მიუნხენის "ბაიერნი" - შეჩერდი, პეპ!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მილიონობით გულშემატკივარი აღტაცებულია. პეპ გვარდიოლას გუნდი მიმდინარე სეზონში უბრალოდ შეუჩერებელია. ეს მით უმეტეს დასაფასებელია იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ევროპულ საკლუბო ფეხბურთში გვაქვს.

უფსკრული
გრანდები სეზონის დაწყების შემდეგ ვერ გვიჩვენებენ სტაბილურ თამაშს. ასე განსაჯეთ, "ბარსელონაცა" და "რეალიც" ამ მარაქაში არიან გარეულნი. დღეს არ არსებობს უფრო სტაბილური გუნდი, ვიდრე "ბაიერნია". ეს არ შეიძლება, არ გვახარებდეს.

არ შეიძლება, ფეხბურთო გიყვარდეს და არ გახარებდეს რობერტ ლევანდოვსკის სუპერშედეგიანი თამაში. ულაპარაკოდ: დღეს პოლონელი მსოფლიოს ნომერ პირველი თავდამსხმელია. ლევანდოვსკისთვის სულ ერთია, ვინ არის "ბაიერნის" მეტოქე.
პოლონელი მათ არ ინდობს.

ის, რაც რობერტმა ამას წინად გააკეთა "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში, ფენომენალურია. ლევანდოვსკიმ ეს ერთხელ უკვე შეძლო და გამოდის, რომ მომავალშიც შეძლებს. ეს უკვე კარგია. ეს წამით გვავიწყებს, რომ ფეხბურთს ჩვეულებრივი ადამიანები თამაშობენ.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ ასე გაგრძელდა, "ბაიერნი" ვადაზე ძალიან ადრე გაინაღდებს გერმანიის ჩემპიონობას. პრინციპში, ბოლო წლებში "რეკორდმაისტერმა" ამას უკვე მიგვაჩვია. "ბაიერნს" თითქოს, მისდევს "დორტმუნდი", მაგრამ ეს დევნა პირობითია. რამხელა სხვაობაა ამ ორ გუნდს შორის, ჩვენ ნათლად ვნახეთ ამასწინანდელ მატჩში.

ეს არ იყო უბრალო მოგება. "ბაიერნმა" დაგვანახა, რომ მასსა და "დორტმუნდს" შორის" დიდი უფსკრულია. ეს უფსკრული "რეკორდმაისტერისთვის" მთლად კარგი არ არის. წესით, ფეხბურთში გამარჯვებას არასოდეს უვნია, მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე.

ეს ფეხბურთია...
ეს ფეხბურთია და არსებობს გარკვეული დაწერილი თუ დაუწერელი წესები. ერთ-ერთი ისაა, რომ გუნდი, რა გინდ მაღალი დონის შემსრულებლებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული, მთელ სეზონს ერთ, უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებს.
ეს აქსიომაა.

"ბაიერნი" ახლა დაფრინავს, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება სეზონის ბოლოს, როცა საპასუხისმგებლო მატჩების დრო მოვა. არადა, ეს დრო აუცილებლად დადგება. დიდია იმის ალბათობა, რომ იმ დროისათვის "ბაიერნი" უკვე იყოს გერმანიის ჩემპიონი. ეს, გვინდა თუ არა, გუნდის მორალურ თვითკმაყოფილებას გამოიწვევს.

როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერი" თავისივე დაშვებული შეცდომებიდან ვერ სწავლობს. ან არ სწავლობს. ამას თავისი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. ამაზე ქვემოთ. ყველას გვახსოვს, რა მოხდა წინა სეზონში.

რა თქმა უნდა, "ბაიერნის" არც ერთ გულშემატკივარს არ უნდა, რომ წინა სეზონის ისტორია განმეორდეს. გვარდიოლას უყვარს გამარჯვება, თუმცა ალბათ, ურიგო არ იქნება, იგი ადგილ - ადგილ შეჩერდეს. ასე "რეკორდმაისტერს" სეზონის ბოლომდე გაჰყვება მოტივაცია.

რატომ არ ჩერდება პეპი?
გვარდიოლას შეჩერება არ უნდა. ის ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება და ფეხბურთელებსაც იმავეს სთხოვს. რომ არა მეტად სპეციფიკური სიტუაცია, ეს შეიძლება ასეც არ ყოფილიყო.ეს სიტუაცია გვარდიოლას უკავშირდება.

მიუნხენში პეპი ჯერაც ვერ არის შინაური კაცი და შეიძლება, მისი კარიერა ისე მორჩეს, რომ ვერც ვერასოდეს გახდეს. გვარდიოლამ უშანსოდ წააგო "ბარსელონასთან" და გაუშვა გუნდის სიმბოლო ბასტიან შვაინშტაიგერი. პეპმა ესპანელები მოამრავლა "რეკორდმაისტერში" და "ბაიერნის" გარჯაში "ტიკი-ტაკას" გვარიანი ელემენტები გაურია.

ადვილი შესაძლებელია, სეზონის ბოლოს გვარდიოლა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი აღარ იყოს. ეს ყველამ იცის. ეს პეპმაც იცის. შეიძლება, ყველა ტიტული მოიგოს და მაინც აღარ იყოს. გვარდიოლას უნდა, ყველა ეჭვი გაფანტოს. გვარდიოლას უნდა, ყველა მოწინააღმდეგე გაბდღვნას. გვარდიოლას უნდა, ყველაფერი მოიგოს.

გუნდი ჯერ ძალიან მაგრად მიჰყვება პეპს. რა იქნება სეზონის ბოლოს, ეს არავინ იცის. თუ გუნდისა და მწვრთნელის სინქრონულად სვლის ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ "ბაიერნის" შემჩერებელი ძნელად თუ ვინმე მოიძებნება.

რესურსი
ფრანკ რიბერი და არიენ რობენი - მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მთავარი დამრტყმელი ძალა - საქმეში ხეირიანად არც ჩართულა. ეს უფრო რიბერიზე ითქმის. როცა ფრანგი და ჰოლანდიელი აკრეფენ ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, "ბაიერნის" ძალა კიდევ უფრო მოიმატებს.

ლიდერების ხშირმა არყოფნამ კი "ბაიერნს" არგო კიდეც. დუგლას კოშტა მაგრად გაიხსნა. დღეს "ბაიერნის" წარმოდგენა მის გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია. თანაც, გვარდიოლა უფრო და უფრო ხშირად ანდობს ადგილს ძირითადში ადგილს ახალგაზრდებს..

ფეხბურთში არსებობს დაუწერელი კანონები. ისინი ხშირად მოქმედებენ. მთელ სეზონს ერთი ამოსუნთქვით ვერ ჩაატარებ. ხანდახან ჯობია, შეჩერდე და ჩაიმუხლო, რათა გადამწყვეტ აღმართს დასვენებული აუყვე.

მცირე ხნით, მაგრამ მაინც - შეჩერდი, პეპ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
''წესით ... მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე'' - წერს ავტორი და ბოლოს ამატებს:
''ფეხბურთში არსებობს დაუწერელი კანონები. ისინი ხშირად მოქმედებენ. მთელ სეზონს ერთი ამოსუნთქვით ვერ ჩაატარებ. ხანდახან ჯობია, შეჩერდე და ჩაიმუხლო, რათა გადამწყვეტ აღმართს დასვენებული აუყვე.
მცირე ხნით, მაგრამ მაინც - შეჩერდი, პეპ!'' კანონი იმისთვისაა რომ დაარღვიო ;) და იქნება ახალი ''წესი'' შემოიღოს ბაიერნმა - ჩაამთავრო მთელი სეზონი პირველ ადგილზე და მოიგო ჩლ :) ვიფიქროთ ამაზე
bayern-ის ბანი
12:25 12-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული