ვენგერის ახალი ყმაწვილები

AutoSharing Option
"არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს სწამს, რომ ჯეკ უილშერს ევროპის 2012 წლის ჩემპიონტაზე ინგლისის ნაკრებს შემადგენლობაში ბრწყინვალედ გამოსვლა შეუძლია. "სელტიკთან", "ემირეიტის თასზე" (ლონდონელებმა მოიგეს 3:2) ამ ყმაწვილკაცისა და მისი თანატოლი განელის ემანუელ ფრიმპონგის თამაშმა "მეთოფეთა" მწვრთნელზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის დარწმუნებულია - ამ ზაფხულს ახალი ნახევარმცველების ყიდვა საჭირო აღარ არის. უილშერიცა და ფრიმპონგიც 18 წლისანი არიან.

ვენგერმა თქვა: "ვფიქრობ, ორივეს დიდი მომავალი ელის. ორივე ბრძოლის ჟინით არის აღსავსე, თავში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი უტრიალებთ და მზად არიან დღესვე ჩაერთონ "არსენალის" ძირითად
შემადგენლობაში ნებისმიერი ტიტულისთვის საბრძოლველად. საერთოდ, 18 წლის ახალგაზრდას ყველაფერი წინ აქვს და თავის შანსს მოთმინებით უნდა ელოდებოდეს, მაგრამ უილშერს რომ ვაკვირდები ვატყობ, გასულ სეზონთან შედარებით ძალიან აქვს მომატებული. იმ რამდენიმე თვემ, რომელიც მან წინა სეზონში "ბოლტონში" გაატარა (გაქირავებული იყო) ძალიან ბევრი შესძინა. 2012 წელს კი ის 20 წლისა იქნება. ხომ გახსოვთ თეო უოლკოტის ამბავი? 2017 წელს მას პრემიერლიგაში ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წაიყვანეს. ის იმხანად 17 წლისა იყო, მაგრამ ამას უოლკოტისთვის კარიერა არ მოუკლავს. უმაღლეს დონეზე რომ ითამაშო ასეთ გამოწვევებს არ უნდა შეუშინდე".

უილშერი ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრების მომავალზე ლაპარაკისას ადრევე მოიხსენია, ასე რომ მის შესახებ ხალხმა ასე თუ ისე იცოდა. აი, განელი ფრიმპონგი რომ ასე საიმედო ნახევარმცველი იყო, ვენგერის ამ ინტერვიუმდე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისთვის ნაკლებად გახლდათ ცნობილი. და, რომ იცოდეთ, წარმოშობის მიუხედავად, ფეხბურთელი, რომელსაც "არსენალის" თავკაცი უკვე ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსად მიიჩნევს, ინგლისის ნაკრებს უმიზნებს - მან უკვე მოსინჯა ძალა ინგლისის 16 წლამდელთა და 18 წლამდელთა ნაკრებებში.

ვენგერი: "თქვენს წინაშეა ბიჭი, რომელმაც ინგლისისა და განის ნაკრებთა შორის უნდა აირჩიოს. მე რომ ინგლისელი ვიყო დიდხანს აღარ გავაჯანჯლებდი, რაც შეიძლება მალე გამოვიძახებდი დიდ ნაკრებში და დავაფიქსირებდი, რომ იქ ნათამაშები აქვს".
გლაზგოელების წინააღმდეგ არ უთამაშიათ ალექს სონგს, დენილსონს, აბუ დიაბისა და აარონ რემსის, მაგრამ უილშერისა და ფრიმპონგის ხსენებული წყვილის წყალობით "არსენალს" ნახევარდაცვაში არაფერი დაკლებია.

ისევ ვენგერი: "თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ორ ყმაწვილს ჩამშლელი ნახევარმცველობა შეეძლოთ. ვფიქრობდით, ბაზარზე გავსულიყავით და მოედნის შუაში გამოსადეგი ფეხბურთელი გვეყიდა, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ეს აღარ გვჭირდება".
თუმცა ფრანგმა მწვრთნელმა აღიარა, რომ "მეთოფეებს" ცენტრალური მცველების პრობლემა აქვთ. მართლაც, ამ ზაფხულს ჩრდილო ლონდონელებს დაემშვიდობნენ უილიამ გალასი, ფილიპ სენდეროსი, სოლ კემპბელი და მიკაელ სილვესტრი. მაშ, ვინღა დარჩა? იოან დჯურუ, რომელმაც გასულ სეზონში მუხლის ტრავმის გამო პრემიერლიგაში სულ 28 წუთი ითამაშა, ფრანგული "ლორიანიდან" ახალნაყიდი ლორან კოსიელნი და შემორჩენილ ცენტრალურ მცველთა შორის ყველაზე ცნობილი ტომას ვერმალენი.

"არსენალის" კიდევ ერთი პრობლემაა მეკარე. შაბათს, იმავ "ემირეიტის თასზე", "მილანთან" 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში ლონდონელთა კარს ლუკაშ ფაბიანსკი იცავდა, "სელტიკთან" კი ძელებს შორის მანუელ ალმუნია ჩადგა.
საბოლოოდ კი შეჯიბრებაში, რომელშიც "არსენალის", "მილანისა" და "სელტიკის" გარდა "ლიონიც" მონაწილეობდა, "მეთოფეებმა" გაიმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული