ბასტიან შვაინშტაიგერი ბრუნდება!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მუხლის ტრავმა თითქმის მოიშუშა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 29 წლის შვაინი სრული დატვირთვით ვარჯიშს დღეს-ხვალ განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე მოედანზეც ვიხილავთ.

შვაინშტაიგერმა ინდივიდუალური ვარჯიში სამშაბათს დაიწყო, ახლა კი ექიმებმა მწვანე სრული დატვირთვით ვარჯიშისთვისაც აუნთეს.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერს ამ სეზონში ტრავმიანობა დასჩემდა - ჯერ სეზონის დასაწყისში დაშავდა, მერე კი - პირველი წრის მიწურულს. ამ სეზონში მან უკვე გაიკეთა ერთი ოპერაცია. შვაინის ბოლო ოფიციალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაში პლზენის "ვიქტორიასთან" ჩატარებული შეხვედრა გახლდათ, რომელიც ნოემბერში
გაიმართა.

აქვე გამცნობთ, რომ ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები მალე დაასრულებენ მოლაპარაკებებს არიენ რობენთან. როგორც იცით, საქმე ჰოლანდიელი გარემარბისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეხება. ეს ცნობა "შპორტ ბილდს" რობენის მამამ დაუდასტურა:

"მოლაპარაკებები ნაყოფიერად მიმდინარეობს და ალბათ, მალე წარმატებით დასრულდება, თუმცა მანამდე მინიმუმ ერთი შეხვედრაცაა საჭირო,"
- აცხადებს ჰანს რობენი.

არიენ რობენს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში უმთავრდება და მიუნხენელები ხელშეკრულების გაგრძელებას 2017 წლამდე სთავაზობენ. "ბილდის" ცნობით, რობენი ახალი კონტრაქტით წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

კროოსის საკითხი გართულდა
სამაგიეროდ, გართულდა ტონი კროოსის საკითხი. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ტონიმ "ბაიერნის" ბოსებს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ზედმეტად მაღალი ხელფასი მოსთხოვა, რის გამოც პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მასთან მოლაპარაკებები დროებით შეწყვიტეს.

5 თებერვალს ამ თემას თვითონ ფეხბურთელი გამოეხმაურა:

"ფაქტი ის არის, რომ "ბაიერნში" ბედნიერი ვარ. თანაც, უმეტესად ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ და უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. თუმცა არა მგონია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლამდე აქვს,"
- დაწერა კროოსმა სოციალური ქსელების, "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" საკუთარ გვერდებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ