ყმაწვილი, რომელშიც ინგლისურმა კლუბმა 7 მილიონი ფუნტი (11,07 მილიონი დოლარი) გადაიხადა ქუჩაში თავისუფლად ვერ გადის, ხალხი ეხვევა. წინა ხუთშაბათს, როდესაც "ნაიკის"
ხოლო ინგლისელებისთვის ხავიერ ერნანდესი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთაგანია, რომელმაც თავისი ოსტატობა ახლა უკვე მათ ქვეყანაში უნდა დაამტკიცოს. ამიტომაც გააგზავნა გაზეთმა "სანმა" თავისი კორესპონდენტი მექსიკაში, სადაც მას 22 წლის თავდამსხმელის შესახებ ყველაფერი უნდა შეეტყო და... პირველი, რაც ჟურნალისტს თვალში მოხვდა აი, ეს გახლდათ: ცხოვრების წესით ჩიჩარიტო ძალიან განსხვავდება მისი თანატოლი პრემიერლიგელებისგან. ამ ზაფხულს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მექსიკელი მონაწილე არასდროს ეხვევა სკანდალებში, არ ეტანება ღამის ცხოვრებას, არავის უნახავს გამთენიისას როგორ გამოდის მთვრალი ამა თუ იმ კლუბიდან - ის მორწმუნე კათოლიკეა და შესაბამისადაც იქცევა. ერნანდესი კარგა ხანია ხანია ერთგულად ცხოვრობს მეგობარ გოგონასთან ლეტისია საჰაგუნთან. ხოლო ის, რომ ტრადიციული საფეხბურთო ოჯახის შვილია, უკვე ყველამ კარგად ვიცით.
და მაინც, გავიმეოროთ: პაპამისი, 79 წლის ტომას ბალკასარი და მამა - ხავიერ ერნანდეს გუტიერესი, ხავიერ უმცროსისა არ იყოს, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი გახლავან. ისინიც მექსიკის ნაკრების ფეხბურთელები იყვნენ. პაპა ამბობს:
"დედამიწის ზურგზე არ მეგულება თავის საქმეში ჩემს შვილიშვილზე მეტად შეყვარებული ადამიანი. დიეტასაც კი მკაცრად იცავს, ყველაფერს როდი ჭამს. ალკოჰოლზე ლაპარაკიც ზედმეტია - წვეთსაც არ სვამს. დასაძინებლადაც ყოველთვის ადრე წვება. რეჟიმს ვერაფერი დაარღვევინებს".
ალბათ, რა სასიამოვნო მოსასმენია ტომას ბალკასარის ეს სიტყვები "მანჩესტერ იუნაიტედის" დისციპლინის მოყვარული მწვრთნელისთვის - სერ ალექს ფერგიუსონს რეჟიმი ხომ განსაკუთრებულ რანგში აქვს აყვანილი.
ექტორ ლოპეს სატარიანი კი სპორტული მარკეტინგის მექსიკელი კონსულტანტი გახლავთ. ის დარწმუნებულია, რომ ჩიჩარიტო მის ქვეყანაში ახალი კერპი და აღფრთოვანების ობიექტი გახდება.
"ჩვენთან ფეხბურთი ელიტას და მდიდარ ხალხსაც უყვარს. ისინი თამაშებს უყურებენ, მაგრამ ხედავენ, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძნელია. ერნანდესი კი მოკრძალებული ახალგაზრდაა, რომელსაც რაზეც გინდა დაელაპარაკები. ფეხბურთი მისი ერთადერთი თემა სულაც არ არის. მერედა, ვერასდროს გაიგებ, რომ ხავიერმა რაღაც პრობლემა გამოიწვია. ის არასდროს ქეიფობს, მშვიდი და გონიერი ადამიანია".
და თუ მაინცდამაინც რუნის უნდა შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მექსიკელს ინგლისელთან შედარებით თვალსაჩინო უპირატესობა აქვს - მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა.
"ლელოს" მკითხველს ადრე ისიც ვუთხარით თუ რატომ ჰქვია ხავიერ ერნანდესს მეტსახელად ჩიჩარიტო - ეს მამამისის მწვანე თვალებიდან მოდის. თავად მექსიკელები ამბობენ, რომ მწვანე თვალები მათ ერში იშვიათობაა. ჰოდა, მამა თუ ბარდა იყო, შვილი პატარა ბარდა გამოვიდა - ძალიან მარტივად არის ყველაფერი.
ფეხბურთის თამაში "პატარა ბარდამ" "კლუბ დეპორტივო გვადალახარაში" დაიწყო. ამ კლუბს სამშობლოში "ჩივასს" ანუ თხებს ეძახიან. თავიდან "აუტჩიკი" იყო, მერე ბავშვთა ლიგაში ათამაშეს, შემდეგ ყმაწვილებში გადავიდა, ბოლოს კი დიდი გუნდის ფეხბურთელიც გახდა. უცნაური რა არის იცით? თავიდან მამამისი ვერ ხვდებოდა, რომ მის ვაჟს ფეხბურთელის ნიჭი ჰქონდა, ეჭვის თვალით უყურებდა. "დიდი ბარდა" ამას არ მალავს:
"არასდროს მეგონა, რომ ის პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა. მეეჭვებოდა, ამას თუ შეძლებდა. ოჯახში ვერასდროს ვიფიქრებდით, ის ოდესმე პირველი დივიზიონის ფეხბურთს თუ გაართმევდა თავს, მაგრამ ბავშვი თანდათანობით დაიხვეწა და თხუთმეტი წლის რომ გახდა ჩვენს წინაშე სულ სხვანაირი წარსდგა. მაშინ გადაწყვიტა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოსულიყო. ჩვენ ერთადერთი, რაც ვიცოდით ეს იყო: მისთვის ხელი უნდა შეგვეწყო. ყველაფერი ხავიერზე გახლდათ დამოკიდებული".
კაცმა რომ თქვას, ორიოდ წლის წინ ჩიჩარიტომ კინაღამ დაანება ფეხბურთს თავი - ასეთი დღეებიც იდგა მის ცხოვრებაში.
ისევ მამა, ხავიერ ერნანდესი: "დიახ, იყო მონეტი, როდესაც მას თავადაც შეეპარა ეჭვი რომ დიდი ფეხბურთის თამაშს შეძლებდა. ოჯახის წევრებმა ავუხსენით, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო და მოთმინება მართებდა, მაგრამ სწორედ ახალგაზრდობა უშლიდა ხელს. უნდოდა ყველაფრისთვის ერთბაშად მიეღწია. დაჩემებული ჰქონდა, თუ ფეხბურთში ვერ ვივარგებ სხვა გზას ვეწევიო, ჩვენ კი მშვიდად ყოფნას და შრომას ვურჩევდით. თუმცა, ისიც იყო: მისთვის საფეთქელთან იარაღი არავის მიუტანია და არავის დაუძალებია გინდა თუ არა ფეხბურთელი უნდა გამოხვიდეო. მოკლედ, ხავიერს ჰქონდა ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც თქვა, სწავლას უნდა მივხედოო და ფეხბურთს ცოტათი უგანა".
საბოლოოდ, ოჯახის მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო: გასულ სეზონში ჩიჩარიტომ "ჩივასის" შემადგენლობაში 12 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა - თხების ფანებისთვის ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა. სხვათაშორის, პაპა ტომას ბალკასარი დარწმუნებულია, რომ "ჩივასში" მის შვილიშვილზე პოპულარულ მექსიკელ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. ოთახში, რომელიც ოჯახის წევრების მოპოვებული ჯილდოებით არის გადავსებული, ტომასი სიამაყით ყვება: "14 თვეში მან ყველა ჩარჩო გაარღვია. აქ, ასეთი პოპულარობისთვის არასდროს არავის მიუღწევია".
ზემოთ ვახსენეთ, რომ ხავიერ ერნანდესს ინტერესების ფართო წრე აქვს. ამაში დარწმუნება იოლია: ახალგაზრდა კაცმა ბურთაობის პარალელურად მოახერხა კარგად დაუფლებოდა ინგლისურს და ბიზნესის სასწავლებელიც დაემთავრებინა. და გნებავთ, უცნაური რამ გითხრათ? მიუხედავად იმისა, რომ ხავიერი საფეხბურთო დინასტიის მესამე თაობაა, ოჯახი მაინცდამაინც მდიდარი არ არის... ტომასი ღარიბულ უბანში იზრდებოდა და კარიერაც 1950-იან წლებში ჰქონდა, როდესაც "ჩივასი" თავს იმკვიდრებდა მექსიკურ ფეხბურთში.
ნაკრებში მისთვის ყველაზე გამორჩეული წელიწადი 1954 გახლდათ. ამ წელიწადს ტომას ბალკასარმა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის ნაკრებს გოლიც გაუტანა. დღეს, როდესაც იმ გოლიდან 56 წლის შემდეგ საფრანგეთს მისმა შვილიშვილმაც შეუგდო, პაპა საოცარი სიამაყოთ ივსება და ასე ამბობს: "მე მეორე გოლი გავიტანე, მაგრამ მაინც წავაგეთ, 3:2. ჩემმა შვილიშვილმა კი გაიტანა და 2:0 მოვიგეთ".
რაც შეეხება მამას, მან კარიერა სხვა მექსიკურ კლუბებში გაატარა, "ჩივასს" კი მოგვიანებით წვრთნიდა. ნაკრების შემადგენლობაში მან 1986 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
დღეს კი ვარსკვლავი ჩიჩარიტოა: როდესაც გასულ კვირაში, გვადალახარაში მან უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ითამაშა, ამ ამბის სანახავად სტადიონს 7 ათასი გულშემატკივარი მიაწყდა. ახალგაზრდა ქალების აქტიურობას ხომ საზღვარი არ ჰქონდა.
მანჩესტერში ხავიერი მშობლებთან და დასთან, ანა-რიტასთან ერთად აპირებს ცხოვრებას. სამ თვეში ერთხელ შვილიშვილს 79 წლის ტომასიც ჩააკითხავს. რატომ? იმიტომ, რომ პაპა დარწმუნებულია: ჩიჩარიტო პრემიერლიგისთვის მზად არის. "ნაიკის" მაღაზიის თავზე აღმართულ ბილბორდს კი სხვა სიტყვებიც აწერია: მიდიხარ გმირად, დაბრუნდები ლეგენდად!