პრემიერლიგა. XXI ტური: "მანჩესტერ სიტი" შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ყველა სტადიონზე წუთიერი დუმილით პატივი სცეს გრემ ტეილორის ხსოვნას. ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი 72 წლისა გარდაიცვალა. უოტფორდის სტადიონზე კი, მისი ხსოვნის საპატიცემულოდ, ერთ-ერთ ტრიბუნას კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის სახელი ეწოდა...

ამ უქმეებზე ორი დიდი საფეხბურთო ქალაქის დაპირისპირება იყო - მანჩესტერი ლივერპულის წინააღმდეგ. "გუდისონ პარკზე" "ევერტონმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და შავი დღე აყარა - 4:0. და ეს იმის მიუხედავად, რომ "სიტის" ბურთის ფლობაში კოლოსალური უპირატესობა (71%-29%) ჰქონდა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პეპ გვარდიოლას ფეხბურთი, პრიმერასა და ბუნდესლიგაში რომ გასდიოდა,
პრემიერლიგაში აღარ ჭრის...

კვირას ლივერპულური კლუბი მეორე დაპირისპირებასაც იგებდა მანჩესტერელებთან, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოსწმინდა ქალაქს ნამუსი და უფრო ლოგიკური 1:1 დააფიქსირა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

...თუმცა მოდი, ცოტა ხნით ისევ "გუდისონ პარკზე" დავბრუნდეთ, რადგან სათქმელი კიდევ დაგვრჩა. მაგალითად, ის, რომ ეს იყო "ევერტონის" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ; ან კიდევ ის, რომ "ირისებმა" გაიტანეს ყველა იმ დარტყმის შედეგად, რომელიც მიზნისკენ წავიდა; ან თუნდაც ეს - "სიტიმ" ბოლო 7 მატჩიდან 4-ში პირველივე ზუსტი დარტყმით გაუშვა გოლი; ტომ დევისი და ადემოლა ლუკმენი კი, შესაბამისად, მე-16 და მე-17 თინეიჯერები არიან მათ შორის, ვისაც პრემიერლიგაში "ევერტონის" სახელით გაუტანია...

ცხადია, ეს არ არის ის არგუმენტები, რომლებიც "სიტის" მარცხს გაამართლებს. ამიტომ ჯობია, სიტყვა თავად გვარდიოლას გადავცეთ. საინტერესოა, როგორ ხსნის მწვრთნელი ფიასკოს:

"უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით, მაგრამ საკმარისია, მეტოქეს ერთი შანსი მიეცეს და ეგრევე გააქვს. ეს არის "სიტის" მენტალური პრობლემა და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემის დასაძლევად".

...დიახ, ბევრი უნდა იმუშაონ, ოღონდ, თუ მისცეს ამის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს მარცხი და საჩემპიონო რბოლაში გვარიანი ჩამორჩენა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გვარდიოლას მომავალს "ეტიჰადზე"...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება "ოლდ ტრაფორდის" მატჩს, აქ "ლივერპული" მართლაც ახლოს იყო მეორე პოზიციის შენარჩუნებასთან, მაგრამ ეს საქმე იბრაჰიმოვიჩმა ჩაშალა. 1987/88 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდებს შორის ორივე საჩემპიონატო მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ეტყობოდა მასპინძლის სტატუსი - უფრო მეტსა და სახიფათოდ უტევდა, პირველ ტაიმში სიმონ მინოლეს რამდენიმე რთული "სეივიც" ჰქონდა, რითიც, ალბათ, უფრო მეტ ნდობას მიიღებს იურგენ კლოპისგან...

მაგრამ მინოლესგან განსხვავებით, პოლ პოგბას არასოდეს ექნება ამ თამაშის გახსენების სურვილი - ჯერ ყოვლად უწყინარ სიტუაციაში ხელით ითამაშა და არბიტრ მაიკლ ოლივერს პენალტი დაანიშნინა, ხოლო მერე ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან ამ შეცდომის გამოსასწორებლად...

* * *
ეს ყველაფერი ხდებოდა კვირას, შაბათს კი, წინა ტურში "ტოტენჰემთან" დამარცხების (0:2) შემდეგ, რამაც "ჩელსის" ტრიუმფალურ სვლას დაუსვა წერტილი, ანტონიო კონტეს გუნდი კვლავ გამარჯვების გზაზე შედგა. ამ სეზონში "ლესტერი" რაც არის, ყველა ვხედავთ, მაგრამ ეს "არისტოკრატთა" გამარჯვებას ოდნავადაც არ აკნინებს, პირიქით - გამოჩნდა, რომ როცა არ არის ბომბარდირი (დიეგო კოშტა მატჩს ზურგის ტკივილის გამო ტოვებდა) და ვერც ედენ აზარს ან პედროს გააქვთ, რა პრობლემაა? - გაიტანს მცველი მარკო ალონსო, თანაც - ორს!

აი, ასე! რჩება შთაბეჭდილება, რომ კონტემ ამოუწურავი რესურსის მქონე გუნდი შეკრა. იმ პირობებშიც კი, როცა "ჩელსის" სათადარიგოთა სკამი ვერ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორითაც მისი მდევრები იწონებენ თავს, კონტეს შეუძლია, ასეთ შეზღუდულ პირობებშიც კი, ძირითად შემადგენლობაშივე მიმართოს ისეთ სვლებს, რაც შედეგს მოიტანს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და საკლუბო რეკორდს გაუტოლდნენ. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ჰარი კეინსაც, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამით მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს - გასულ კვირას ხომ ის მამა გახდა...

სხვათა შორის, ეს იყო კეინის მესამე ჰეთ-თრიკი მას მერე, რაც "მამლების" ფორვარდია. ამ მაჩვენებლით ის რობი კინსა და ჯერმეინ დეფოს (ახლა "სანდერლენდის" სახელით რომ გააქვს გოლები) გაუთანაბრდა.

ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა "არსენალმა" და "სუონსის" ახალ მწვრთნელს, პოლ კლემენტს დებიუტი ჩაუმწარა. ანგარიში გახსნა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც ყველა იმ ბოლო 9 მატჩში გაიტანა, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.

თავისი გოლი შეაგდო ალექსის სანჩესმაც, ვინც "არსენალთან" ახალ კონტრაქტს, ალბათ, აღარ გააფორმებს. არსენ ვენგერმა ის მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე შეცვალა, ჩილელმა განაწყენება დემონსტრაციულად გამოხატა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"საუთჰემპტონმა" ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო. "ბარნლის" მაისურით კი ერთადერთი გოლი (საჯარიმო დარტყმით) გაიტანა პრემიერლიგაში დაბრუნებულმა სკანდალისტმა ჯოი ბარტონმა.

"ვესტ ჰემმა" უშანსოდ მოუგო "კრისტალ პალასს", რითიც დაამტკიცა, რომ დიმიტრი პაიეს გარეშეც შეუძლია ფონს გასვლა. "ჩაქუჩების" გოლებიდან აღსანიშნავია ენდი ქეროლის ზღაპრული "მაკრატელა". მატჩის გმირად კი მაიკლ ანტონიო (რომელსაც "ჩელსი" უმიზნებს) უნდა მივიჩნიოთ, ვისი პასებითაც გავიდა სამივე გოლი "არწივების" კარში.

12 სექტემბრის შემდეგ მარკო არნაუტოვიჩმა პირველი გოლები გაიტანა პრემიერლიგაში, რამაც "სტოკს" დიდად შეუწყო ხელი "სანდერლენდთან" საგარეო გამარჯვებაში. სხვათა შორის, მასპინძლებმა მთელი მატჩი შეცვლების გარეშე ითამაშეს, რაც ამ სეზონში მეორე შემთხვევა იყო (პირველად ეს "ჰალმა" გააკეთა პრემიერლიგის სასტარტო ტურში). და ხომ არ ნიშნავდა ეს დევიდ მოიესის კაპიტულაციას?

"ჰალმა" ბოლო 10 მატჩში პირველი თამაში მოიგო, რაც ასევე პირველი გამარჯვება იყო გუნდის მთავარ მწვრთნელად ახლახან დანიშნული მარკო სილვასთვის...

XXI ტური
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 4:0
გოლები: 1:0 კეინი (12), 2:0 მაკოული (26-საკ. კარში), 3:0 კეინი (77), 4:0 კეინი (82)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი (64. ბ. დევისი) - უოლკერი, ვანიამა, დემბელე (83. უინქსი), როუზი - ალი, ერიქსენი - კეინი (90. სონი).
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ოლსონი, ბრენტი (54. მაკკლინი) - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ფილიპსი (90. ფილდი), მორისონი, ჩადლი (62. რობსონ-კანუ) - რონდონი.
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 8-0; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 21-3 (11-0); ბურთის ფლობა: 73%-27%; მაყურებელი: 31 613

ბარნლი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბარტონი (78)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, მერნი (73. ბარტონი), ჰენდრიკი, დეფური (73. ვოუკსი) - ბარნსი, ე. გრეი (87. ტარკოვსკი).
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, იოშიდა, ვან დიიკი, ბერტრანდი - რომეუ, უარდ-პროუსი, ჰოიბერგი - ტადიჩი (68. როდრიგესი), რედმონდი (80. სიმსი), ლონგი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-20 (3-5); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 20 254

ჰალი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 0:1 სტანისლასი (3-პენ), 1:1 ერნანდესი (32), 2:1 ერნანდესი (50), 3:1 მინგსი (62-საკ. კარში)
ჰალი (3-4-1-2): იაკუპოვიჩი - მაგუაირი, მ. დოუსონი, კ. დევისი - დიომანდი, ჰადლსტოუნი, კლუკასი, რობერტსონი - მეისონი (86. ლივერმორი) - ერნანდესი (83. ნესი), სნოდგრასი (76. ევანდრუ).
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, კუკი, მინგსი, დენიელსი - სიურმენი, არტერი - სტანისლასი (69. პაფი), უილშირი, ფრეიზერი (55. ჯ. კინგი) - აფობე (55. უილსონი).
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-8 (3-6); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 17 963

სანდერლენდი-სტოკი 1:3
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (15), 0:2 არნაუტოვიჩი (22), 0:3 კრაუჩი (34), 1:3 დეფო (40)
სანდერლენდი (3-4-3): მანონე - დენაიერი, ოში, ჯილობოჯი - ლავი, ლარსონი, როდუელი, ვან აანჰოლტი - ბორინი, იანუზაი, დეფო.
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი, ადამი (68. აფელაი) - შაქირი (89. ნგოი), ალენი, არნაუტოვიჩი - კრაუჩი.
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14-14 (3-6); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 42 722

სუონსი-არსენალი 0:4
გოლები: 0:1 ჟირუ (37), 0:2 კორკი (54-საკ. კარში), 0:3 ნაფტონი (67-საკ. კარში), 0:4 სანჩესი (73)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი - კი, კორკი (71. მაკბერნი) - ნ. დაიერი (55. ფერი), სიგურდსონი, რუტლიჯი - ფერნანდო ლორენტე (70. ბასტონი).
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - გაბრიელ პაულისტა, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ჯაკა - ივობი, იოზილი (79. პერესი), სანჩესი (79. უელბეკი) - ჟირუ (60. ოქსლეიდ-ჩემბერლენი).
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-14 (3-6); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 20 875

უოტფორდი-მიდლსბრო 0:0
უოტფორდი (3-4-1-2): გომეში (66. პანტილიმონი) - ქაბული, პრიოდლი, ბრიტოსი - კაბასელე, კაპუ, ბეჰრამი (77. ქლევერლი), ჰოლებასი (89. სუნიგა) - დუკური - ოკაკა, დინი.
მიდლსბრო (5-3-2): ვალდესი - ჩემბერსი, ესპინოსა, გიბსონი, ფრენდი, ფაბიო - დე როონი, ლედბიტერი, ფორშოუ - სტუანი (65. გესტედე), ნეგრედო.
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-5 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 20 659

ვესტ ჰემი-კრ. პალასი 3:0
გოლები: 1:0 ფეგული (66), 2:0 ე. ქეროლი (79), 3:0 ლანძინი (86)
ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი - კოლინზი, რიდი, ოგბონა (46. ბირამი) - ანტონიო (89. ე. ფლეტჩერი), ნოუბლი, ობიანგი, კრისუელი - ლანძინი (87. ფერნანდესი), ფეგული - ე. ქეროლი.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ტომკინსი, დანი, დელენი, ჯ. უარდი - მაკარტური (70. ლი), ლედლი (81. შლუპი) - თაუნსენდი (70. რემი), კაბაი, ფენჩენი - კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-10 (3-1); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 56 984

ლესტერი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 ალონსო (6), 0:2 ალონსო (51), 0:3 პედრო (71)
ლესტერი (3-5-2): შმეიხელი - მორგანი, ჰუთი (60. ოკაზაკი), ფუხსი - ოლბრაიტონი (77. სიმპსონი), მენდი, ნდიდი, დრინკუოტერი, ჩილუელი - მუსა (71. დ. გრეი), ვარდი.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - ვილიანი (84. ბაჩუაი), პედრო (84. ლოფტუს-ჩიკი), აზარი (79. ფაბრეგასი).
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-8 (2-3); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 32 066

ევერტონი-მანჩესტერ სიტი 4:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (34), 2:0 მირალასი (47), 3:0 თ. დევისი (79), 4:0 ლუკმენი (90)
ევერტონი (3-4-2-1): რობლესი - ჰოლგეიტი, უილიამსი, მორი - კოულმენი, თ. დევისი, ბერი (74. მაკკარტი), ბეინსი - ბარკლი (90. ლუკმენი), მირალასი (65. შნაიდერლინი) - ლუკაკუ.
სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, ოტამენდი, სტოუნზი, კლიში - საბალეტა (62. იჰეანაჩო), ტურე - სტერლინგი, დავიდ სილვა, დე ბრუინი - აგუერო.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 6-13 (4-5); ბურთის ფლობა: 29%-71%; მაყურებელი: 39 588

მანჩესტერ იუნ-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 მილნერი (27-პენ), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (84)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი (76. ფელაინი) - ერერა, ქერიკი (46. რუნი), პოგბა - მხირთარიანი, მარსიალი (65. მატა), იბრაჰიმოვიჩი.
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი - ვიინალდუმი, ჰენდერსოი, ჩანი - ფირმინო, ლალანა, ორიგი (61. კოუტინიო).
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9-13 (3-4); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 75 276

ბომბარდირები
14 დიეგო კოშტა (ჩელსი)
ალექსის სანჩესი (არსენალი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ)
13 ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
12 ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
11 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
10 დელე ალი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
21 იანვარი:
ლივერპული-სუონსი, ბორნმუთი-უოტფორდი, კრისტალ პალასი-ევერტონი, მიდლსბრო-ვესტ ჰემი, სტოკი-მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი, მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი;

22 იანვარი:
საუთჰემპტონი-ლესტერი, არსენალი-ბარნლი, ჩელსი-ჰალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული