ბუნდესლიგა 2016/17. სეზონის წინათქმა: ვინ მოერევა "ბაიერნს"?

AutoSharing Option
დღეს გერმანიის ჩემპიონატი იწყება. მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ისევ მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც ახალ სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - რეკორდმაისტერს კარლო ანჩელოტის სახით ახალი თავკაცი ჰყავს.

მოდით, ერთად ვნახოთ, რა ხდება ბუნდესლიგის თვრამეტივე კლუბში: ვინ შეიძლება იბრძოლოს ჩემპიონობისთვის "ბაიერნის" გარდა? რომელი კლუბები იბრძოლებენ ევროსაგზურებისთვის? ვის შეიძლება დაემუქროს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება? ერთად ვნახოთ, სად რა შეიცვალა და ვინ როგორ ფორმაში ხვდება ახალ სეზონს.

"ფრაიბურგი" ჩვენი ჰუფნაგელით
"ფრაიბურგმა" შეძლო და ფაქტობრივად, შეინარჩუნა ის შემადგენლობა, რომლითაც ელიტაში დაბრუნდა. ბრაისგაუელებს კრისტიან შტრაიხის სახით გამოცდილი მწვრთნელი
ჰყავთ, რომელიც ბოლო დროს ხშირად ცვლის ტაქტიკას და გუნდს ხან სამი, ხანაც ოთხი მცველით ათამაშებს. "ფრაიბურგი" ჩვენთვის, ქართველებისთვის, კვლავ განსაკუთრებით საინტერესო გუნდია, რადგან იქ ლუკას ჰუფნაგელი თამაშობს - ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელსაც უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

10 ამხანაგური თამაშიდან "ფრაიმ" 8 მოიგო, ერთ-ერთი მარცხი კი "მილანთან" განიცადა. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი შეკრება სრულფასოვნად ვერ გაიარა გუნდის მთავარმა თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა. სამაგიეროდ, ამხანაგურ მატჩებში კარგად გამოიყურებოდა მეორე ფორვარდი ფლორიან ნიდერლეხნერი, რომელმაც "დარმშტადტთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და თასზე "ბაბელსბერგსაც" გაუტანა.

"ფრაიბურგის" მიზანი და შანსები უცვლელია: ამ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდეს. თუ ცოტა მეტად გაუმართლებს, იქნებ ცხრილის შუაშიც დამკვიდრდეს, მაგრამ თუ არ გაუმართლა, შეიძლება გავარდეს კიდეც.

"ლაიპციგი" ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდით
"რედ ბულ ლაიპციგი" ბუნდესლიგაში ძალიან საინტერესო სიახლეა. ეს არის უმეტესად ახალგაზრდა, მოტივირებული და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი, რომლის მთავარი და ერთადერთი მიზანი, რა თქმა უნდა, გადარჩენა იქნება. აღსანიშნავია, რომ "ლაიპციგი" ისეთი ცნობილი ფეხბურთელითაც გაძლიერდა, როგორიცაა ტიმო ვერნერი, ახალია გუნდის მთავარი მწვრთნელიც - რალფ ჰაზენჰიუტლი.

ამხანაგურ მატჩებში ლაიპციგელებს არ წაუგიათ, გერმანიის თასის პირველ რაუნდში კი მოსისხლე მტერ დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდნენ. გუნდს ახალგაზრდა და მოტივირებული ფეხბურთელები კი ჰყავს, მაგრამ ისინი ამავდროულად ძალიან გამოუცდელებიც არიან. ამიტომაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლაიპციგი" მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოლებს და ამ მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება.

"დარმშტადტი": გავარდნის უმთავრესი კანდიდატი
წინა სეზონში სენსაციურად გადარჩა და "დარმშტადტის" მიზანი ამ სეზონშიც არ იცვლება. კლუბი მწვრთნელმა დირკ შუსტერმა და რამდენიმე ძირითადმა ფეხბურთელმა დატოვა. მოვიდა ახალი სპორტული დირექტორი ჰოლგერ ფახი, ახალი მწვრთნელი ნორბერტ მაიერი და რამდენიმე ახალი მოთამაშე, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ენის ბენ-ჰატირაა. თასის პირველ რაუნდში "დარმშტადტმა" უსუსურ "ბრემენს" 7:0 მოუგო.

გერმანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "დარმშტადტს" ზედიზედ მეორედ ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და გავარდნის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

"ინგოლშტადტი": ახალი მწვრთნელით, ახალი დაცვით
მწვრთნელმა ჰაზენჰიუტლმა "ინგოლშტადტი" ელიტაში დატოვა და "ლაიპციგში" წავიდა. კლუბი დატოვეს მეკარე რამაზან იოზჩანმა, მცველებმა - დანი და კოშტამ და ბენიამინ ჰიუბნერმაც. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ახალმა მწვრთნელმა მარკუს კაუჩინსკიმ დაცვა თავიდან უნდა ააწყოს.

ტესტ-მატჩებში "ინგოლშტადტმა" 6-დან 4 შეხვედრა წააგო, თასზე კი ძლივს, პენალტების სერიით გაიმარჯვა. მოკლედ, კაუჩინსკის ბევრი საქმე აქვს - "ინგოლშტადტის" ელიტაში დატოვება ადვილი არ იქნება.

"აინტრახტი": კოვაჩი და ბობიჩი ბრძოლისუნარიან გუნდს გვპირდებიან
ჰერიბერტ ბრუხჰაგენის ერა ისტორიას ჩაბარდა, ფრანკფურტელთა ახალი ბოსი ფრედი ბობიჩია. ცვლილებებია შემადგენლობაშიც: წავიდნენ ძირითადი შემადგენლობის ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან კარლოს სამბრანო და შტეფან აიგნერი. მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ბრძოლისუნარიან გუნდს გვპირდება - რა თქმა უნდა, ლეგენდად ქცეული ალექს მაიერით, რომლის ახალი მეწყვილე წინა ხაზზე ექსგლადბახელი ბრანიმირ ჰრგოტაა.

ფრანკფურტელები ტესტ-მატჩებში არ დამარცხებულან, თასზე კი, "მაგდებურგთან" ძალიან იწვალეს (თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს). კოვაჩმა "აინტრახტი" სირცხვილისგან იხსნა, ამ სეზონში კი, მიზანი გავარდნის ზონიდან შეძლებისდაგვარად შორს ყოფნა იქნება.

"ვერდერი": კატასტროფა ახლოვდება?
ბრემენული კლუბის სპორტულ დირექტორ თომას აიხინს ვიქტორ სკრიპნიკის გაშვება და ახალი მწვრთნელის მოყვანა უნდოდა, მაგრამ "კატა გამოთხარა": თავად აიხინი გაუშვეს. ახალმა ბოსმა ფრანკ ბაუმანმა კი წმენდა დაიწყო - 13 ახალწვეული, 13 გაშვებული ფეხბურთელი. წავიდნენ ანტონი უჯა და იანიკ ვესტერგაარდი. ახალწვეულთაგან კი ყველაზე საინტერესო თავდამსხმელი მაქს კრუზეა, რომელიც ამჟამად დაშავებულია.

თუმცა "ვერდერი" ახალ სეზონს ტრადიციულად მძიმე მდგომარეობაში, გლოვით ხვდება. სკრიპნიკის გუნდი არც ამხანაგურ მატჩებში ბრწყინავდა და გერმანიის თასის პირველ რაუნდშიც სენსაციურად დამარცხდა - "შპორტფროინდე ლოტესთან". ბუნდესლიგის პირველ ტურში კი "ვერდერი" დღეს თვით მიუნხენის "ბაიერნს" სტუმრობს.

"ვერდერის" მდგომარეობა ძალიან გვაგონებს "შტუტგარტისას" და თუ ბრემენული კლუბის შეფები ვერაფერს მოიფიქრებენ, "მუსიკოსებიც" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდებიან და ბუნდესლიგა კიდევ ერთ სახელოვან კლუბს დაკარგავს.

"ჰოფენჰაიმი": "სოფელს" ევროსარბიელზე უნდა!
კევინ ფოლანდი წავიდა, სამაგიეროდ, მოვიდა სანდრო ვაგნერი და უკვე სრულფასოვანი ჰოფენჰაიმელია ანდრეი კრამარიჩიც. "სოფლელებმა" ინვესტიცია ნახევარდაცვისა (დემირბაი, რუპი, ტერაცინო, ფოგტი) და დაცვის (ჰიუბნერი) გაძლიერებაშიც ჩადეს. მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ოიგენ პოლანსკი ახალ კაპიტნად დაასახელა. ერთი სიტყვით, "ჰოფენჰაიმი" ახალ სეზონს მომზადებული ხვდება და თუ გაუმართლა, შეიძლება ევროპალიგის საგზური მოიპოვოს.

"აუგსბურგი": გააჩნია, რას შეძლებს მწვრთნელი
"აუგსბურგმა" მთავარი მცველი, კლავანი დაკარგა, სამაგიეროდ, მოიწვიეს მარვინ ფრიდრიხი და გოიკო კაჩარი. წარმატებული მწვრთნელი, მარკუს ვაინცირლი არანაკლებ წარმატებულმა დირკ შუსტერმა შეცვალა. ამხანაგურ მატჩებში გუნდმა "ჩაისვარა", თასზე კი სუსტ "რავენბურგს" მხოლოდ 2:0 მოუგო. თუკი შუსტერი გუნდის დალაგებას მოახერხებს, აუგსბურგელებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ დაემუქრებათ და, შესაძლოა, საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლონ.

"ჰამბურგი": "დინოზავრი" ეიფორიაშია
ბოსმა დიტმარ ბაიერსდორფერმა მენეჯერი პეტერ კნებელი გაათავისუფლა და მისი საქმე თავად შეითავსა. "ჰამბურგის" ინვესტორმა კლაუს-მიხაელ კიუნემ კი ფული დახარჯა: ჩრდილოელებმა ისეთი ფეხბურთელები გადაიბირეს, როგორებიცაა ალენ ჰალილოვიჩი (ბარსადან) და ფილიპ კოსტიჩი (შტუტგარტიდან). ასეთი ტრანსფერების შემდეგ "ჰამბურგში" დიდი ეიფორიაა და ფანები იმედოვნებენ, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი კარგ სეზონს ჩაატარებს.

ამხანაგურ მატჩებში "ჰამბურგმა" 8 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ხოლო თასზე კი "ცვიკაუს" სწორედ ჰალილოვიჩის მშვენიერი გოლით მოუგო. მოკლედ, ჰამბურგელები სამართლიანად ოცნებობენ ევროპალიგის საგზურზე.

"კიოლნი": ახალი გუნდი
"კიოლნს" უამრავი ახალი მოთამაშე ჰყავს: გირასი, ჰიოგერი, რაუში, რუდნევსი. რაც მთავარია, "თხებმა" მოახერხეს მთავარი ლიდერების, იონას ჰექტორის, ლეო ბიტენკურისა და ანტონი მოდესტეს შენარჩუნება. შვიდი ამხანაგური მატჩიდან ხუთი მოიგეს და ორში დამარცხდნენ, თასზე კი მეექვსე ლიგის ბინადარი "პროისენი" 7:0 გაანადგურეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "კიოლნი" ახლებურად დაკომპლექტდა. "თხები" ბევრს არ ოცნებობენ, მაგრამ "ერთ მშვენიერ დღეს" ევროპალიგის საგზურის მოპოვება ნაღდად ხელეწიფებათ.

"ჰერტა": შერცხვენილი გმირები
"ჰერტა" წინა სეზონის მთავარი აღმოჩენაა, რომელმაც კინაღამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ბერლინელები მხოლოდ დუდათი და ალანით გაძლიერდნენ. ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ "ჰერტა" ბევრმა ჩამოწერა, მაგრამ ამ გუნდს აქვს რესურსი და მისი ადგილი ცხრილის ზედა ნახევარშია.

"მაინცი": ისევ როკი?
"მაინცის" წარმატებულმა მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა "შალკეში" გადაინაცვლა, მის ადგილზე კი როუვენ შრიოდერი დაინიშნა. გუნდი დატოვეს მეკარე ლორის კარიუსმა და კაპიტანმა იულიან ბაუმგარტლინგერმა. ახალი მეკარე დანიელი იონას ლიოსლია, კიდევ ერთი ახალწვეული კი - "რეალიდან" ნათხოვარი ხოსე როდრიგესი შეცვლის.

"ვოლფსბურგი": ახალ ერა გომესთან ერთად
მარიო გომესი თავდასხმაში, დანიელ დიდავი ნახევარდაცვაში, კუბა ბლაშჩიკოვსკი ფლანგზე, ჯეფრი ბრუმა დაცვაში - "ვოლფსბურგს", როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი ახალწვეულები ჰყავს. თუმცა, საკმარისია თუ არა ეს ტრანსფერები იმისათვის, რომ "მგლები" ისევ ჩემპიონთა ლიგის კანდიდატებად ჩავთვალოთ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. გუნდი დანტემ დატოვა და, შესაძლოა, იულიან დრაქსლერიც წავიდეს, რაც უდავოდ სერიოზული დანაკარგი იქნება. ფაქტია, რომ "ვოლფსბურგი" ევროსარბიელის მიღმა კიდევ ერთხელ დარჩენას ვეღარ გადაიტანს.

"შალკე": ბევრი ახალი სახე გელზენკირხენში
ახალი მწვრთნელი (მარკუს ვაინცირლი), ახალი მენეჯერი (კრისტიან ჰაიდელი) და ბევრი ახალი ფეხბურთელი - გელზენკირხენულ კლუბში მოსალოდნელზე მეტი სიახლეა. "შალკემ" დაცვა ნალდოთი (ვოლფსბურგიდან) და ბაბათი (ჩელსიდან) გააძლიერა, "სევილიადან" წამოყვანილი კოკე კი ტრავმირებულია. ნახევარდაცვაში ახალწვეულები არიან ნაბილ ბენტალები ("ტოტენჰემიდან", იჯარა) და ბენიამინ სტამბული (პსჟ-დან, 8.5 მილიონი ევრო). სიახლეა თავდასხმაშიც: "შალკემ" 19 წლის ბრეელ ემბოლო 22.5 მილიონ ევროდ იყიდა. თუმცა გელზენკირხენელები "მანჩესტერ სიტიში" გადასული სანეს შემცვლელსაც ეძებენ.

"შალკეს" მინიმალური მიზანი ევროპალიგის საგზურია, ისე კი - ჩემპიონთა ლიგა.

"გლადბახი": სტაბილურად ძლიერი
"გლადბახს" ისევ ძლიერი გუნდი ეყოლება, რაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც დამტკიცდა. მართალია, გრანიტ ჯაკას დაკარგვა სერიოზული დანაკლისია, მაგრამ გუნდი გაძლიერდა კიდეც. დაცვაში ვესტერგაარდი კარგი შენაძენია, ნახევარდაცვაში კრისტოფ კრამერი - კიდევ უფრო უკეთესი. "გლადბახის" ადგილი ყველა ლოგიკით სადღაც მესამედან მეექვსე ადგილამდეა.

"ლევერკუზენი": საიდუმლო ფავორიტი?
"ფარმაცევტებმა" კრამერი კი დაკარგეს, მაგრამ ამის გამო დიდად არ წუხან. სამაგიეროდ, შეიძინეს თავდამსხმელი კევინ ფოლანდი (20 მილიონი) და ავსტრიელი მცველი ალეკსანდარ დრაგოვიჩი (15 მილიონი). თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლევერკუზენს" ისეთი გუნდი ჰყავს, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს საუკეთესო ოთხეულში, რეალურად კი, მეორე ადგილზე გასვლა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია.

"დორტმუნდი": შარშანდელზე უკეთესი!
გერმანიის მეორე გუნდმა ამ ზაფხულს იმდენად კარგად ივაჭრა, რომ შეუძლია, პირველობისთვის თამამად იბრძოლოს. დემბელე, მორი, მიკელ მერინო, რაფაელ გერეირო, პლუს მარკ ბარტრა "ბარსელონადან" და სებასტიან როდე "ბაიერნიდან" - "ბორუსიამ" კარგი ტრანსფერები განახორციელა.

დაუმატეთ ამას ისეთი ახალი შენაძენები, როგორებიც არიან ანდრე შიურლე და მარიო გიოტცე და მიხვდებით, რომ მიუხედავად ჰუმელსის, მხითარიანის და გიუნდოგანის დაკარგვისა, "დორტმუნდი" შარშანდელზე უკეთესი გუნდია.

"ბაიერნი": როგორი იქნება ანჩელოტის "ბაიერნი"?
რეკორდმაისტერში მთავარი სიახლე ახალი მწვრთნელია: საინტერესოა, როგორი გუნდი იქნება "ბაიერნი" კარლო ანჩელოტის ხელში. ჰუმელსის გარდა, ბავარიელებმა 19 წლის რენატო სანჩესიც დაიმატეს (35 მილიონად). მიუნხენელებს სრულყოფილი გუნდი ჰყავთ და "ბაიერნის" დამარცხება მხოლოდ "ბაიერნს" თუ შეუძლია. ან, იქნებ უკვე დორტმუნდის "ბორუსიასაც"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნს ვინც ერეოდა ის კი წავიდა ინგლისში და აწი კაი ხანი ამათ ვერავინ გააჩერებს!!!
musenbazi
15:24 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული