ჰოჯსონი: ჩემზე აღარაფერია

AutoSharing Option

„ლივერპულის“ თავკაცი როი ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გუნდის კაპიტანს სტივენ ჯერარდს მიბაძავს და საჯაროდ განაცხადებს, რომ კლუბის ერთგულია და „ენფილდ როუდიდან“ ფეხსაც არ მოიცვლის. მაგრამ, იმედი იმედია, რეალურად კი მერსისაიდელთა ინგლისელ მწვრთნელს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ტორესისა და მისი გუნდის თავს.
მოგეხსენებათ, ჯერარდი გასულ კვირას ვარჯიშს შეუდგა. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ლივერპულელთა კაპიტანმა ცოტა დაისვენა და მის „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ჭორს წერტილი დაუსვა. გეხსომებათ, ისიც, რომ გასულ კვირას, „ლივერპულმა“ ჯო კოული შეიძინა და ჯერარდი მასთან ერთად

თამაშის იდეამაც მოხიბლა.

„ლელოს“ მკითხველმა იცის, რომ ჰოჯსონი დაახლოებით ერთი კვირის წინ ცოტა ხნით შეხვდა ფერნანდო ტორესს, რომელსაც თავისთან „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და „ბარსელონა“ ეპატიჟებიან, თუმცა მწვრთნელმა აღიარა, რომ ამ შეხვედრის მიუხედავად 26 წლის ფორვარდისას ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს:

„მე ტორესთან დამატებითი მოლაპარაკებები არ მქონია, თუმცა, თუ ჩვენს დირექტორს კრისტიან პერსლოუს დაუკავშირდებით, შესაძლოა მან გითხრათ რაიმე ახალი. არც მე მილაპარაკია პესლოუსთან აგერ უკვე ორი დღეა. ის ესპანეთში იყო დასასვენებლად და, თუ არ ვცდები, შინ ბრუნდება.

დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ პერსლოუს დასვენება მეტწილად ტორესის საქმის მოგვარებისგან შედგებოდა. ის ხვდებოდა თავად ფერნანდოსა და მის წარმომადგენლებს, ასე რომ იმ დეტალებს, რომლებიც პრესას აინტერესებს მხოლოდ კრისტიანი ფლობს“.
და სწორედ ამის შემდეგ თქვა ჰოჯსონმა, ვიმედოვნებ, ტორესი ჯერარდის მაგალითს მიბაძავს და „ლივერპულის“ ერთგულებას ხმამაღლა დაადასტურებსო:

„ამის დიდი იმედი მაქვს. მე კი ჩემი მხრივ ყველაფერი ნათლად ვთქვი: ფერნანდო ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად მიმაჩნია და მოუთმენლად ველი მასთან თანამშრომლობას. ძალიან მინდა ის ჩემს მიერ „ენფილდზე“ აწყობილი გუნდის საკვანძო ფიგურა იყოს. ვიმედოვნებ, ტორესი დაყაბულდება იმ პირობებს, რომელთაც „ლივერპული“ სთავაზობს. ჩემზე მეტი აღარაფერია დამოკიდებული. თუ მას „ლივერპულთან“ რაღაც ისეთი პრობლემა აქვს, რომელსაც ფესვები ჩემს მოსვლამდე, ძველ პერიოდში აქვს გადგმული, ვერაფერს გავაწყობ. მის წასვლას თუ დარჩენას ჩემთან მეტი კავშირი აღარ აქვს და ეს თავად მითხრა როგორც პირადი შეხვედრისას, ასევე ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში, როდესაც სამხრეთ აფრიკაში დავურეკე და ველაპარაკე“.

ამასობაში კი, ინგლისური წყაროები ამბობენ, რომ მადრიდის „რეალის“ ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის კლუბს ჯერარდის გადასაბირებლად კიდევ ერთი შეტევის წამოწყება და „ლივერპულისთვის“ 30 მილიონი ფუნტის (35,8 მილიონი ევრო) გადახდა სთხოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იფ იიფ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული