც გერმანიის ჩემპიონატში, რა თქმა უნდა, საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმით დორტმუნდის "ბორუსიაა" - 56.4 პროცენტით.

შედარებისთვის, წინა სეზონში, ანუ იუპ ჰაინკესის ხელში, როცა რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი მოიგო, ბავარიელებს საშუალოდ ერთ შეხვედრაში ბურთის ფლობის 60-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ - ანუ დღევანდელზე 6.5 პროცენტით ნაკლები.

* "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ამ სეზონში ჯამში 5 318 პასი გააკეთეს. შედარებისთვის, ბუნდესლიგაში ამ მხრივ მეორე ადგილზე მიონხენგლადბახის "ბორუსიაა" 4 410 პასით.

* ბუნდესლიგის განვლილ ტურში "ბაიერნმა" "ლევერკუზენთან" 1:1 კი ითამაშა, მაგრამ რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა 90 წუთში 682 პასი გააკეთეს, ლევერკუზენელებმა კი მხოლოდ 171!

* ფაქტია, რომ "ბაიერნი" ამდენ პასს ადრე არასდროს აკეთებდა და თანაც, მიუნხენელებს არაზუსტი პასების უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებელი (13 პროცენტი) აქვთ. აღსანიშნავია, რომ პეპის "ბაიერნი" ამ მხრივაც ჯობნის იუპ ჰაინკესის "ბაიერნს". თუმცა საბოლოო ჯამში, მწვრთნელისა და გუნდის ავკარგიანობა ტიტულებით იზომება, ტიტულები კი სეზონის ბოლოს უნდა დავითვალოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნმა" ტიკი-ტაკა "ბარსელონაზე" უკეთ ისწავლა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული