გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურში გამორჩეული ცენტრალური შეხვედრა არ არის და გრანდებსა და ფავორიტებს თავისუფლად შეუძლიათ გააგრძელონ პირველ ტურში კარგად დაწყებული საქმე.
მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნს" არ უნდა გაუჭირდეს სამი ქულის აღება "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში. ეს გუნდები ბუნდესლიგაში 14-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და რეკორდმაისტერი არასოდეს დამარცხებულა.
"ჰოფემ" ახალ სეზონში ძალიან ცუდი სტარტი აიღო - ჯერ გერმანიის თასზე დამარცხდა "მიუნხენ 1860"-თან (0:2), ბუნდესლიგის პირველ ტურში კი 1:2 წააგო "ლევერკუზენთან". "ბაიერნი" კი პირველივე ტურის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ცხრილს, როცა ყველაზე
* * *
ბურთების სხვაობით მეორე ადგილზე მყოფი "დორტმუნდი" სტუმრად შეხვდება ბუნდესლიგის აბსოლუტურ დებიუტანტს, "ინგოლშტადტს", რომელმაც მოგებით დაიწყო კლუბის ისტორიაში ახალი ეპოქა - "მაინცს" სძლია 1:0. თუმცა დებიუტანტებს ესმით, რომ "დორტმუნდი" სულ სხვა კალიბრის გუნდია და მასთან ძალიან გაჭირდება თამაში, მაგრამ ბრძოლას ჰპირდებიან მეტოქეს.
თომას ტუხელის გუნდმა შესანიშნავ სტილში მოუგო "გლადბახს" (4:0) და ერთადერთი, რაც აღელვებს, ფიზიკური მდგომარეობაა, რადგან "დორტმუნდს" ხუთშაბათს, ევროპალიგის პლეი ოფის თამაში მოუწია ნორვეგიის "ოდ გრენლანდთან".
* * *
"ინგოლშტადტის" მსგავსად, არ წააგო პირველი ტური კიდევ ერთმა დებიუტანტმა "დარმშტადტმა" (2:2 "ჰანოვერთან"). მის რიგებში დუბლით გამოირჩა მარსელ ჰელერი, რომელმაც "კიკერისგან" 1.5 შეფასება მიიღო. ამ ფეხბურთელის შეჩერება "შალკეს" შესუსტებული დაცვით მოუწევს - პირველ ტურში მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს ნასტასიჩი, აგრეთვე, ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა ჰიოვედესი. ნასტასიჩის ალტერნატივა უნდა გახდეს აიჰანი ან ფრიდრიხი. შესაძლებელია, აგრეთვე, ნოიშტედტერის უკან დახევა.
"შალკეს" ახალი შემტევი სტილი აქვს ახალი მწვრთნელის, ანდრე ბრაიტენრაიტერის ხელში. ამ სტილმა გუნდს პირველ ტურში "ვერდერთან" სტუმრად 3:0 მოგება მოუტანა და "დარმშტადტის" დაცვის ხაზსაც რთული გამოცდა ელოდება "ფელტინს არენაზე".
* * *
როგორც ვთქვით, მეორე ტურში არ არის ცენტრალური შეხვედრა, თუმცა ერთ მატჩში სამქულიანი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს: "კიოლნი"-"ვოლფსბურგი". "მგლების" ბანაკში კვლავაც გაურკვევლობაა დე ბრუინთან დაკავშირებით, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს. ბელგიელმა მთლიანად ჩააგდო პირველი შეხვედრა "აინტრახტთან" (2:1) და ასეთი ლიდერი "ვოლფსბურგს" არ სჭირდება.
თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს ნახევარმცველის შენარჩუნებას.
"კიოლნმა" პირველ ტურში სტუმრად 3:1 მოუგო "შტუტგარტს", მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ შტიოგერი უკმაყოფილო დარჩა ცენტრალური ნახევარმცველების - გერჰარდტისა და იოიჩის თამაშით, რომლებმაც ერთნაირი დაბალი შეფასება - 4.5 მიიღეს. შესაძლოა, ეს წყვილი ფოგტმა (2.5 "კიკერისგან") და ცოლერმა (გოლი) შეცვალონ.
* * *
რომში "ლაციოსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის წაგების (0:1) შემდეგ ხასიათის გამოკეთება სურს "ლევერკუზენს", რომელიც სტუმრად შეხვდება "ჰანოვერს". დაძაბული გრაფიკის გამო როჯერ შმიდტმა, შესაძლოა, როტაციას მიმართოს და ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ მეჰმედი, ბრანდტი და კრუსი. ასევე, თავის შანსს ელოდება ჩილელი ახალწვეული არანგისი, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
* * *
"ლევერკუზენისგან" განსხვავებით, უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია "გლადბახი". ამიტომაც მას ჯერ მხოლოდ შიდა პრობლემები აწუხებს, რაც "დორტმუნდთან" 0:4 წაგებული მატჩით გამოიხატება. ლუსიენ ფავრის შეგირდებმა მეტად უსუსური თამაში აჩვენეს და ათქმევინეს მთავარ მწვრთნელს - "ბორუსიას" ყველაფერი ნულიდან აქვს დასაწყებიო.
"გლახბახს" მეტოქე იოლი ჰყავს - "მაინცი", რომელმაც შინ წააგო პირველი მატჩი "ინგოლშტადტთან".
ბუნდესლიგა. II ტური:
21 აგვისტო
ჰერტა-ვერდერი 22:30
დისკვალიფიკაცია: ბეერენსი
ტრავმა: ბენ ჰატირა, ალაგუი, შიბერი - გარსია, ბარტელსი, გრილიტში, ილდირიმი, ლორენცენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 მატჩი: +19=12-33 (77-115)
22 აგვისტო
შალკე-დარმშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 მატჩი: +2=0-0 (6-3)
ჰანოვერი-ლევერკუზ. 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიიოტაკე - იედვაი, თოფრაქი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 მატჩი: +5=10-17 (31-62)
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამადი, ჰერდლინგი - ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, კირხოფი, რიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +0=4-10 (10-34)
კიოლნი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაროჰი, მავრაი - ბენალიო, ფელიპე, შიურლე
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 მატჩი: +3=6-11 (24-46)
აინტრახტი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ბობადილია
ტრავმა: ანდერსონი, კიტელი, შტენდერა, მაიერი - ოპარე, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, ტროხოვსკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 მატჩი: +1=2-2 (8-10)
ჰამბურგი-შტუტგარტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯურუ, გიოტცი, დემირბაი, ირაჩეკი - ლანგერაკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 100 მატჩი: +42=21-37 (149-156)
23 აგვისტო
ინგოლშტ.-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანილო - პიშჩეკი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
გლადბახი-მაინცი 19:30
დისკვალიფიკაცია: ნორდტვეიტი
ტრავმა: ალვარო დომინგესი, ჯონსონი - სოტო, ბაისტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +7=6-5 (24-20)
ტურისწინა ციფრები
ჰერტა-ვერდერი
- "ჰერტას" არასოდეს დაუწყია ჩემპიონატი ორი მოგებით, მის მეტოქეს "ვერდერს" კი 1998 წლის შემდეგ არ წაუგია პირველი ორი ტური.
- "ჰერტამ" პალ დარდაის ხელმძღვანელობით 17-დან 9 მატჩი ფრედ დაასრულა.
- "ჰერტასთან" ბოლო ოთხ მატჩში ბრემენელები მინიმუმ 2 გოლს იტანდნენ.
შალკე-დარმშტადტი
- "დარმშტადტმა" გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში არც ერთ გასვლით მატჩში არ გაუშვა ორზე მეტი გოლი.
- ორი წლის წინ "შალკე" და "დარმშტადტი" გერმანიის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და გელზენკირხენელებმა 3:1 მოიგეს.
ჰანოვერი-ლევერკუზენი
- "ჰანოვერი" "ლევერკუზენს" 32-ჯერ შეხვედრია და თამაშების მხოლოდ 16 პროცენტი მოიგო (5). "ბაიერის" კარში გატანილი გოლების საშუალო რიცხვი ერთზე დაბალია.
- "ჰანოვერმა" ბოლო 5 სეზონში 4-ჯერ მოიგო პირველი საშინაო მატჩი.
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი
- "ბაიერნმა" და "ჰოფენჰაიმმა" 14-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში. რეკორდმაისტერს 10 მოგება აქვს 4 ფრესთან ერთად.
- ამ 14 მატჩიდან "ჰოფე" ხუთჯერ იყო დაწინაურებული. "ბაიერნმა" ორჯერ მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოიგო (ორივეჯერ - 2:1).
- რობერტ ლევანდოვსკის 9 გოლი აქვს გატანილი "ჰოფენჰაიმის" მეკარე ოლივერ ბაუმანისთვის. ბუნდესლიგის არც ერთი სხვა მეკარისთვის პოლონელს ამდენი გოლი არ გაუტანია.
კიოლნი-ვოლფსბურგი
- "კიოლნი" 10 მატჩია შინ არ მარცხდება - 3 მოგება და 7 ფრე. ბოლო წაგება თარიღდება 2014 წლის 6 დეკემბრით ("აუგსბურგთან" 1:2).
- "კიოლნი" ისტორიაში ყველაზე მეტ გოლს "ვოლფსბურგისგან" უშვებს - საშუალოდ 2.3 მატჩში.
- ანტონი მოდესტეს თავის ბუნდესლიგურ კარიერაში ყველაზე მეტი გოლი "ვოლფსბურგისთვის" გაუტანია - 4 გოლი 4 მატჩში.
აინტრახტი-აუგსბურგი
- "აინტრახტმა" 2012 წლის ნომბერში მოუგო პირველი დაპირისპირება "აუგსბურგს" (4:2), ამის შემდეგ კი 15 შესაძლებელი ქულიდან მხოლოდ 2 აიღო.
- "აინტრახტს" "აუგსბურგის" წინააღმდეგ ყველა მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.
ჰამბურგი-შტუტგარტი
- "ჰამბურგი" ბრუნო ლაბადიას ხელმძღვანელობით შინ არ მარცხდება - ეს სერია 4 შეხვედრას ითვლის.
- "ჰამბურგს" ზედიზედ ოთხი მატჩია არ მოუგია "შტუტგარტისთვის".
- "ჰამბურგისა" და "შტუტგარტის" წინა 100 მატჩში მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა 0:0.
ინგოლშტადტი-დორტმუნდი
- "ინგოლშტადტი" პირველი დებიუტანტია 2008 წლის შემდეგ, რომელმაც პირველი ტურის მატჩი მოიგო. 7 წლის წინ ეს გააკეთა "ჰოფენჰაიმმა" და მან მეორე ტურშიც გაიმარჯვა.
- "დორტმუნდმა" ბოლოს 4:0 მოგებით ჩემპიონატი 2013 წელს დაიწყო. მაშინ გუნდმა სეზონის სტარტზე ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.
- ჰენრიხ მხითარიანმა ახალ სეზონში ყველა ოფიციალურ მატჩში უკვე ექვსი გოლი გაიტანა, რაც უკვე აღემატება შარშანდელი სეზონის სრულ მონაგარს (5).
გლადბახი-მაინცი
- "მაინცი" რვა მატჩია ვერ იგებს მიონხენგლადბახში - 3 ფრე და 5 წაგება.
- "გლადბახმა" ცხრაჯერ ითამაშა შინ "მაინცის" წინააღმდეგ და ყველა მატჩში გახსნა ანგარიში.
- პირველ ტურში ორივე გუნდს შეტევაში ჰქონდა პრობლემები - 3-3 დარტყმა შეასრულეს მეტოქის საჯარიმოდან.
- "გლადბახს" ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 9 აქვს მოგებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"