ვენგერს ესმის

AutoSharing Option
არსენ ვენგერს "შრიუსბერისთან" გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე მრავალ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.

ეს ბუნებრივიც არის, რადგან "მეთოფეებმა" უკანასკნელი 58 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი აიღეს ჩემპიონატში და კანტიკუნტად, მაგრამ უკვე გამოჩნდნენ ისეთი გულშემატკივრებიც, ვინც ვენგერის გუნდიდან გაშვებას ითხოვს. ისინი გაოცებულები არიან ბოლოდროინდელი საკადრო პოლიტიკით.

მაგალითად პირდაღებულნი დარჩნენ, როცა კლუბმა ყველასთვის უცნობ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენში ლიგა ერთში დაქვეითებულ "საუთჰემპტონს" 12 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ამ "ავანტიურის" ავტორი კი, ბუნებრივია, სწორედ ვენგერია.

სამაგიეროდ ის უარს ამბობს წამყვან ფეხბურთელებთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტების გაფორმებაზე, რის გამოც ბევრ
მათგანს თვალი წასვლაზე უჭირავს. მათ საპასუხოდ ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, რომ ლონდონში დარჩენას კიდევ დიდხანს გეგმავს.

"მე მესმის გულშემატკივართა უკმაყოფილების საფუძველი, მაგრამ ისიც მშვენივრად ვიცი, რომ ხალხი ხანდახან ყოველგვარ საზღვარს გადადის. მე კრიტიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეტიც, არასოდეს მითქვამს, რომ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს.

თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, მირჩევნია ქება ვისმინო. უკვე 14 წელია, "არსენალის" მთავარი მწვრთნელი ვარ და არასოდეს ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ დარჩენილა. იმედი მაქვს ეს კიდევ 14 წელიწადს გაგრძელდება. ის, რომ "შრიუსბერისთან" რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგალითად კოკელენმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, ხაზს უსვამს, რომ გუნდს დიდებული პერსპექტივა აქვს".

ვენგერის მომავალზე კომენტარი გააკეთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა. მისი თქმით, "არსენალის" მთავარი მეწილე სტენ კროენკე ფრანგი მწვრთნელის მიერ გუნდში გატარებულ პოლიტიკას ბოლომდე ენდობა.

"მისტერ სტენ კროენკე ბოლომდე ერთგული დარჩება კლუბში ვენგერისა და მის მიერ დანერგილის სტრატეგიისა. სატრანსფერო საქმეებში ის თავად აქტიურად მონაწილეობდა. მის მხარდაჭერას კი კლუბში ყველა გრძნობს, მით უმეტეს მუსიე არსენი," - აცხადებს სამხრეთაფრიკელი ფუნქციონერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული