ფანტაზიები თემაზე

AutoSharing Option
სტატია "ჩელსის" ფანკლუბმა მკითხველს საკუთარ ვებგვერდზე შესთავაზა. თუმცა ამას სტატია ნაკლებად შეიძლება ეწოდოს, უფრო ბლოგია, სადაც მეტი ემოცია და მეტი ფანტაზიაა. მაშ ასე...

"სინათლის არენა" იყო, წინ "ოცნებათა თეატრია" - "ჩელსი" პირველ დავალებას გაუმკლავდა, კერკეტი კაკალი "სანდერლენდი" დამაჯერებლად დაამარცხა, მაგრამ ეს ვერაფრით მოვა ახლოს იმასთან, რაც მოქმედმა ჩემპიონმა არანაკლებ კერკეტ "ბოლტონს" დღე დააწია - 5 გოლი და კიდევ ბევრი გაფუჭებული მომენტი. გრანდებზე დაკვირვებამ რამდენიმე ფიქრი აღგვიძრა მათი მომავალი დაპირისპირების შესახებ.

ლონდონური გუნდი უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე წინა თამაშებში, რაც აშკარად
შემადგენლობაში მოხვედრილი ახალი ფეხბურთელების დამსახურებაა.

მეირელეში, მატა და სტარიჯი - ისინი მეტოქის კარზე იყვნენ დაგეშილები. სწორედ მათ "გააკეთეს" თამაში. ჯერ სტარიჯმა გაუკეთა პასი ჯონ ტერის, შემდეგ კი უკვე თავად გამოხმაურა მეირელეშის გადაცემას. ამასთან, არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მეირელეშმა დაცვაში საუკეთესო ვერ ითამაშა.

აშკარაა, რომ მას არ ეხალისება მეტოქის დევნა, ბრძოლა, საჭიროების შემთხვევაში კი ფეხებში ვარდნა. თუმცა მას პოზიციის არჩევის უნარი და სისწრაფე არ დაეწუნება.

ამიტომაც მოსდის მას შეცდომები, რომელთაც ის წესების დარღვევით ასწორებს, მათ შორის ისეთებით, ყვითელ ბარათს რომ იმსახურებს. დასკვნა: უმრავლეს გუნდებში მეირელეშს შეუძლია საყრდენად თამაში, მაგრამ ჩემპიონობის მაძიებელში - არა. დაცვის ის განლაგება, რასაც "ჩელსის" მწვრთნელი გუნდში ამკვიდრებს, თავის თავში შეიცავს სწრაფი კონტრშეტევების გაპარვის საფრთხეს.

ეს არის ზუსტად ის, რაც "სანდერლენდის" გოლის შემთხვევაში მოხდა. და პრემიერლიგის რომელი კლუბი გადადის ყველაზე სწრაფად კონტრშეტევებზე? დასკვნა: "ჩელსი" ტაქტიკის შეცვლის გარეშე საკმაოდ დიდ რისკზე მიდის, რომ "მანჩესტერისგან" გოლების წვიმა მიიღოს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, გუნდში დროგბას, ტორესის, ანელკას, ლუკაკუს, კალუსა და სტარიჯის ყოფნის პირობებშიც კი "ჩელსი" "მანჩესტერთან" შეხვედრას საიმედო ცენტრფორვარდის გარეშე ხვდება.

დიდიე ვერ ითამაშებს, ლუკაკუს ძნელად თუ განიხილავ "მანჩესტერთან" ძირითად შემადგენლობაში, ანელკას ძალიან უყვარს უკან დახევა, ტორესი ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ კრიზისშია და ვგონებ, იქიდან გამოსვლა არც უნდა. სიმართლე ითქვას, არც მწვრთნელები იკლავენ თავს დახმარებით. ნაკრებში ის სათადარიგოთა შორისაც ვერ მოხვდა, "ჩელსიში" კი შეცვლაზე მაშინ შევიდა, როცა მოედანზე აღარც მატა იყო აღარც სტარიჯი.

და "მანჩესტერ იუნაიტედი"? "მანიუმ" ყველა გააოცა - სასტარტო ტურებში "ჩელსის" შედეგიანობის შარშანდელი რეკორდი გააუმჯობესა. რუნიმ ორჯერ შეასრულა ჰეთთრიკი და მარტომ გაიტანა იმაზე მეტი, ვიდრე ყველა "არისტოკრატმა" ერთად. მაგრად ყველაზე მეტად გვაოცებს არა შედეგიანობა, არამედ "ალისფერი ეშმაკების" მიერ შესრულებული ჰოლანდიურის მსგავსი საფეხბურთო ტოტალურობა. ყოველი ფეხბურთელი მინდვრის ორივე მხარეს მუშაობს.

ასე შეიძლება მოჰკრა თვალი ერნანდესს საყრდენის პოზიციაზე, ანდერსონს ცენტრფორვარდის ადგილას, ფილ ჯონსს კი გამთამაშებლის მაგივრად. გუნდი პრაქტიკულად არაა მიჯაჭვული არც ერთ საფეხბურთო სქემას. ენერგია და აღმაფრენა კი გუნდს შემოქმედებით ფეხბურთში უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ნებისმიერი ცბიერი ტაქტიკა. დასკვნა: დღეს "მანჩესტერთან" გახსნილი თამაში სიკვდილის ტოლფასია. ნებისმიერი "არსენალის" ბედს გაიზიარებს.

როგორ უნდა დაამარცხოს "მანიუ"? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით დაიწყება ანდრე ვილაშ ბოაშისთვის ტოპკლუბის მთავარი მწვრთნელის კარიერა. "განსაკუთრებული კაცი 2" მშვენიერ ტაქტიკოსად მიაჩნიათ. მის ნიჭს სწორედ ეს თამაში გამოცდის.

ბლოგის ავტორის უფლებებით ვისარგებლებ და ჩემს ვარიანტებს შემოგთავაზებთ:

1. მაქსიმალურად შემცირდეს სივრცეები დაცვასა და ნახევარდაცვას შორის. სწორედ ამ მონაკვეთში ავითარებს "მანიუ" თავის კონტრშეტევებს. ამისთვის საჭიროა კარგ ფორმაში მყოფი ორი სწრაფი საყრდენი ნახევარმცველი. ერთი ასეთი გუნდს ჰყავს - რამირესი. და რა ვქნათ, როცა ესიენი ტრავმირებულია? ამ სქემაში მეორე საყრდენი დავიდ ლუიზი ხდება.

2. გუნდს შეუძლია ითამაშოს ერთი თავდამსხმელით და კონცენტრაცია კონტრშეტევებზე გააკეთოს. ეს ერთი სტარიჯი უნდა იყოს. ტორესი სკამზეც კი ვერ ხვდება.

3. კონტრშეტევებზე თამაში დაცვაში კარგად მოთამაშე ორ განაპირა ნახევარმცველს მოითხოვს. მარცხნივ ეს იქნება მალუდა, მარჯვნივ... ბოსინგვა. პორტუგალიელი კარგია შეტევებში, დაცვაში სისუსტე კი ამ პოზიციაზე ისეთი საშიში არ არის, როგორც მისთვის ტრადიციულ მარჯვენა მცველზე.

4. ამ დროს გუნდი ბურთის დაჭერაზე არ იფიქრებს, ამიტომ უმჯობესი იქნება, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე უპირატესობა სისწრაფეს მიენიჭოს, "თავისუფალი მხატვრის" როლი კი (დაცვაში ჩამოსვლის პირობით) მატას ჩავაბაროთ.

შედეგი: საშინელი, მშიშარა, წარმოუდგენელი სქემა ლემპარდის გარეშე და 6 მცველით. ჩეხი - კოული, ტერი, ალექსი, ივანოვიჩი, რამირესი, ლუიზი, მალუდა, ბოსინგვა, მატა, სტარიჯი.
აი, ასე ნამდვილად არ იქნება.

ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ანდრე ვილაშ ბოაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული