ნანი: მე "სიტის" დავანარცხებ!

AutoSharing Option
24 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი, ნანი აცხადებს, რომ კვირას, მანჩესტერულ დერბიში ხმაურიან მეზობელს, „მანჩესტერ სიტის“ გასრესს და თან დაამტკიცებს, რომ თვითონ „მანჩესტერ იუნაიტედის“ იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც დიდ თამაშებს იგებენ.

ნანის ისტლენდელებთან თამაში მართლაც ძალიან კარგად გამოსდის. ბოლო სამ დერბიში პორტუგალიელმა „სიტის“ სამჯერ გაუტანა. როგორც ჩანს, მეზობლებთან ბრძოლაში ის „იუნაიტედის“ გადამწყვეტ ფაქტორად ჩამოყალიბდა.

„დიდ შეხვედრებში ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს. დერბისთვის განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე. ასეთ მატჩებში ყველა ჩვეთაგანს სურს მონაწილეობა, განსაკუთრებით კი, მე. დიდ მატჩებში ფსიქოლოგიური პრობლემა არ მაქვს. პირიქით, ყოველთვის საბრძოლოდ
ვარ განწყობილი. ზეწოლა, რომელსაც ასეთ თამაშებში ფეხბურთელები განიცდიან, მე მსიამოვნებს. რაც შეეხება „სიტისთენ“
შეხვედრებს, ისინი ყოველ წელიწადს უფრო და უფრო რთული ხდება, რაც ძალიან მახარებს და ძალას მმატებს.

ჩვეულებრივ, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობთ. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდება. იმედი მაქვს აგრეთვე, რომ ამჯერადაც შევიტან წვლილს მორიგ გამარჯვებაში. მე ეს შემიძლია. მანჩესტერული დერბისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდი. ვფიქრობ, მწვრთნელი მათამაშებს, რადგან იცის, რომ დიდ მატჩებში თავის გამოჩენა მეხერხება“.

ნანიმ „იუნაიტედს“ გასულ სეზონში „ოლდ ტრეფორდზეც“ გაუტანა, თუმცა ის თამაში მეხსიერებას უფრო უეინ რუნის არნახული სილამაზის მაკრატელა დარტყმით შემორჩა - „იუნაიტედმა“ 2:1 მოიგო. ნანი ამბობს:

„შარშან მეც ძალიან კარგი გოლი გავიტანე, მაგრამ რუნისა უკეთესი იყო. ახლაც ვგრძნობ, რომ გოლის გატანა შემიძლია. მე კიდევ გავუტან „მანჩესტერ სიტის“.

აგვისტოში, ისტლენდელთა კარში პორტუგალიელმა კიდევ ორი გოლი შეაგდო. ეს „ქომუნითი შილდზე“ მოხდა - 3:2, ასე იძია „იუნაიტედმა“ შური აპრილში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში წაგებისთვის. თუმცა, ნანიმ კარგად იცის, რომ „მანჩესტერ სიტი“ წლეულს შარშანდელზე ძლიერი გუნდია და მას და მის თანაგუნდელებს გაცილებით დიდი ბრძოლა მოუწევთ.

„ისინი შესანიშნავად თამაშობენ. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, კარგი ფეხბურთელები. რასაკვირველია, მათი დამარცხება სხვა გუნდების დამარცხებაზე უფრო ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ შინ ვთამაშობთ და ეს დიდი უპირატესობაა. „ოლდ ტრეფორდზე“ ჩვენ ხომ შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვს. განსაკუთრებით, დიდ თამაშებზე ვახერხებთ მობილიზაცის.

გასულ სეზონში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში რომ დავმარცხდით? ჩვენს გუნდში ეს აღარავის ახსოვს, მითუფრო, რომ მერე „ქომუნითი შილდზე“ მოვუგეთ. გაცილებით მნიშვნელოვანია დაიმახსოვრო მოგებული მატჩი, ვიდრე წაგებული“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დანიელი მეკარე, 27 წლის ანდერს ლინდეგაარდიBკი ამბობს, რომ ჯერ ძალიან ადრე საიმისოდ, რომ კვირის თამაშს ჩემპიონობის ბედის განმსაზღვრელი ვუწოდოთ.

„ოთხი ტურის წინ რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ ჩემპიონის ვინაობა მანჩესტერული გუნდების დავაში უნდა გადაწყდეს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თამაში „ჩელსიმ“ ისე ჩაატარა, რომ ასე ვეღარ ვიტყვი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ამ სეზონში ჩემპიონის ტიტული ძნელი მოსაპოვებელი იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული