ახალი წესი ანუ უსაქმური მილიონერები

AutoSharing Option
როტაციის პრინციპი გასაგებია, გულშემატკივარი მას უკვე მიეჩვია, მაგრამ ის, რასაც პრემიერლიგის ახალი წესი მოიტანს, სულ სხვაა და ერთ ძალიან უცნაურ თუ სულელურ რაღაცას მოიტანს - ახალ სეზონში პრემიერლიგაში ვნახავთ ფეხბურთელებს, რომლებიც ყოველ კვირას 40-50 ათას ფუნტს მიიღებენ, მაგრამ სათადარიგოთა სკამს ვინ ჩივის, თამაშების დროს ტრიბუნაზე ისხდებიან. მიზეზი გაინტერესებთ? წესია: გუნდში 25 ფეხბურთელი უნდა იყოს.

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა" ჰარი რედნაპმა, მაგალითად, უკვე დაასახელა მოთამაშე, რომელიც 25 კაცში არაფრად სჭირდება - ჯონათან ვუდგეიტი. არადა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვუდგეიტი სულ რაღაც ორი წლის შემდეგ
ჯერ კიდევ ათამაშეს ინგლისის ნაკრებში. ასეთივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან სხვა ინგლისური კლუბებიც. კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდშემოსავლიანი პენსიონერის მდგომარეობაში აღმოჩნდება ოუენ ჰარგრივზი, ხოლო "ფულჰემში" ფეხბურთელი, რომელშიც ლონდონელებმა სარეკორდო თანხა, 10,5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს - ენდი ჯონსონი. ჯონსონს, ისევე, როგორც ჰარგრივზს ტრავმებმა დარია ხელი და იანვრამდე მისი თამაში გამორიცხულია - აბა, რომელი გუნდი ჩართავს შეზღუდულ სიაში მოთამაშეს სანამ ის ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება და ფორმასაც არ აღიდგენს?

"მანჩესტერ სიტის", მოგეხსენებათ, ფული თავზე საყრელად აქვს. ისტლენდერებს უკვე 33 ფეხბურთელი ჰყავთ და არ ცხრებიან, ბაზარზე კიდევ აქტიურობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ზედმეტი ხალხი დროულად ვერ გაყიდეს, თავისი "უსაქმო მოჯამაგირეებისთვის" ტრიბუნაზე ერთი სექტორის დაქირავება მოუწევს ანაც ამ ხალხს უნდა უთხრას სტადიონზე საერთოდ ნუ მოხვალთ, ფეხბურთის დღეებში სადაც გინდათ იქ იარეთო. მერედა, "სიტიში" ტრიბუნაზე შესაძლოა ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, როგორებიც არიან პარაგვაელი როკე სანტა კრუზი და უელსელი კრეიგ ბელამი. ორშაბათ საღამოს პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ბრძანებდა:

"რა უნდა ვუქნათ მორალურ მხარეს? რა დღეში ჩავარდებიან ბიჭები, რომელთაც გამოვუცხადებთ, რომ თამაშის დღეებში ისინი არათუ შემადგენლობაში ვერ მოხვდებიან, არამედ ბუცების მორგების შანსიც კი არ ექნებათ"?

თუმცა, საკითხის მორალურ თუ სხვა მხარეებთან დაკავშირებით კითხვები რომ არ გაჩნდეს, მოდი, ჯერ ზუსტად ჩამოვაყალიბოთ წესი, რომლის გამოც ამ წერილში ვლაპარაკობთ: "1 სექტემბრის საღამოს 5 საათის შემდეგ პრემიერლიგის კლუბებს ძირითადი გუნდის სიაში უნდა ჰყავდეთ მაქსიმუმ 25 ფეხბურთელი. მათგან რვა უნდა იყოს ადგილობრივი".

რატომ 1 სექტემბერს? იმიტომ, რომ ამ დღეს სატრანსფერო ბაზარი იხურება. და ადგილობრივი რაღას ნიშნავს? ფეხბურთელს, რომელმაც 21 წლამდე ინგლისის ან უელსის პროფესიულ კლუბში სამი წელიწადი მაინც ივარჯიშა.

საინტერესო ის არის, რომ ამ სისტემას ხელი, შარშან, სექტემბერში, პრემიერლიგის უკლებლივ ყველა კლუბის თავმჯდომარემ მოაწერა, მაგრამ მწვრთნელებმა მაშინ მათი მონაყოლი, როგორც ჩანს ცალ ყურში შეუშვას და მეორედან გამოუშვეს, ახლა კი მიხვდნენ, რომ ახალ წესს უარყოფითი მხარეებიც აქვს. რედნაპი თავად იგონებს, რომ იყო დრო, როდესაც ვუდგეიტზე თვით სერ ბობი რობსონი ამბობდა, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მცველიაო.

"მაგრამ, მე ვუდგეიტს ჩემს 25 ფეხბურთელში ვერ შევიყვან - ამბობს "სფურზის" თავკაცი - როგორ შეიძლება გუნდში იყოლიო კაცი, რომელსაც ვერასდროს ათამაშებ. ვუდგეიტი, ხომ ფიზიკურად მზად ვერ იქნება. ახლა ივლისია და ზაფხულის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ დროში ამ ფეხბურთელმა ისე მოუმატოს, რომ აზრი შემაცვლევინოს".

ასე, რომ დიდი შანსია, ვუდგეიტს პრემიერლიგაში ბოლო თამაში უკვე ჩატარებული აქვს. გასულ სეზონში "პორტსმუთს" 33 ფეხბურთელი ჰყავდა, დანარჩენი გუნდების უმრავლესობას კი 27, რომელთაგან, ხშირ შემთხვევაში 12 ინგლისელი გახლდათ, ხოლო შვიდი 21 წელზე უმცროსი. ახალი წესი, მცირე გუნდებს, ახალგაზრდების შენარჩუნების შანსს უზრდის. როგორ? თუკი დიდ კლუბებს მათთვის ახალგაზრდის წართმევა მოუნდებათ, თავიანთი 15 კაციანი სიიდან ვინმეს გარიცხვა მოუწევთ, ამას კი, სავარაუდოდ, მოერიდებიან.

აი, რაც შეეხება სახელფასო ამბავს, აქ, რასაკვირველია, პრობლემაა. იმ ფეხბურთელთაგან, რომელთაც ტრიბუნებისკენ მიუთითებენ, ბევრს, რასაკვირველია დიდი ხელფასი და კონტრაქტის თანახმად კიდევ წლები აქვს დარჩენილი. ბუნებრივია, ჯამაგირზე ისინი უარს თავიანთი ნებით არ იტყვიან, ხოლო გყავდეს ისინი და არაფრერში გამოიყენო, კლუბისთვის არის სისულელე. გამოდის, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ფეხბურთელებს სადმე გააქირავებენ (ქირის აღება მაინც შერჩეთ), ოღონდ ხელფასს ისევ გამქირავებელი კლუბი გადაუხდით.

თუმცა, რედნაპი ცდილობს მაინც იმედიანად იყოს: "ვფიქრობ, ახალი წესის წყალობით სცენაზე ძლიერი თაობა გამოვა. ბევრ ახალგაზრდას მართლაც კარგი მონაცემები აქვს, თორემ, თეორიულად შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ 25 კაცში ვიღაც ნაკლებად ნიჭიერი ახალგაზრდების შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ წესის გამო მოგიხდეს".

ასეთ დრს, რასაკვირველია, აჯობებს სულ არ ჩამოწერო 25 კაცი - წესში ლაპარაკია "არა უმეტეს 25 ფეხბურთელზე". რაც შეეხება კითხვას, იქნებიან კი ახალი სისტემის წყალობით დაწინაურებული ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაინც და მაინც ინგლისელები, ასე ვუპასუხებთ: რასაკვირველია, არა. ზემოთაც მოგახსენეთ, რომ ლაპარაკია - ნებისმიერი ეროვნების - ფეხბურთელზე, რომელიც სანამ 21 წლისა გახდებოდა სამი წელიწადი ინგლისურ ან უელსურ კლუბში ივარჯიშა.

ანუ, შესაძლოა, რომელიმე ინგლისურ კლუბს მოეწონა, ვთქვათ, ქართველი ახალგაზრდა, წაიყვანა და თავისთვის გაზარდა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქართველი ახალგაზრდა მომავალში ინგლისის ნაკრებში ითამაშებს. თუმცა, რასაკვირველია, ახალი კანონის დახმარებით, მეტწილად, მაინც ინგლისელი ფეხბურთელები გაიზრდებიან და პრემიერლიგაში მოღვაწე ბევრი ადამიანის რწმენით, თანდათანობით ისინი უცხოელი ვარსკვლავების შემცირებულ რაოდენობას ჩაანაცვლებენ.

ახლა, მოდი ის შემთხვევა განვიხილოთ, როდესაც 25 კაციდან რომელიმე ფეხბურთელი დაშავდება. ასეთ დროს პრემიერლიგელებს შეუძლიათ თავიანთი 21 წლამდელთა გუნდიდან (სადაც არანაირი შეზღუდვა არ აქვთ) დიდ გუნდში ვინც უნდათ ის გადაიყვანონ. განსაკუთრებული წესია მეკარეებზე. თუ სამი მთავარი მეკარიდან ორი დაშავდება, კლუბს შეუძლია ახლები იყიდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული