29 წლის მოთამაშემ პრემიერლიგაში კარგად რომ ითამაშა იქიდანაც ჩანს, რომ მას ყურადღება ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომაც მიაქცია და
სკოტ პარკერმა კარიერა "ჩარლტონ ატლეტიკში" დაიწყო, საიდანაც შემდეგ "ნიუკასლ იუნაიტედში" მოხვდა, ხოლო "ნიუკასლიდან", სამი წლის წინ, 7 მილიონ ფუნტად "ვესტ ჰემმა" იყიდა. იმხანად ლონდონელების კლუბს ისლანდიელები ეგეტ მაგნუსონი და ბიორგოლფურ გუდმუნდსონი ფლობდნენ და ფულსაც ხელგაშლილად ახარჯავდნენ. ფეხბურთელებს, მათ რიცხვში, ბუნებრივია პარკერსაც გვარიანი ხელფასები ჰქონდათ და ფეხბურთელის თავდადებაც უსაზღვრო იყო. ნახევარმცველით "ვესტ ჰემის" ფანებიც აღფრთოვანებულები გახლდნენ - ის მათ "წლის ჩაქუჩადაც" კი დაასახელეს. ეს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს გუნდის ახალ მწვრთნელს ავრამ გრანტსაც, რომელმაც "ვესტ ჰემი" ჯანფრანკო ძოლასგან გასული სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა.
"ჩვენ მუშაობა კარგ მოთამაშეებთან უნდა გავაგრძელოთ - თქვა გრანტმა - გუნდში გამოცდილი, მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ფაქტია, სკოტ პარკერი ერთ-ერთი მათგანია".
ზოგადად, სალივანისა და მისი ბიზნეს პარტნიორის დევიდ გოლდის გეგმა ხარჯის, მათ რიცხვში ხელფასების შემცირება გახლდათ. ამ ორმა ბიზნესმენმა "ვესტ ჰემი" იანვარში თავისი ვალიანად იყიდეს - ლონდონელთა ვალი 100 მილიონ ფუნტს აღემატება - და მკაცრი რეფორმების გატარება განიზრახეს, რასაც, ალბათ, გააკეთებენ კიდეც, თუმცა, როგორც ხედავთ, საკვანძო ფიგურებისთვის მათ ფული არ ენანებათ.
სხვათა შორის, ამ ზაფხულს "ვესტ ჰემმა" სცადა "აპტონ პარკზე" ჯო კოული და ტიერი ანრი ჩაეყვანა - ფაქტია, გოლდისა და სალივანის მხრიდან ეს ფრიად თამამი ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ, თამამი თამამად და წარუმატებელიც გამოდგა. ასევე თამამი გახლდათ ბოლო დროს ნაქები "ნიცას" თავდამსხმელის ლოიკ რემის გადაბირების სურვილიც. "ვესტ ჰემმა" ფრანგულ კლუბს 11 მილიონი ფუნტი (13,12 მილიონი ევრო) შესთავაზა, მაგრამ ფრანგებმა თანხის ორი მესამედის წინასწარ გადახდა სთხოვეს და მოლაპარაკებებსაც აქ დაესვა წერტილი. იყო კიდევ ერთი ვარიანტი: ნორვეგიულ "ვალერენგაში" თამაშობს ფორვარდი მოჰამედ აბდელაიე. ის 24 წლისაა და მხოლოდ და მხოლოდ 2,4 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ლონდონელებმა ვერც აქ ივარგეს - "ვალერენგა" უკვე გარიგებია ბუნდესლიგის კლუბ "ჰოფენჰაიმს".
ახლა კი იმ ფეხბურთელების შესახებ, ვინ ავრამ გრანტმა უკვე იყიდა. ისენი არიან "ასტონ ვილას" ყოფილი ნახევარმცველი, გერმანელი თომას ჰიტცლშპერგერი, "ლიონისგან" ნაყიდი ფრანგი ფრედერიკ პიკიონი, რომელიც, გასულ სეზონში "პორტსმუთში" იყო გაქირავებული და იქაც გრანტის ხელმძღვანელობით თამაშობდა და მქსიკური "პუმასის" გარემარბი პაბლო ბარერა.