ნისლიანი ალბიონი აფეთქების მოლოდინში

AutoSharing Option
პოპულარულმა ბრიტანულმა მაუწყებელმა "მეოთხე არხმა" ორშაბათს საღამოს მაყურებელს სკანდალური საგამოძიებო გადაცემა შესთავაზა.

ჟურნალისტებმა საფეხბურთო ასოციაციას ძველი საქმეები ამოუქექეს. აღმოჩნდა, რომ ეს ორგანიზაცია ინგლისში მოთამაშე ათობით ფეხბურთელს, მათ შორის პრემიერლიგელებს, აფარებდა ხელს, როცა არ აქვეყნებდა მათი ტესტების დადებით შედეგებს კოკაინზე, ექსტაზისა და კანაბისზე.

სატელევიზიო პროგრამის ავტორებმა რამდენიმე ათეული შემთხვევა დაასახელეს, როცა მსგავსი საქმეები იჩქმალებოდა. ყველას ვინაობა ჟურნალისტებსაც არ დაუსახელებიათ, მაგრამ რამდენიმე სახელი და გვარი კი გაჟღერდა. მაგალითად "ბირმინგემის" ყოფილი და ამჟამად "ჰიბერნიანის" ფეხბურთელი გარი ო'კონორი.

2009 წლის ოქტომბერში, როცა ფეხბურთელის დოპინგტესტმა
დადებითი შედეგი აჩვენა, მას დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ხმამაღლა არავის უთქვამს, რასაც შიდა დოკუმენტებში იმით ასაბუთებდნენ, რომ საჭირო იყო ფეხბურთელის რეაბილიტაციისთვის ხელი შეეწყოთ.

კლუბმა საზოგადოებას ო'კონორის "ტრავმის" შესახებ აცნობა, იანვარში კი ის "ბარნსლიში" იჯარით გაუშვა. ამ უკანასკნელის გენერალური მენეჯერი დენ როულინგი აღშფოთებულია ბირმინგემელი კოლეგების საქციელით, რადგან მისი თქმით, სიმართლე რომ სცოდნოდა, ო'კონორთან კონტრაქტს არასოდეს გააფორმებდა.

მათ შორის, ვინც ნარკოტიკების მიღებაში ამხილეს, "ფულჰემის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, განელი ელვის ჰემონდიც იყო. მასზე ფეხბურთის სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებდნენ. ფეხბურთელის სისხლში კოკაინი 2003 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს და 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მას შემდეგ პერსპექტიული ნახევარმცველის კარიერა თავდაღმა დაეშვა. ამჟამად 31 წლის განელი სამხრეთი კონფერენციის კლუბ "ვოკინგის" ღირსებას იცავს. სიაში აღმოჩნდნენ ასევე "ქრიუს" ყოფილი ნახევარმცველი ლოიდ მაგოუენი, ვინც 2004 და 2005 წლებში სამჯერ ჩავარდა დოპინგტესტზე, ასევე "როჩდეილის" ყოფილი ფორვარდი ლი ტორპი.

ამას გარდა 2007/10 წლებში აღმოჩნდა 240 საქმე, როცა ტესტი იმ უბრალო მიზეზის გამო არ ჩატარდა, რომ ფეხბურთელები არ გამოცხადნენ, რაც წესების თანახმად ასევე დისკვალიფიკაციის საფუძველია (თუკი ფეხბურთელი სამჯერ უარს იტყვის უარს ტესტის გავლაზე. რედ).

ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ფეხბურთელების მიმართ არაადეკვატურად მსუბუქი სანქციების დაკისრების ფაქტებიც. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 2006 წლის ინგლისის თასის ფინალის შემდეგ ტესტზე ჩავარდნილი ვესტჰემელი შონ ნიუტონი. ფედერაციამ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრს 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, მაშინ, როცა წესების თანახმად უშუალოდ მატჩის დღეს ჩავარდნილი ტესტისთვის ფეხბურთელს მინიმუმ 2-წლიანი იძულებითი პაუზა ეკითვნის.

ჟურნალისტების ინფორმაციით, საფეხბურთო ასოციაციას სულ 43 დოპინგტესტის საქმე აქვს გასაიდუმლოებული. ყველას სახელი იურიდიული მოსაზრებებით ვერ გაამხილეს, თუმცა როცა ლაპარაკია "ევერტონის", "ნოტინგემ ფორესტისა" და "ტრანმერ როვერსის" ფეხბურთელებზე, სკანდალი რომ ძალიან ხმამაღალი იქნება, ალბათ ორი აზრი არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული