დიდი და ცუდი მანჩესტერელები

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" თავმჯდომარემ რენდი ლერნერმა "მანჩესტერ სიტისაც" გაჰკრა კბილი და ისიც თქვა, რომ მარტინ ო'ნილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მის დროებით შემცვლელ კევინ მაკდონალდს შესაძლოა მუდმივი კონტრაქტი შესთავაზოს. მოდი, დავიწყოთ "სიტით", რომელიც უკვე რა ხანია ბირმინგემელთა ნახევარმცველს ჯეიმს მილნერს დასდევს გადასაბირებლად. ლერნერი ამბობს, რომ ისტლენდერები "თამაშის წესებს" არღვევენ. მათ გასაგებად უთხრეს, რომ მილნერი არ იყიდება, ისინი კი ჰაფბეკს არ ეშვებიან.

"დიდი, ცუდი "მანჩესტერ სიტი" ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ჯეიმს მილნერის ყიდვა უნდა, რაზეც ჩვენ არა ვუთხარით. წესით, როდესაც არას გეუბნებიან,
უნდა ადგე და წახვიდე, მაგრამ "სიტიმ" ეს წესი მხოლოდ ორი დღით დაიცვა. გავიდა ორი დღე და ისტლენდელებმა ისევ მოგვიკაკუნეს კარზე".

მილნერმა, მოგეხსენებათ, "ვილას" შემადგენლობაში, პრემიერლიგის პირველ ტურში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ითამაშა. ეს შეხვედრა ბირმინგემელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა და მესამე გოლი სწორედ `სიტის~ მიერ მიზანში ამოღებულმა ფეხბურთელმა შეაგდო. ლერნერმა განაგრძო:

"ჩვენ არ ვართ ის კლუბი, რომელიც თავის ფეხბურთელებს ჰყიდის. ასეთი კლუბები აგენტების დახმარებით თუ სხვა ხერხებით სხვებს ატყობინებენ, რომ მათ ამისა და ამის გაყიდვა სურთ. ჩვენ ასეთი რამ არც გარეთ ბერისთან დაკავშირებით გაგვიკეთებია და არც მილნერთან დაკავშირებით ვაკეთებთ. რაც შეეხება ეშლი იანგს მის წასვლაზე ხომ არასდროს არ ყოფილა ლაპარაკი".

შემდეგ კი ლერნერმა ო'ნილის წასვლის შემდეგ დარჩენილ ვაკანსიაზე ჩამოაგდო სიტყვა:

"ამქვეყნად არიან მწვრთნელები, რომელთაც შოუ და წამოდგენა სჭირდებათ. ისინი თავად არიან ვარსკვლავები და ყურადღების ცენტრში ექცევიან, მაგრამ მათ გარდა არსებობენ კევინის ნაირებიც. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და საკმარისია ერთი "კი" წამოცდეს, რომ კონტრაქტი ჯიბეში ედება, მაგრამ რამდენად წამოუდგენია თავი "ვილას" მწვრთნელად, ნამდვილად გვაინტერესებს. ის ძალიან კარგი კაცია, ფეხბურთელებსაც უყვართ, ფანებსაც და ჟურნალისტებსაც. ერთი სიტყვით, ვნახავთ, როგორ შეეგუება დიდ თანამდებობას და იმის მიხედვით გადავწყვეტთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული