არც ერთი სიტყვა მომავალზე

AutoSharing Option
"არსენალის" მიერ უფერულად სეზონის დაწყებაზე იმდენი დაიწერა, რომ გულშემატკივარს შეიძლება მობეზრდა კიდევ ათასჯერ დაღეჭილი თემის ათასმეერთედ წაკითხვა, მაგრამ დღევანდელობის გარდა "მეთოფეებს" სამომავლო პერსპექტივაც ხომ აქვთ? რობინ ვან პერსიმ ჟურნალისტებთან სწორედ ამაზე ილაპარაკა.

"მტკიცე რწმენა მაქვს იმ საქმისა, რასაც კლუბში ვაკეთებთ. გამარჯვებასა და წაგებას შორის ძალიან მცირე ზღვარია, გაიხსენეთ ჩვენი ბოლო მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. ამ თამაშის მოგება ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე რომ გვეთამაშა.

სწორედ ამიტომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. დიახ, ცუდი სტარტი გამოგვივიდა, დერბიში რომ გაგვემარჯვა სულ სხვაგვარ განწყობაზე
ვიქნებოდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და ამ წუთას ცუდი შეგრძნებები გვაქვს. გარწმუნებთ, ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც სხვებს ჰგონიათ," - განაცხადა ჰოლანდიელმა.

რაც შეეხება მის მომავალს "არსენალში" - ჰოლანდიელმა განაცხადა: "არ ვაპირებ ჩემს მომავალზე განცხადებების კეთებას, მაგრამ ეს მხოლოდ უახლოეს კვირებს ეხება. "არსენალში" რვა წელიწადი გავატარე, რაც ჩვენს დროში რაღაც ექსტრაორდინარულს ჰგავს, რითიც ძალიან ვამაყობ. რას მომიტანს მომავალი? არავინ იცის. მესმის, რატომაც აინტერესებს ხალხს ეს, მაგრამ შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ "არსენალს" დასტრიალებს თავს".

"მეთოფეთა" ხელმძღვანელები სწორედ მომავალზე ფიქრობენ, როცა წამყვან ფეხბურთელებს რობინ ვან პერსის, თეო უოლკოტსა და ტომას ვერმაელენს კონტრაქტების გახანგრძლივებას სთავაზობენ.

აღნიშნულ ინფორმაციას თჰე Eხპრესს ავრცელებს. სამივე ვარსკვლავთან ხელშეკრულებები 2013 წელს იწურება. ხელმძღვანელობა კი შიშობს, რომ შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ისინი "ემირეიტსზე" დარჩენაზე უარს იტყვიან. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ პან პერსის ყველაზე მსუყე წინადადება შესთავზეს: 4-წლიანი ხელშეკრულება, კვირაში 90 ათასი ფუნტის ანაზღაურებით.

აქვე გაგაცნობთ "არსენალთან" დაკავშირებულ კიდევ ერთ ინფორმაციას: მეთოფეთა რუსი მეწილე, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი კლუბში თავისი წილის 29-დან 30%-მდე გაზრდას გეგმავს. "დეილი მეილის" ცნობით, ოლიგარქმა კლუბის აქციათა მცირე წილის მფლობელებს თითო აქციაში 14,5 ათასი ფუნტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეთა" ყველაზე მსხვილი აქციონერი ამერიკელი სტენ კრონკეა, ვინც კლუბის 66,64%-ს აკონტროლებს. ეს უკანასკნელი სპორტულ სამყაროში აღიარებული პერსონაა, რადგან პრემიერლიგური გრანდის გარდა ფლობს MLშ -ის "კოლორადო რეპიდსს", ამერიკული ფეხბურთის კლუბ "სენტ ლუის რამს", NHL -ის "კოლორადო ეველანშსა" და NBA-ის "დენვერ ნაგეტსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული