ყველაფერს შრომით მივაღწიე!

AutoSharing Option

ივიცა ოლიჩს საოცნებო სეზონი ჰქონდა ერთადერთი რამ, რის გამოც 2009/2010 წლების სეზონს იდეალურს არ უწოდებს, არის ის, რომ ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შესრულებულ ჰეთ-ტრიკს რომ თავი დავანებოთ, ოლიჩისთვის სეზონის მთელი მეორე ნახევარი ისეთი წარმატებული იყო, რომ გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ფეხბურთელი მხოლოდ წელს აღმოაჩინა. იმ დროს, როცა ივიცას თანაკლუბელებს შვებულება გაუხანგრძლივდათ, ხორვატი თავდამსხმელი უკვე დიდი ხანია, ახალი სეზონისთვის ემზადება. 30 წლის მუშა ფორვარდი ხვდება, რომ თუ ისევ თავდაუზოგავად არ იშრომებს, მარიო გომესი და მიროსლავ კლოზე მზად

არიან, „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვან. ოლიჩს „შპორტ აინსის“ კორესპონდენტი გაესაუბრა.

- ჰერ ოლიჩ, წინა სეზონი თქვენთვის არაჩვეულებრივი, გრანდიოზული გამოდგა. გახდით გერმანიის ჩემიონი, მოიგეთ გერმანიის თასი და ითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თანაც, „ბაიერნისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეთ და განსაკუთრებით მეორე წრეში, შეუცვლელი ფიგურა იყავით. იყო თუ არა ეს თქვენი კარიერის საუკეთესო სეზონი?
- რა თქმა უნდა! ამაზე უკეთესი სეზონი მანამდე არასდროს მქონია. თუმცა გასული სეზონი უკვე ისტორიაა და ახლა მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი ვიტრინაში მიდევს და მასზე ყველა ფეხბურთელის ხელმოწერაა.

- ვიტრინაში კიდევ ბევრი ადგილია?
- დიახ, რადგან არც ისე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ. ბურთთან ერთად, ის მედლები მიდევს, რაც გასულ სეზონში გადმომცეს და ასევე ის მედლები, რომლებიც მოსკოვში მოვიპოვე. ასე რომ, შეგროვებას ვაგრძელებ. გასული სეზონი ჩემთვის მართლაც სენსაციური იყო. ყველა ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი აღფრთოვანებულია იმით, რაც „ბაიერნთან“ ერთად შევძელი.

- რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალმა. რა სამწუხაროა, რომ წავაგეთ... „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფანტასტიკური, ენით აუწერელი ატმოსფერო იყო. მერე კი, მიუნხენის „მარიენპლატცზე“ იმდენი ხალხი მოვიდა, ტერასაზე დგომისას, ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ნორმალური მოვლენა. ზემოთ ვთქვი, რომ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. მინდა დავამატო, რომ თავს „ჰამბურგშიც“ ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ „ბაიერნი“ მაინც სულ სხვა განზომილებაა. აქ ხალხი სულ სხვანაირი თვალით მიყურებს.

- თქვენმა წარმატებებმა ბევრი გააოცა...
- საკუთარი წარმატებები მე არასდროს მიკვირს, რადგან ცხოვრებაში ყველაფერს შრომით მივაღწიე. როცა შრომობ, იღწვი და თავს არ ზოგავ, მაშინ მიღწეული შედეგი უკვე აღარ გაკვირვებს. ასეთ დროს, მაქსიმალური შედეგიც კი ჩვეულებრივ მოვლენად გეჩვენება და თითქოს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც გრჩება. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ასე რომ, გახარებული ნამდვილად ვარ, გაკვირვებული კი - არა!

- რა როლი აქვს ლუის ვან გაალს თქვენს წარმატებაში?
- ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი კლუბში, რომელსაც ლუის ვან გაალი წვრთნის. ეს არის სპეციალისტი, რომელიც არასდროს აქცევს ყურადღებას ფეხბურთელის წარმომავლობას ან ფასს, სამაგიეროდ, პირველ ადგილზე აყენებს იმას, თუ როგორ იქცევა მოთამაშე ვარჯიშზე, რამდენად მონდომებული და თავდაუზოგავია ის. გამიმართლა, რადგან მე ძალიან მშრომელი ფეხბურთელი ვარ. არადა, „ბაიერნის“ თავდასხმაში უდიდესი კონკურენციაა...

- ვან გაალმა თქვა, ზაფხულში თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს ნულიდან იწყებს და ყველას აქვს იმის შანსი, რომ თავი მომაწონოს და მერე ძირითად შემადგენლობაში ვათამაშოო...
- ასეც უნდა იყოს. ყოველი სეზონის დაწყების წინ, თითოეულ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოშვება არ შეიძლება. ვან გაალი მაქსიმალისტია და ჩვენც მაქსიმუმს გვთხოვს - მაშინაც კი, როცა ამხანაგური თამაში გვაქვს ხოლმე.

- რა ისწავლეთ ლუისისგან?
- პირადად მე თამაშის სტილი შევცვალე. თავიდან ვან გაალი ძალიან ბევრს მესაუბრებოდა და დიდხანს მიხსნიდა ხოლმე, სად რა დროს უნდა გავიქცე თამაშის დროს. ვან გაალი ტაქტიკური თვალსაზრისით არასდროს ცდება - მთავარია, ჩვენ, ფეხბურთელებმა მისი ყველა დავალება კარგად შევასრულოთ და გუნდი გაიმარჯვებს. მეორე წრეში ამდენი მნიშვნელოვანი გოლი რომ გავიტანე, ეს ვან გაალის დიდი დამსახურებაა. ვფიქრობ, ჩემი თამაშით ლუისიც კმაყოფილი დარჩა.

- კონკრეტულად რა შეიცვალა ივიცა ოლიჩის თამაშის სტილში?
- ჰამბურგშიც ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ იქ ფლანგებზე გაცილებით ხშირად გადავდიოდი ხოლმე. „ბაიერნის“ თავდამსხმელისთვის კი სივრცე უფრო შეზღუდულია. ვან გაალმა ფლანგზე გადასვლა ამიკრძალა და მითხრა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააკეთო, როცა რობენს ან რიბერის პოზიცია დაკარგული აქვთო. ასეა: „ბაიერნში“ ფლანგებს წინა ხაზში რიბერი და რობენი აკონტროლებენ. სამაგიეროდ, ვან გაალი მე საჯარიმოში და მის მისადგომებთან მარბენინებს.

- სხვათა შორის, თქვენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ვან გაალთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ...
- ჰო, რადგან თავიდან კარგად არ გვესმოდა, რას გვთხოვდა ხოლმე ლუისი. საკუთარ თავს მეც ხშირად ვეკითხებოდი, ნეტავ რას მთხოვს ეს კაცი-მეთქი.

- დღეს ყველაფერი გესმით?
- კი, ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა. ვან გაალი გავიცანით, გავიგეთ, რა დროს რა უყვარს და რა არ უყვარს. შესაბამისად, მისი ახლა გაცილებით უკეთ გვესმის და ვხვდებით, რას მოითხოვს ჩვენგან. სწორედ ამიტომ განიცადა „ბაიერნმა“ გასული წლის პირველი წრის შემდეგ დიდი პროგრესი. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ სეზონის მეორე ნახევარი ასე კარგად.

- ექსპერტების აზრით, თქვენ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული გაქვთ...
- არა! ვან გაალმა თქვა, რომ ახალ სეზონს ყველა ფეხბურთელი ნულიდან იწყებს. ასე რომ, წინა სეზონში ნაჩვენებ შედეგებს მნიშვნელობა აღარ აქვს. ცხადია, მე მცირე უპირატესობა მაქვს და კერძოდ იმ მხრივ, რომ მწვრთნელმა უკვე იცის, რა შემიძლია, მაგრამ მეორემხრივ, მოსამზადებელ შეკრებაზე ისევ ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, ვიცი, სათადარიგოთა სკამზე დამსვამს.

- ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვისაუბროთ. თქვენმა თანაკლუბელებმა მუნდიალზე ძალიან კარგად იასპარეზეს. გაგიკვირდათ გერმანიის ნაკრების წარმატებები?
- ბიჭები ძალიან მონდომებულები იყვნენ. მიხარია, რომ გერმანიამ სამხრეთ აფრიკაში ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ გახარებული ვიყავი, როცა გერმანელებმა ჯერ ინგლისი დაამარცხეს, მერე კი არგენტინა.

- თქვენი ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მონაწილეობდა და ეს ინგლისის ნაკრების ბრალი იყო. ალბათ ამიტომაც ქომაგობდით გერმანიას...
- რა თქმა უნდა. არგენტინის ნაკრების საწინააღმდეგო კი ნამდვილად არაფერი მაქვს. უბრალოდ, გერმანიამ ინგლისთან იმდენად კარგად ითამაშა, რომ მერე არგენტინასთანაც ბუნდესგუნდს ვუქომაგე.

- ფეხბურთელები, რომლებმაც მუნდიალზე იასპარეზეს, „ბაიერნს“ გვიან შეუერთდებიან და თქვენც ფიქრობთ, რომ ეს რეკორდმაისტერისთვის პრობლემაა? ან, ხომ არ მიიჩნევთ, რომ თომას მიულერს, ბასტიან შვაინშტაიგერს და სხვებს ბუნდესლიგასა თუ ჩემპიონთა ლიგაში მოტივაციის პრობლემა ექნებათ?
- როდესაც ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრუნდება, ან კარგ ხასიათზეა ხოლმე, ანაც დეპრესიაშია - გააჩნია, როგორ ითამაშა მისმა ნაკრებმა. მაგრამ დამიჯერეთ, დეპრესია მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს ხოლმე. ზუსტად ვიცი, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არ შეექმნებათ. პრობლემატური შეიძლება იყოს ფეხბურთელებიზ ფიზიკური მომზადება, ანუ, ფიტნესი. ფაქტია, რომ ბიჭებს ძალების აღსადგენად ძალიან ცოტა დრო ექნებათ.

- როგორია თქვენი მიზნები მომავალი სეზონისთვის?
- პირველ რიგში მინდა, რომ ჯანმრთელად ვიყო. თუ ტრავმას არ მივიღებ, დარწმუნებული ვარ, ისევ კარგ სეზონს ჩავატარებ. ამასთან, მინდა, რომ ისევ ჰეთ-თრიკისთვის ვიბრძოლოთ.

- „ბაიერნთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაკავშირებთ. შეასრულებთ მას?
- მიუნხენში ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მგონი, ჩემით „ბაიერნიც“ კმაყოფილია. ასე რომ, სხვაგან წასვლაზე არ ვფიქრობ.

ყოველდღიური გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული