რობინსონს ბრაუნიც მიჰყვა

AutoSharing Option
ინგლისელთა მზადება უნგრელებთან ამხანაგური მატჩისთვის უეს ბრაუნის სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის ამბავმა დაამძიმა. ბრაუნმა მეკარე პოლ რობინსონის კვალდაკვალ გამოაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში გამოსვლას თავს ანებებს. მოგეხსენებათ, ფაბიო კაპელომ ოთხშაბათის შეხვედრაში მონაწილეობისთვის თავიდან ორივე ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ "ბლექბერნის" მეკარემ ყველასთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მესამე-მეოთხე კაცად ყოფნა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მისი საქმე არ არის და უჯობს კარიერის დარჩენილი ნაწილი საკლუბო ფეხბურთში გაატაროს.

რაც შეეხება 30 წლის მანჩესტერელს, ის ნაკრების ბაზაზე ჩავიდა, იტალიელ მწვრთნელს პირადად შეხვდა და იქ უთხრა, რომ მასაც მხოლოდ "იუნაიტედის"
გამოსვლაზე უჯობს ყურადღების გამახვილება. ეს ამბავი ოფიციალურად ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა:
"ვადასტურებთ, რომ ვეს ბრაუნმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, - წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში, - ის ინგლისის ეროვნული გუნდის შეკრებაზე პირადად ჩამოვიდა, მწვრთნელს შეხვდა და მას უთხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ".
კაცმა რომ თქვას, მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს ნაკრებში მუდმივი ადგილი არასდროს ჰქონია დაბევებული.

მან ინგლისის პირველი გუნდის მაისურა მთელი კარიერის განმავლობაში სულ ოცდაორჯერ მოირგო. ბოლოს ბრაუნმა ინგლისელთა შემადგენლობაში 2010 წლის მარტში ეგვიპტესთან ითამაშა. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს, იქ მანჩესტერელი კაპელომ არ წაიყვანა.

"გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან ბევრი ვიფიქრე და მძიმე გულით მივედი დასკვნამდე, რომ სჯობს სანაკრებო ფეხბურთს გამოვემშვიდობო, - თქვა ბრაუნმა, - 30 წლის ასაკში გვარდზე გადგომა სწორი გადაწყვეტილება მგონია.. ამიერიდან შემეძლება მხოლოდ საკლუბო კარიერაზე ვიფიქრო. მე კარიერის განმავლობაში წილად მხვდა ბედნიერება ჩემი სამშობლოს ღირსება 15 წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული ყველა დონის გუნდში დამეცვა. ამიერიდან ინგლისის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ და ყოველივე კარგს ვუსურვებ".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული